სკოლებში გაკვეთილების ჩატარების მეთოდები იცვლება - რა სიახლე ელით პედაგოგებსა და მოსწავლეებს

სკოლებში გაკვეთილების ჩატარების მეთოდები იცვლება - რა სიახლე ელით პედაგოგებსა და მოსწავლეებს

სექტემბრიდან უნივერსიტეტების პროფესორები სკოლის მოსწავლეებისთვის ონლაინ გაკვეთილებს ჩაატარებენ, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

მისი განმარტებით, გაკვეთილები მოსწავლეებს დაეხმარება იმაში, რომ ესა თუ ის სპეციალობა დეტალურად შეისწავლონ და არჩევანის გაკეთების მეტი შესაძლებლობა მიეცეთ.

“ჩვენ უნდა გამოვიყენოთ და კიდეც გამოვიყენებთ იმ ინტელექტუალურ რესურსს, რაც უნივერსიტეტებში გვაქვს. მოხდება უნივერსიტეტის დაახლოება სკოლასთან. კერძოდ, სექტემბრიდან, როგორც კი სწავლა დაიწყება, ჩატარდება დამატებითი გაკვეთილები ყველა სკოლაში, მათ შორის იმ კერძო სკოლებში, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ. უფრო დეტალურად რომ განვმარტო, გეტყვით, რომ ჩვენი წამყვანი სპეციალისტები, ვისაც შეუძლია ინფორმაციის საინტერესოდ გადაცემა ბავშვებისთვის, ჩაატარებენ ონლაინ-გაკვეთილებს „ლაივსტრიმით“. ეს არ იქნება სტანდარტული გაკვეთილი, ეს იქნება გაკვეთილი, სადაც თითოეული პროფესორი უპასუხებს კითხვას, თუ რატომ აირჩია თავად ეს პროფესია, დაანახებს ყველა ბავშვს ამა თუ იმ დარგის საინტერესო, შემოქმედებით მხარეს, რომ ბავშვებმა თავის თავში აღმოაჩინონ ნიჭი, რომელიც თურმე ჰქონიათ. მაგალითად, ქალბატონი მზექალა შანიძე ჩაატარებს რამდენიმე გაკვეთილს ქართულ ენაში, მოყვება სამეცნიერო თემატიკას პოპულარული, გასაგები ენით, იმისთვის, რომ ბავშვმა აღმოაჩინოს, რომ მაგალითად, ენათმეცნიერება აინტერესებს“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მინისტრის თქმით, ეს გაკვეთილები ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, მათ შორის მაღალმთიან სოფლებში.

“ისეთ ადგილას, რამდენიმე სკოლაში, სადაც ინტერნეტის სიჩქარე არ არის მაღალი და ონლაინ ვერ შეძლებენ ლექციების ნახვას, პროფესორები სპეციალურად მათთვის ჩაატარებენ ლექციას. თუმცა მათ ასევე ექნებათ შესაძლებლობა ლექციების ჩანაწერები ნახონ. იქნება ასევე კითხვა-პასუხის რეჟიმი. ხშირად დასმულ კითხვებს „ლაივში“ უპასუხებს პროფესორი. მთავარია, რომ ბავშვებს ფიქრისადმი ინტერესი გავუღვივოთ“, - აღნიშნა მინისტრმა.

გარდა ამისა, მიმდინარე წლის ზაფხულში პედაგოგებისთვის ტრენინგები ჩატარდება, რომელზეც აქცენტი მათი პრაქტიკულ-პედაგოგიური უნარების გამომუშავებაზე გაკეთდება. მინისტრის განმარტებით, ტრენინგების შემდეგ შემოწმდება, თუ რა მიიტანა პედაგოგმა ტრენინგიდან საკლასო ოთახამდე.

“მოხდება გარდაქმნა, თუ როგორ უნდა ჩატარდეს გაკვეთილები. ხშირად ხდება, რომ გაკვეთილი ისე ტარდება, მასში მოსწავლე არ მონაწილეობს. ეს დასრულდება ერთხელ და სამუდამოდ. ამ ზაფხულსვე იწყება ტრენინგები მასწავლებლებისთვის, სადაც აქცენტი გაკეთდება პრაქტიკულ გაკვეთილებზე, პრაქტიკულ-პედაგოგიური უნარების გამომუშავებაზე. ამის შემდეგ ჩვენ შევამოწმებთ, თუ რა მიიტანა პედაგოგმა ტრენინგიდან საკლასო ოთახამდე“, - აღნიშნა მინისტრმა.

კითხვაზე, კვლავ გააგრძელებს თუ არა არსებობას დირექტორთა საბჭო, ჩხენკელმა უპასუხა, რომ არსებობდა როგორც დირექტორთა, ასევე რექტორთა საბჭოები, რომლებიც ამ დრომდე აგრძელებენ ფუნქციონირებას, თუმცა სავარაუდოდ რეორგანიზაცია შეეხება.

“იყო რექტორთა და დირექტორთა საბჭოები. ორივე შენარჩუნდება გარკვეული ფორმით, მაგრამ მე ვთვლი, რომ შესაძლებელია მათი რეორგანიზაცია“, - აღნიშნა მინისტრმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ