ვინ იყო 23 წლის ქართველი ბიჭი, რომელიც პოლონეთში ავარიას ემსხვერპლა: "გიორგის არ დასცალდა, თორემ საამაყო იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის..."

ვინ იყო 23 წლის ქართველი ბიჭი, რომელიც პოლონეთში ავარიას ემსხვერპლა: "გიორგის არ დასცალდა, თორემ საამაყო იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის..."

16 მარტს, პოლონეთში, ქალაქების ოპოჩნოსა და კონსკიეს დამაკავშირებელ გზაზე ავტოკატასტროფა მოხდა, რომელსაც ორი ქართველი ემსხვერპლა. ავარიის შედეგად დაშავდა საქართველოს ხუთი მოქალაქე.

წინასწარი ინფორმაციით, "ოპელის" მარკის ავტომობილი, რომელშიც საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფებოდა, გზაზე მოცურდა და საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავ ავტობუსს დაეჯახა. საქართველოს ორი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა. ხუთ დაშავებულს ადგილზე აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება და გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში. აღნიშნულთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება პოლონეთის სამართალდამცავი უწყებების მიერ.


ავარიის დროს ერთ-ერთი დაღუპული 23 წლის თბილისელი ახალგაზრდა, გიორგი გზირიშვილი იყო, მეორე კი ამავე ასაკის მცხეთელი ბიჭი. როგორც გიორგი გზირიშვილის დედამ ნანა ბირთველიშვილმა AMBEBI.GE-ს უამბო, მისი ვაჟი პოლონეთში დასაქმების პროგრამით, კერამიკის ქარხანაში სამუშაოდ იყო წასული:

"ისეთი კარგი სახელი დაიმსახურა იქ და ისეთი თავგამოდებით მუშაობდა... დილის 8 საათზე რომ უნდა გასულიყვნენ სახლიდან, 6-ზე უკვე ფეხზე იდგა, ბიჭებს არიგებდა თურმე, ბიჭებო კარგად ვიმუშაოთო, რომ ქართველებზე ცუდი წარმოდგენა არ ჰქონდეთ და ჩვენ ვინ ვართ მიხვდნენო... სულ რაღაც თვენახევარი მუშაობდა და მთელი უფროსობის სიყვარული დაიმსახურა. კარგი ბინა მისცეს, საუკეთესო პირობებით... სულ რჩეული ბიჭები იყვნენ შეგროვილნი. სკაიპში რომ დამირეკავდა, დედა ისეთი ნარჩევი, მოწესრიგებული და მშრომელი ბიჭები ვართ აქ შეკრებილი, გაგიჟებული არიან ეს პოლონელები, ქართველები სხვის ძარცვაში არიან აქ და თქვენ ასეთები როგორ შეიკრიბეთ ერთადო?! ერთმანეთს ვეჯიბრებით კარგ მუშაობაშიო, მეუბნებოდა...

გიორგი გზირიშვილი და მისი ქართველი თანამშრომლები პოლონეთის ქარხანაში

...ნაძალადევში, მე-12 სკოლაში სწალობდა ჩემი გიორგი, ძალიან ცელქი იყო და აბრაზებდა მასწავლებლებს და ახლა მათ მინდა მივაწვდინო ხმა... ის ბიჭი თქვენ რომ ასე გაბრაზებდათ, ისე კარგ და პატიოსან კაცად იქცა, ისე შეაყვარა ყველას თავი... არ დასცალდა, თორემ ნამდვილად საამაყო იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის... მიუხედავად იმისა, რომ ასე ნაადრევად შეწყდა მისი ცხოვრება, მაინც მოასწრო და ასახელა ყველა..." - ამბობს ნანა ბირთველიშვილი AMBEBI.GE-სთან საუბარში.

ავარიის დროს დაშავდა გიორგი გზირიშვილის ბიძაშვილიც, რომელიც მასთან ერთად მუშაობდა საწარმოში. მას მოტეხილობები აქვს, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რაც შეეხება ტრაგიკულ ინციდენტს, როგორც დაღუპულის დედა ამბობს, მანქანა თოვლიან გზაზე მოსრიალდა:

"თოვლიანობა იყო იმ დღეებში, ბიჭებს მანქანა ემსახურებოდა საამქროდან სახლში წასაყვანად. იმუშავეს, დაღლილი, დაქანცულები, მშივრები გადაყავდათ სახლში მოსასვენებლად და დასაძინებლად... ავტობუსი მოძრაობდა მათ საწინააღმდეგო მიმართულებით, მოსრიალდა და დაეჯახა ბიჭების მანქანას... დაღუპა მცხეთელი ბიჭი და ჩემი გიორგი..." - ამბობს საუბრისას ნანა ბირთველიშვილი.

გარდაცვლილის დედის თქმით, ცხედრებს პოლონეთში ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს და როგორც კონსულმა მასთან საუბარში განაცხადა, სავარაუდოდ 1 კვირის ვადაში მოხდება მათი ჩამოსვენება.

პოლონეთში საქართველოს საელჩო დაღუპულების ოჯახის წევრებთან მუდმივ კავშირზეა. შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ შესაძლებელი იქნება გარდაცვლილების გადმოსვენების პრეცედურის დაწყება.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ