"მოსახლეობის 25%-ს უსახლკაროდ დარჩენა ემუქრება" - მოქალაქეებს კერძო მევახშეების მიმართ 2 მლრდ ვალი აქვთ

"მოსახლეობის 25%-ს უსახლკაროდ დარჩენა ემუქრება" - მოქალაქეებს კერძო მევახშეების მიმართ 2 მლრდ ვალი აქვთ

საქართველოში იპოთეკით დაზარალებულთა პრობლემა კვლავაც მწვავედ დგას. მოქალაქეთა ერთი ნაწილი სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო საცხოვრებლის დაკარგვის საფრთხის წინაშეა. დღეს საჯარო რეესტრში 287 ათასი იპოთეკით დატვირთული ქონებაა რეგისტრირებული, საიდანაც მხოლოდ 42 ათასი მოდის კომერციული ბანკების წილად. დაახლოებით ერთი ამდენი გარანტიად აქვთ ჩადებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ხოლო 200 ათასამდე ერთეული ქონება კერძო მევახშეების ხელშია.

პარლამენტში იპოთეკით დატვირთულ ქონებასთან დაკავშირებით ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე მსჯელობენ. კანონპროექტის თანახმად, შემოდის ახალი ცნება - "ბოლო საცხოვრისი", ანუ უძრავი ქონება, რომელიც წარმოადგენს მოვალისა და მისი ოჯახის წევრებზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ერთადერთ უძრავ ნივთს. იმ შემთხვევაში, თუ, მაგალითად, ფიზიკურ პირს ერთადერთი სახლი აქვს ბანკში ჩადებული, ანდა კერძო მევახშესთან იპოთეკის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული და თანხას ვერ დაფარავს, ბანკი ან მევახშე ამ ქონებას 3 წლის განმავლობაში ვერ გაყიდის. კანონპროექტის თანახმად, თუ მოვალე თანხას 3 წლის შემდეგაც არ დაფარავს, აღმასრულებელს უფლება ეძლევა, უძრავი ქონება გაასხვისოს.

იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირის ბოლო საცხოვრისი უკვე რეალიზებულია, მაგრამ ის იძულებით არ არის იქიდან გამოყვანილი, ამ კანონის ამოქმედებიდან 3 წლის განმავლობაში მას შეუძლია გამოისყიდოს გასხვისებული ქონება იმ ოდენობის თანხით, რამდენადაც ეს უძრავი ქონება იძულებით აუქციონზე გაიყიდა, ხოლო თუ ამ ვადაშიც არ გამოისყიდის, მაშინ კანონიერ მესაკუთრეს შეუძლია უკვე შეუზღუდავად მოითხოვოს მისი გამოსახლება.

კანონპროექტის ავტორების აზრით, მხოლოდ ამგვარად რეგულირების შემთხვევაშია შესაძლებელი კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობის დაბალანსება და მოქალაქეების დაცვა უსახლკაროდ დარჩენისგან.

რაც შეეხება ბანკებში ჩადებული უძრავი ქონების სტატისტიკას, ეროვნული ბანკის 2018 წლის იანვრის მონაცემებით, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი და ლარში გაცემული სესხების მოცულობა 3,3 მილიარდი ლარია, რაც შარშანდელზე 72%-ით მეტია. მხოლოდ წლეულს იანვარში კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 209,5 მლნ ლარი შეადგინა.

ბექა ფერაძე, იურისტი, ახალი კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი: "დღეს ქვეყანაში 287 ათასი იპოთეკით დატვირთული ქონებაა რეგისტრირებული და აქედან დაახლოებით 70% გაპრობლემებულია, ანუ ადამიანები ვერ იხდიან აღებულ ფინანსურ ვალდებულებას და ემუქრებათ საფრთხე, რომ გარანტიად ჩადებული ქონება დაკარგონ. ეს კი ნიშნავს, რომ მოსახლეობის დაახლოებით 25%-ია დღეს ასეთ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში. 2006 წელს სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, კრედიტორსა და მოვალეს შორის არსებული საკანონმდებლო ბალანსი მნიშვნელოვნად გადაიხარა კრედიტორების სასარგებლოდ და დღეს მოვალე, ფაქტობრივად, დაუცველია. კანონი შესაძლებლობას აძლევს კრედიტორს, რაც შეიძლება მარტივად ჩაიგდოს ხელში მოვალის ქონება. ეს მხოლოდ ბანკებს არ ეხება. მეტსაც გეტყვით, არსებული 287 ათასი იპოთეკური სესხიდან, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დაახლოებით 42 ათასია საბანკო ორგანიზაციების მიერ გაცემული იპოთეკური კრედიტი. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს არა აქვთ ვალდებულება, აღრიცხონ და სებ-ს ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ, მაგრამ ყველა ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, იმაზე მეტი იპოთეკური სესხი ვერ ექნებათ, ვიდრე ბანკებს აქვთ გაცემული. შესაბამისად, გვრჩება დაახლოებით 200 ათასი იპოთეკა, რომელიც კერძო მევახშეების ხელშია. სულ ცოტა, 10 ათასი დოლარი რომ ვიანგარიშოთ თითოეულ სესხზე, დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის ვალი აქვთ მოქალაქეებს კერძო მევახშეების მიმართ. აღარაფერს ვამბობ იმ კაბალურ პირობებსა და მაღალ პროცენტებზე, რის გამოც ხშირად აღებული სესხის სანაცვლოდ ადამიანებს ორჯერ, სამჯერ და კიდევ მეტის გადახდა უწევთ.

თუ გადავხედავთ სხვადასხვა ქვეყანაში განვითარებულ ე.წ. იპოთეკურ კრიზისს, არც ერთ შემთხვევაში ის არ შეხებია კონკრეტული ქვეყნის მოსახლეობის 3%-ზე მეტს, ჩვენთან კი მოსახლეობის 20-25%-ს უსახლკაროდ დარჩენა ემუქრება. ესენი არიან, ძირითადად, მცირე მეწარმეები, აგრეთვე ისინი, ვინც სახლი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის გამო დატვირთა იპოთეკით, ან ახლობლის ციხიდან გამოსახსნელად გირაოსთვის თანხა დასჭირდა.

ყველა ამ კატეგორიის მსესხებელმა კერძო მევახშეს მხოლოდ მას შემდეგ მიმართა, რაც ბანკებმა მათ სესხის გაცემაზე უარი უთხრეს.

მეორე მხრივ, შეუძლებელია, კერძო მევახშეების ხელში მილიარდობით ღირებულების ქონება და კაპიტალი იყოს - თუ ეს ბანკების ინტერესში არ იქნება. სწორედ ამიტომ არის გასამკაცრებელი კომერციული ბანკების კონტროლი, რათა ისინი არაპროფილურ საქმიანობას არ მისდევდნენ და საცეცები ყველა მიმართულებით არ ჰქონდეთ გაშლილი (გავრცელებული მოსაზრებით, მიუხედავად შეზღუდვებისა, ბანკები კვლავაც ახორციელებენ არაპროფილურ საქმიანობას და ონლაინსესხების ბიზნესის გარდა, მევახშეობასთანაც არიან დაკავშირებული - ე. ტ.).

სწორედ ამიტომ არის საჭირო სასწრაფო ცვლილებები საკანონმდებლო დონეზე, რადგან ზოგჯერ წარმოუდგენელ შედეგამდე მივყავართ დღევანდელ კანონმდებლობას, რომელიც კრედიტორს, კერძო მევახშეს განუზომელ ძალაუფლებას აძლევს. მაგალითისთვის საკმარისია ნოტარიული სააღსრულებო ფურცელიც, რომელიც სასამართლოს უფლებებშიც კი იჭრება. კანონში პირდაპირ წერია, რომ სააღსრულებო ფურცლის გასაჩივრება არ იწვევს მისი მოქმედების შეჩერებას. ამავე დროს ნოტარიუსი არ არის ვალდებული გადაამოწმოს, ვალი გადახდილია თუ არა. შესაბამისად, სავსებით შესაძლებელია, უკვე გადახდილ ვალდებულებაზე აღიძრას სააღსრულებო საქმის წარმოება და გასაჩივრება კი მას არ შეაჩერებს. მარტივად რომ ვთქვათ, ფაქტობრივად, კერძო მევახშეს, თუ არაკეთილსინდისიერებას გამოიჩენს, კანონი უფლებას აძლევს, გადახდილი ვალდებულების შემთხვევაშიც ხელში ჩაიგდოს ვალში ჩადებული ქონება. განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ