ავტორი:

"ასეთებს ცარიელი პირადი ცხოვრება აქვთ..." - ფსიქოლოგი გირჩევთ, როგორ დააღწიოთ თავი "არამკითხე მოამბეების" კითხვებს

"ასეთებს ცარიელი პირადი ცხოვრება აქვთ..." - ფსიქოლოგი გირჩევთ, როგორ დააღწიოთ თავი "არამკითხე მოამბეების" კითხვებს

ალბათ ყველა ვიცნობთ თითო ისეთ ადამიანს, რომელიც ყველას საქმეში დაუკითხავად ერევა. ასეთ "არამკითხე მოამბეებს", "ვასასი ბიცოლებს” და სხვის საქმეში ცხვირის ჩამყოფებს, უფრო ხშირად, იუმორის ჭრილში ვუყურებთ, მაგრამ რეალურად მათთან ურთიერთობა არც ისე ადვილია ჩვენი ნერვებისთვის და განწყობისთვის.

რა იმალება მათი ცნობისმოყვარეობის მიღმა და როგორ დავაღწიოთ ამ ტიპის ადამიანების კითხვებს თავი - ამ საკითხზე ფსიქოლოგი ირინე ტაბუციძე გვესაუბრება:

- მთავარი, რაც უნდა განვასხვაოთ ასეთი ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის დროს, იმის დადგენაა, თუ რას გამოხატავენ ისინი - მართლაც ყურადღებას იჩენენ და ჩვენზე ზრუნავენ, თუ ცხვირს ყოფენ იქ, სადაც მათი ადგილი არ არის. სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფაზე ორიენტირებულები იშვიათად დაინტერესდებიან შენი კარიერული მიღწევებით, მსოფლმხედველობით, ან ღირებულებებით. როგორც წესი, აინტერესებთ ძალიან ბანალური და მარტივი - როგორ ხარ ქმართან, შვილებთან, შეყვარებულთან... საქართველოში ხომ ძალიან ტიპიური კითხვებია: არ თხოვდები? ცოლი არ მოგყავს? ბავშვს არ ელოდები?.. "არამკითხე მოამბეები" გვაწუხებენ ჩვენს პირად სივრცეში შემოჭრით.

აბსოლუტურად უცხო ადამიანებს არაფერს ვუყვებით, არამკითხე მოამბეებს კი იმიტომ ვაწვდით ინფორმაციას, რომ ისინი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილს წარმოადგენენ. გარკვეულწილად ახლობლებადაც მიგვაჩნდნენ, მაგრამ მერე აღმოჩნდა რომ მხოლოდ ინფორმაციას გვძალავდნენ; სხვა საკითხია მერე როგორ იყენებენ ამ ინფორმაციას. ეს "ვასასები”, თუ "მამიდები" მხოლოდ ცნობისმოყვარეობას არ იკმაყოფილებენ, როგორც წესი შემდეგ მოპოვებულ ინფორმაციას ავრცელებენ. მათი ფუნქცია ხომ ესაა, ინფორმაციას განიხილავენ სვებტან ათასნაირი ინტერპრეტაციით. მთავარი, რაც ამ ტიპის ადამიანებს ჩვეულებრივი ცნობისმოყვარეებისგან ანსხვავებს ისაა, რომ ინფორმაციის მიღების შემდეგ აუცილებლად უსასყიდლოდ გვარიგებენ ჭკუას, "კომპეტენტურ“ რჩევებს გვაძლევენ, რეკომენაციებს იძლევიან. დარწმუნებული არიან, რომ თვითონ ჩვენზე უკეთესად იციან რა ჯობია და როგორ.

უნდა გვახსოვდეს, რომ სხვის პირად სივრცეში შეჭრა აგრესიას იწვევს. ადამიანები ღიზიანდებიან, როდესაც იმ თემებზე უსვამენ კითხვებს, რომელიც გარეშეთათვის ხელშეუხებელია, პირადია. ნებისმიერი მიზნით შეხება და ამ საკითხების ქექვა აუცილებლად იწვევს გაღიზიანებას და აგრესიას. სწორედ ამიტომაა რომ "ვასასები", როგორც წესი არ უყვართ, გაურბიან და ერიდებიან მათ.

- რატომ ყალიბდებიან ასეთ ტიპებად?

- ფსიქოლოგები თვლიან, რომ ნებისმიერი სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფის მოტივი არის საკუთარი შეცდომების გამართლების მცდელობა. ის რაც თვითონ ვერ დაალაგა, თვითონ ვერ მოაგვარა, მუდმივად ცდილობს სხვასთან დალაგდეს. თუმცა, ეს თვითონაც არ აქვთ ყოველთვის გააზრებული და გაცნობიერებული. ასეთებს აბსოლუტურად ცარიელი პირადი ცხოვრება აქვთ. გარედან რა ჩანს სხვა საკითხია, მაგრამ... ჩვენი ფსიქიკა ხომ ასეა მოწყობილი - სიცარიელეს და ვაკუუმს ვერ ვეგუებით. ინფორმაციული შიმშილი ყველაზე აუტანელი შიმშილია ადამიანისთვის. სიცარიელეს ყველა თავსებურად ავსებს, ვიღაც სერიალებს უყურებს, წიგნების კითხვა ყველაზე ჯანსაღი შედეგის მომცემია, ზოგმა საქმიანობა გაიჩინა, ვიღაცისთვის კი სხვისი პირადი ცხოვრების ქექვაც დამაკმაყოფილებელია ამ სიცარიელის ამოსავსებად. სხვისი პირადი ცხოვრების გამო შფოთი, ვიშვიში და ანალიზი...

თბილისი არც ისე დიდი ქალაქია, მაგრამ ყველა სადარბაზოშია თითო ასეთი ადამიანი, რომელმაც ზუსტად იცის ვის სახლში რა სადილი კეთდება. დეტალურად მოგიყვება იმის ნათესავები რას საქმიანობენ, ვის ვისთან რა კავშირი აქვს და ასე შემდეგ... ინფორმაციის ასეთი დოზით მოპოვების სურვილი, შესაძლოა, შეჯიბრობითობის გამოწვევითაც იყოს მოტივირებული. მუდმივად სურდეს მტკიცება რომ თვითონ უკეთესად გრძნობს - შურს გავს ეს ყველაფერი მაგრამ მთლად ასე არაა - არასრულფასოვნებას ფარავენ ამ შეჯიბრში. თითქოს ყველაფერი კარგადაა, მაგრამ კმაყოფილი მაინც არიან თავისი ცხოვრებით, ამიტომ რაც ხშირად შეედარებიან ვიღაცას და აღმოაჩენენ "არა, ჩემი ცხოვრება ჯობია” მით უფრო წყნარდებიან.

- სამსახურებშიც ხომ არიან ამგვარი "ვასასები"?

- როგორ არა. გარდა ამისა ერთიც უნდა ვთქვათ - არიან ისეთი მენეჯერებიც, რომელთაც სამსახურებში აუცილებლად სჭირდებათ ასეთი ტიპის ადამიანები, თითო "ვასასი” მაინც, რომელიც ინფორმაციას აკრეფს და ყოველთვის გააგებინებს რა ხდება, რა აწუხებთ და ახარებთ მის თანამშრომლებს. გარდა ამისა, თუ საჭირო გახდა, შესაძლოა ხმებიც გაავრცელებინონ - ვთქვათ, რაღაც ცვლილების განხორციელებამდე, თანამშრომლების რეაქციის წინასწარ გასათვლელად. სხვადასხვა მიზანი შეიძლება ამოძრავებდეს მენეჯერს. მოკლედ, ინფრომაციის გაცვლა-გამოცვლაში დიდი წვლილი მიუძღვით "ვასასებს". გააჩნია რა მიზანი გვაქვს მათთან კონტაქტისას, მაინცდამიანც კრიტიკას ვერ დავიწყებთ ასეთი ხალხის და საშინელ ჭრილში ვერ გამოვაჩენთ. ასეთები ყოველთვის იყვნენ და დღესაც არიან. ჩვენ არჩევანზეა - რამდენად ახლოს მოვუშვებთ ჩვენამდე.

- საინტერესოა ფსიქოლოგის რეკომენდაციები, როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთი ტიპის ადამიანებთან?_

- როგორც წესი, მათთან ურთიერთობაში, უნდა იყოთ კატეგორიული. მაგალითად: კითხვაზე "არ თხოდები?" - ეს ჩემი პირადი საქმეა! ასეთი პასუხის შემდეგ, მომდევნო კითხვის დასმა მოერიდება.

- მაგრამ, მეტწილად ამგვარი "ვასასები" უფროსი თაობის წარმომადგენლები არიან და კატეგორიულობას ვერიდებით...

- ასეთ დროს ძალიან კარგ თავდაცვით ტექნიკას გასწავლით რომელსაც, "გაფუჭებულ ტელეფონს” უწოდებენ; ამ ტექნიკას ხშირად იყენებენ ფსიქოლოგიაში _ ის გულისხმობს, გამომძალველ კითხვებს - ნებისმიერს უნდა გასცე ერთნაირი, მონოტონური პასუხი. მაგალითად: - არ თხოვდები? - ჯერ არ ვიცი... -როგორ, ასეთ კარგ გოგოს არავინ გყავს?... - ჯერ არ ვიცი... ასეთი პასუხის შემთხვევაში, რამდენიმე კითხვის შემდეგ თავს უხერხულად გრძნობენ, რომ მომარჯვებული კითხვები მოგაყარონ და თავს განებებენ.

- ძირითადად როგორ ატმოსფეროში ჩნდებიან და რაზე მეტყველებს "ვასასების" სიმრავლე?

- ასეთი ადამიანები თითქმის ყველგან გვხდებიან. წარმოიდგინეთ, ბედნიერი, რეალიზებული ადამიანი, რომელსაც დილიდან-საღამომდე წუთები აქვს გათვლილ-გაწერილი - მოიცლის ამისთვის? რომც მოუყვეთ პირადი ამბები, არ დაამახსოვრდება... ეს ქცევები არის ვაკუუმის შედეგი, რომელიც უნდა ამოივსოს. სხვის საქმეში ცხვირის ჩამყოფების სიმრავლეს ძალიან უწყობს ხელს სოციალური ფონი, ასევე პირადი ცხოვრების მოუწყობლობა. ამ ტიპის ადამიანებს ბევრი დრო და ბევრი სიცარიელე აქვთ ცხოვრებაში... და ამ გზით ლამობენ ამოვსებას. საკუთარი ქცევები სიკეთით აქვთ შენიღბული - მინდა დაგეხმარო... ჩემთვის დაეჯერებინა ასე არ მოუვიდოდა... ასეთი ცნობისმოყვარეობები, სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა, კომპეტენტური აზრის გამოთქმა - როცა არავინ გეკითხება - არის ქცევის მოდელი, როცა ვერ აკონტროლებ სად შეგიძლია ასე მოიქცე და სად - არა. ამიტომ თუ ვინმე საკუთარ თავში აღმოაჩენს ასეთ ვასასობას, გირჩევთ სპეციალისტს მიმართოთ დასახმარებლად, რათა გაირკვეს, მუდმივად სხვისი დახმარების სურვილის უკან, რეალურად, რა დგას.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ