სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დღეს დილიდან, ამ წუთის ჩათვლით გუდაურს არც შეფერხებით მიწოდებია ელექტროენერგია, არც ავარიული გათიშვა დაფიქსირებულა ქსელში და არც რაიმე პარამეტრის ცვლილება მომხდარა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ენერგო - პრო ჯორჯიას” გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ განუცხადა.
მისი თქმით, მოხდა უსწრაფესად გამოკვლევა და ამ დროისთვის შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული სამწუხარო ფაქტი ელექტრომომარაგების გამო არ მომხდარა.
“სრულად მოვიკვლიეთ ჩვენს ქსელში არსებული პარამეტრები. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ დილიდან ამ წუთის ჩათვლით, გუდაურს არც შეფერხებით მიწოდებია ელექტროენერგია, არც ავარიული გათიშვა დაფიქსირებულა ქსელში და არც რაიმე პარამეტრის ცვლილება მომხდარა. შესაბამისად, გამორიცხულია ვერსია, თითქოს ელექტრომომარაგების გამო მოხდა ეს სამწუხარო ფაქტი”, - განაცხადა მიხეილ ბოცვაძემ.
ბოლო ინფორმაციით, გუდაურში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 11-ს შეადგენს.
ამ ეტაპზე გუდაურის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრში არც ერთი პაციენტი აღარ იმყოფება, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად 7 ადამიანი გადაყვანილია თბილისში, ხოლო ერთი პაციენტი გაამგზავრეს ვერტმფრენით.
„რაც შეეხება სამ პაციენტს, ჩვენ დავაზუსტეთ ინფორმაცია და დადგინდა, რომ ეს სამი პაციენტი, რომლებმაც თვითდინებით მოგვმართეს, შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდნენ. თუმცა ამჟამად ისინიც გაწერილები არიან“, - აღნიშნა თალაკვაძემ.