GEM Fest-ის მონაწილე პოლიციელებს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს - რას ყვება გოგონა AMBEBI.GE-სთან

GEM Fest-ის მონაწილე პოლიციელებს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს - რას ყვება გოგონა AMBEBI.GE-სთან

ელექტრონული მუსიკის ფესტივალ GEM Fest-თან დაკავშირებით, გასული წლის ზაფხულიდან კრიტიკა არ წყდება. ჯერ იყო და ფესტივალის მიმდინარეობის დროს, 4 აგვისტოს, ანაკლიაში 22 წლის ნათია თავართქილაძის გარდაცვალებამ უდიდესი რეზონანსი გამოიწვია საზოგადოებაში.

გოგონას ნარკოტიკული ინტოქსიკაცია ჰქონდა და ექიმები მის გადარჩენას 8 საათი ცდილობდნენ, თუმცა ამაოდ. 4 აგვისტოს GEM FEST-ის კიდევ რამდენიმე მონაწილე გადაიყვანეს საავადმყოფოში და ექიმების ინფორმაციით, პაციენტებს დაუზუსტებელი სუბსტანციით მოწამვლის ნიშნები აღენიშნებოდათ. საზოგადოება აღნიშნულის გამოძიებას მოითხოვდა და ფესტივალის ორგანიზატორებს უყურადღებობაში ადანაშაულებდა.

GEM FEST-ის დასრულებიდან მალევე, ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ფარგლებში შესაძლო ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიებაც დაიწყო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ახლა კი, ფესტივალის დასრულებიდან ნახევარი წლის შემდეგ, GEM FEST-ზე დამსწრეები ახალ სკანდალურ დეტალებზე საუბრობენ, რომლებიც ფესტივალის ტერიტორიაზე პოლიციის მხრიდან სექსუალური შევიწროვების ფაქტებს ეხება.

AMBEBI.GE-ს ფესტივალზე მყოფმა გოგონამ ანონიმურად უამბო მისი და მისი რამდენიმე მეგობრის ისტორია, რომლებიც ირწმუნებიან, რომ პოლიციელები, ვინც ე.წ კარვების ქალაქის ტერიტორიის უსაფრთხოების დაცვაზე იყვნენ პასუხისმგებლები, გოგონებს ინტიმურ ურთიერთობას სთავაზობდნენ, უარის შემდეგ კი გააფრთხილეს, რომ ფაქტის შესახებ არსად მოეყოლათ.

"თავიდან მზერით დაიწყო. შემდეგ საუბარი სცადეს, თბილი და სტუმართმოყვარე დიალოგით ცდილობდნენ დაახლოებას, მოდიოდნენ და ურთიერთობაში შემოსვლას სხვადასხვა ხერხებით ცდილობდნენ... გოგონებს "კარვების ქალაქიდან" ფესტივალის მხარეს გადაყვანას ხშირად სთავაზობდნენ, ამას კი მეგობრული მზრუნველობით ხსნიდნენ. მეორე მხარეს გადაყვანის შემდეგ კი იწყებდნენ ხელების ფათურს, ფსიქოლოგიურ ზეწოლას, მაგრამ ამას მაშინ ახორციელებდნენ, როდესაც კოლეგებთან ერთად არ იყვნენ და მარტო მოგვიხელთებდნენ“ - აცხადებს ერთ-ერთი გოგონა, რომლის თქმით, მსგავსი მოპყრობის მსხვერპლი თავადაც გახდა.

AMBEBI.GE-ს რესპონდენტის მტკიცებით, პოლიციელმა მას სექსუალური ურთიერთობაც შესთავაზა.

"ბულვარში ვიმყოფებოდი, როდესაც პოლიციელი მოვიდა და ერთი საათით კარავში შესვლა შემომთავაზა, მე ეს სექსუალურ შევიწროებად აღვიქვი და პოლიციელების თავშეყრის ადგილას გადავწყვიტე მისვლა. მინდოდა აღნიშნული პირის შესახებ მისი კოლეგებისთვის მეთქვა. იქ მყოფმა პოლიციელებმა გვითხრეს, რომ საკითხს მოაგვარებდნენ, თუმცა არ უნდა გახმაურებულიყო. ჩვენი მონაცემები ჩაიწერეს და დაგვპირდნენ, რომ სიახლის შემთხვევაში დაგვიკავშირდებოდნენ.

რეალურად, ყველაფერი სხვაგვარად მოხდა - ამ ამბის შემდეგ დაიწყო მობილურ ტელეფონზე ზარები და მოკლე ტექსტური შეტყობინებები იმ პოლიციელებისგან, ვინც ჩვენ დახმარებას დაგვპირდნენ. შეტყობინებები იყო ასეთი შინაარსის: "საღამოს ყავაზე ხომ არ გავსულიყავით"; "ამ საღამოს რას აკეთებ, ხინკალზე დაგპატიჟებ" და ა.შ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ფესტივალი დაგეგმილზე ადრე დამეტოვებინა, რადგან თავს დაცულად აღარ ვგრძნობდი" - იხსენებს გოგონა.

შესაძლო სექსუალური შევიწროვების მსხვერპლის მონათხრობის გადასამოწმებლად, AMBEBI.GE ფესტივალ GEM Fest-ის ორგანიზატორს, გიორგი სიგუას დაუკავშირდა. როგორც სიგუა აცხადებს, მას მსგავსი ფაქტების შესახებ პირველად ესმის.

"ფესტივალის შიგნით უსაფრთხოებას კრიმინალური პოლიცია, კართან კი დაცვის პოლიცია იცავდა. ეს საკითხი რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა, მაგრამ მე მაინც ტყუილი მგონია, პოლიციელებს ასეთი რამ ეკადრათ" - აღნიშნა მან.

GEM Fest-ის ორგანიზატორი ასევე განმარტავს, რომ ფესტივალზე უსაფრთხოების პრობლემა არ ყოფილა და სექსუალური შევიწროების ფაქტებთან დაკავშირებით, ის შსს-ს კომენტარს დაელოდება.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციას აღნიშნულთან დაკავშირებით, უწყებაში განმარტავენ, რომ პოლიციელების მხრიდან სექსუალური შევიწროვების საკითხზე უწყება ინფორმაციას არ ფლობს.

"ჩვენთან ასეთი სახის განცხადება შემოსული არ არის და თუ ამგვარი ფაქტები დაფიქსირდა დაზარალებულებს შეუძლით გენერალურ ინსპექციას მიმართონ" - განმარტა შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა.

რა რეაგირება მოჰყვება აღნიშნულ ფაქტებს, როგორც ფესტივალის ორგანიზატორების, ისე შს სამინისტროს მხრიდან, ჯერჯერობით უცნობია. AMBEBI.GE ეცდება, საკითხთან დაკავშირებით ახალი დეტალების მოძიებას.

ავტორები: მარიამ მენაბდიშვილი, სოფია მეფარიშვილი

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ