ავტორი:

პოლიტიკიდან ხელოვნებაში დაბრუნებული ბაკურ ბაკურაძე ახალ ამპლუაში

პოლიტიკიდან ხელოვნებაში დაბრუნებული ბაკურ ბაკურაძე ახალ ამპლუაში

"ჩემი ცხოვრების პოლიტიკური ნაწილის შემდეგ, შეიძლება ითქვას, "თავისუფალ ცურვაში" ვარ, დიდი ხანია წამოვედი პოლიტიკიდან და დავუბრუნდი ხელოვნებას" - ამბობს ბაკურ ბაკურაძე, ჟურნალისტი, პროდიუსერი, დიზაინერი, რეჟისორი, პიარმენეჯერი... და ამ სიის გაგრძელება კიდევ შეიძლება.

ამჟამად კი ახალ ამპლუაში წარმოგიდგენთ მას - ცოტა ხნის წინ, ქორეოგრაფიული ჯგუფი "არტლაბორატორია" დააფუძნა და სამხატვრო ხელმძღვანელი გახდა. ჯგუფი ძმასთან, ქორეოგრაფ და წარსულში სუხიშვილების მოცეკვავე ბესო ბაკურაძესთან ერთად დააფუძნა.

სანამ ბაკურის ახალ საქმიანობაზე ვისაუბრებდეთ, მანამდე იმაზეც ვკითხეთ, რატომ დატოვა "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო", სადაც პიარსამსახურის უფროსი იყო.

"პარტიაში იმის გამო ვიყავი, რომ ყოფილ ხელისუფლებასთან ჩემი სერიოზული პრეტენზიები მქონდა და იქ ყოფნა მათთან ბრძოლის ერთგვარი მექანიზმი იყო. ამასთან, ჩემი პირადი ურთიერთობა მქონდა ნინო ბურჯანაძესთან, მთელი ეს პერიოდი "დემოკრატიული მოძრაობის" პიარსამსახურის უფროსი გახლდით, მაგრამ როგორც ამბობენ, "არასოდეს თქვა არასოდეს". რაღაცები შეიცვალა, მაგრამ დღემდე ვმეგობრობ პარტიის წევრებთან, ყველასთან ჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს. ახლა უბრალოდ იმის დრო მოვიდა, რაც წლების მანძილზე დამიგროვდა, გამომეშვა იმ სფეროში, რომელიც მიყვარს" - განმარტავს ბაკურ ბაკურაძე.

სანამ პარტიიდან წამოვიდოდა, როგორც ამბობს, "მიუზიკ ჰოლისგან" საინტერესო წინადადება მიიღო, მიუზიკლებზე მათთან ემუშავა.

"მართლაც ქვეყანაში, სადაც არის სიმღერა და ცეკვა, არ შეიძლება, მიუზიკჰოლი არ არსებობდეს. მოკლედ, შემოთავაზებას დავთანხმდი, ყველანაირი პირობა იყო, კარგი შოუ დამედგა და დავიწყეთ. უკვე წელიწადია, ჩვენთან 4 შოუ გადის, რის მიმართაც ინტერესი არსებობს. როდესაც ადამიანი საღამოს რესტორანში სავახშმოდ მოდის, მხოლოდ იმაზე აღარ ფიქრობს, რომ მიირთვას, არამედ უყუროს სერიოზულ შოუს, სერიოზული მოცეკვავეებით და მომღერლებით. დღეს უკვე იმის გარჩევაც მიდის, სიმღერის რომელი ვარიანტი ჯობია. ჩემთვის მნიშვნელოვნია ასეთი საუბრების მოსმენა. შევეცადე, რაღაც სხვა მომხდარიყო იმ სფეროში, რომელშიც ვმუშაობ და ვსაქმიანობ.

იქ შოუებს უკვე ერთი წელია ვდგამ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ფინანსური კეთილდღეობა და შემოსავალი, მაგრამ ყველა საქმეში აუცილებელია უზენაესი მიზანი და გამოწვევა. აქ გამოწვევა იყო ის, რომ შეიცვალოს სარესტორნო მუსიკა და გახდეს უფრო გემოვნებიანი. ამას მივაღწიე და გარკვეულ სეგმენტს უკვე უწევთ ნელ-ნელა ამაზე გადაწყობა. მიუზიკლის პროგრამა ყოველ 3 თვეში ერთხელ ახლდება, თავისი ქორეოგრაფიითა და ყველაფრით. სწორედ აქედან წამოვიდა იმ ახალ პროექტში ჩაბმა, რასაც "არტლაბორატორია" ჰქვია.

ჩემს ოჯახში ერთ-ერთი მთავარი ამბავი ცეკვა და სიმღერაა და ალბათ ამიტომაც, მთელი ცხოვრება, უცნაურად მქონდა აკვიატებული ჩემი ანსამბლი მინდა-მეთქი, ოღონდ, რატომ, ამას ვერ ვხდებოდი - ქორეოგრაფი ვარ თუ მოცეკვავე? მაგრამ ასე იყო. ამ ეტაპზე ისე მოხდა, რომ რაღაც ტალღამ მოიტანა ის, რაც მოიტანა და ჩემს ცხოვრებაში საჭირო გახდა ქართული ცეკვა. შემდეგ ბესო ბაკურაძეს, ჩემს ძმას, რომელიც სუხიშვილების ყოფილი მოცეკვავე და ქორეოგრაფია, ვთხოვე, მოცეკვავეები მოეგროვებინა და ვუთხარი, ძალიან საინტერესო საქმე უნდა დავიწყოთ-მეთქი. თავიდან ის ადამიანები, ვისაც პროექტში მონაწილეობა შევთავაზეთ, გაოგნდნენ. ისიც ვუთხარი, რომ ნიშა, რომელიც გვინდა, რომ გვქონდეს, დღესდღეობით თავისუფალია, ამიტომ ჯგუფი, რომელსაც თქვენი საშუალებით შევქმნით, თქვენ იქნებით მისი განმხორციელებლები-მეთქი. ყველაფრი კი ექსპერიმენტების სახელოსნო იქნება.

მოკლედ, ჩაერთნენ პროექტში, სრულიად ფანტასტიკური ახალგაზრდები არიან. გრიბოედოვის თეატრის სცეზე რამდენიმე ვიდეო გადავიღეთ, რისთვისაც დიდი მადლობა თეტარის ხელმძღვანელობას, ნიკალაი სვენტიცკის - თეატრის სივრცე დაგვითმო, სადაც გადაღება მოხდა.

- ცეკვებში არის სიახლეები, თუმცა ვფიქრობ, ქართული ცეკვის ძირითადი ხაზი უცვლელია. რამდენად მიიღებს ამ პროექტს ქართული ცეკვის ტრადიციული მაყურებელი?

- ბევრმა პროფესიონალმა ნახა, მათ შორის, ჩემი ძმის თაობის ხალხმა, კიდევ უფროსებმაც, ჩვენი ამოსავალი წერტილია, არ შევეხოთ იმ ტდადიციულს და ისტორიულს, რაც გაგვაჩნია. არაფრით შეიძლება არქაულ დროში იყო ჩარჩენილი, უნდა განვითარდე, მაგრამ ის ოქროს შუალედი, რომელიც დასაცავია, ვცდილობ, დავიცვა. ილეთი ძირითადად ძველია, თუმცა ის ჩვენთან საინტერესო კომბინაციაშია. ზოგადად კი, მიმაჩნია, რომ ეს არის "დანის პირზე" სიარული, ანუ ძველით გააკეთო ახალი. ახალი კი არ გამოიგონო, რაც კი საუკეთესო გაქვს, იმით ახალი შექმნა.

- კოსტიუმებშიც არის გარკვეული ცვლილება და სიახლეები...

- კოსტიუმები ჩემი შექმნილია, ეს ჩემი ძველი და საყვარელი სფეროა, სადაც სიამოვნებით "ვცურავ" და ექსპერიმენტების მთელი ამბავი მაქვს მოწყობილი. საერთოდ, ქართული ცეკვის კოსტიუმს 6 წლიდან ვხატავ, იმ პერიოდიდან, როგორც კი, რაღაცის ხატვა დავიწყე. 6 წლისამ ჩემს ძმას ჩოხა დავუხატე, რომლის მიხედვითაც ის შეიკერა კიდეც, რითიც ცეკვავდა. ამიტომ ქართული კოსტიუმი ჩემთვის არ არის უცხო, ყველაზე ახლობელი და საყვარელი თემაა. ამ პროექტის კოსტიმებშიც იგივე გადავწყვიტე, იყოს ძველი, ოღონდ, ახალი შტრიხებით.

- რაც შეეხება მუსიკას, ცნობილი ქართული ჯგუფების მიერ შესრული კომპოზიციები ჟღერს. უპრობლემოდ დაგთანხმდნენ, მათი კომპოზიციები გამოგეყენებინათ?

- მუსიკა უზომოდ მომწონს. ყველა ჩემს მეგობარს ვთხოვე, მათი გამოყენების უფლება მოეცა, მიშა მდინარაძით დაწყებული, ზაზა მიმინოშვილი, სანო, ეგარით გაგრძელებული. ყველა, ვისი მუსიკაც არის გამოყენებული, ჩემთვის ძალიან საყვარელია ის კომპოზიციები და მათი ჟღერადობა. როდესაც ქართულ ცეკვას ვუყურებდი, სულ მინდოდა, მეტი გაკეთებულიყო, ამიტომ, მადლობა, რომ მომცეს საშუალება, ეს მუსიკა ყოფილიყო ფონი იმ საქმის, რაც ახლა დავიწყე.

ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს, ძალიან ბევრი ცეკვაა დადგმული, მაგრამ ჯერ ძალიან ცოტა ვიდეო გვაქვს გამოშვებული. თვის ბოლომდე, შევეცდებით, კიდევ 2 ვიდეო გავავრცელოთ, რომელიც, ჩემი აზრით, საინტერესოა. ვემზადებით სოლოპროგრამისთვის. აქაც სარეჟისორო ექსპერიმენტი იქნება წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს გადამეტებული არაფერი. ყველაფერი ერთობლიობაში უნდა იყოს ორგანული, ამისთვის ახლა ვემზადებით, მიდის მოლაპარაკებები სხვადასხვა კომპანიასთან, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ, შესაძლებლობის ფარგლებში ამ ახალ წამოწყებას მხარი დაუჭირონ. გვინდა, რომ საქართველოს ყველა რეგიონი მოვიაროთ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ