არც ისე დიდი ხანია, რაც ინგლისელმა ჯემა არტენტონმა ჰოლივუდურ ფილმებში გადაღება დაიწყო, მაგრამ თავიდანვე გამოიჩინა თავი. ბონდიანის ერთ-ერთი სერია - "მოწყალების კვანტი", "როკ-ენ-როლელი", "ტესი" - თითოეული ამ ფილმთაგანი დიდი მოვლენა იყო, და ჯემაც დაამახსოვრდათ როგორც კინოს პროფესიონალებს, ასევე მაყურებლებს. გასაკვირი არ არის რომ ერთ-ერთი მთავარი როლი ახალ საკულტო ფილმში "სპარსეთის პრინცი: ჟამთა ქვიშები", სწორედ ჯემა არტენტონმა შეასრულა.
ჯემას ნამდვილი პრინცი
ჯემა ჯეიმს ბონდის მოხიბვლას ცდილობდა და სპარსეთის პრინცის მეწყვილე იყო, თუმცა თავისი გული 24 წლის მსახიობმა სინამდვილეში რეალურ გმირს - იტალიელ მენეჯერ სტეფანო კატელის უძღვნა. 5 ივნისს ანდალუზიაში, ერთ-ერთ ესპანურ კოშკში ჯემამ და სტეფანომ ბეჭდები გაცვალეს და ერთმანეთს მარადიული სიყვარული შეჰფიცეს. ცერემონიას მხოლოდ ახლო მეგობრები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. ქათქათა თეთრი კაბა-ბიუსტიე, ფატა და ვარდები - პატარძალი მშვენიერი იყო.
ჯემა თავის მეუღლეზე ამბობს, რომ მასთან მთლიანად გაიხსნა. "მახსოვს იმ დღეს, როცა ერთმანეთი გავიცანით, შინ დაბრუნებულმა ჩემს დღიურში ჩავწერე, რომ ჩემი ოცნების მამაკაცს შევხვდი, რომელსაც ცოლად გავყვებოდი, - ამბობს ჯემა, - ორი კვირის შემდეგ დღიური ვაჩვენე და გამომიტყდა, რომ თვითონაც ზუსტად იმავეს გრძნობდა. მე ნამდვილად მინდა სტეფანოსთან ერთად მთელი ცხოვრების გატარება".
დღესასწაულის შემდეგ ახალდაქორწინებულებმა, რომლებმაც დაახლოებით ერთი წლის წინ გამოაცხადეს ნიშნობის შესახებ, სტუმრები დატოვეს და კაბრიოლეტით გაეშურნენ საქორწინო მოგზაურობაში.
სანამ ის თაფლობის თვიდან დაბრუნდება, მის ბოლო ინტერვიუს გაგაცნობთ.
"მომეწონა პრინცესობა"
- რა შთაბეჭდილებები დაგრჩათ მაროკოსგან, სადაც "სპარსეთის პრინცის" გადაღებები მიმდინარეობდა?
- არაჩვეულებრივი! სანამ მარაქეშში ვიყავით, გადაღებების დაწყებამდე, იმ სამეფოს სანახავად წამიყვანეს, სადაც ფილმის გმირი ტამინა ცხოვრობდა, ეს წარმოუდგენელი განცდა იყო. გარშემო სულ სასახლეები, ციხესიმაგრეები და სავაჭრო მოედნებია. ჩემთვის იქ მუშაობა დიდი პატივი იყო. მუშაობის დამთავრების შემდეგ გავიფიქრე: "ახლა მე უკვე ნამდვილად რაღაც შემიძლია".
- ანუ შეგიძლია იყო პრინცესა?
- მომწონდა ამ როლის განსახიერება, ეს ნამდვილად ასეა. ტამინა ძალიან საინტერესო ქალია, არა მხოლოდ იმიტომ, პრინცესაა, ის მრავალფეროვანი ადამიანია. უმღლესი ქურუმია, თან ავანტიურისტი, რაღაც ცელქი გოგონას მაგვარი, ერთხელ ოფიციანტადაც აჩვენებს თავს. მე არაჩვეულებრივად ძვირფასი კოსტიუმები მეცვა, ინით გაკეთებული ტატუირება და ძვირფასი ქვებით მორთული ვარცხნილობა მქონდა. ერთადერთი გოგო ვიყავი ფილმში, ამიტომ ვალდებულებასაც კი ვგრძნობდი, რომ კარგ ფორმაში ვყოფილიყავი.
- თქვენი საყარელი სცენები რომელია ამ ფილმში?
- ტამინა და დასტანი თითქოს ეჯიბრებიან ერთმანეთს და არ გამოსდით ურთიერთობის აწყობა, არადა, ჩანს, რომ ძალიან მოსწონთ Yერთმანეთი. ზოგიერთი მართლაც ბრწყინვალე სცენაა, რომლის თამაშიც სასაცილც კი იყო. მაგრამ მე მართლაც დიდი სიამოვნება მივიღე მთელი ფილმით, რომელიც მოიცავს რომანტიკასაც, თავგადასავლებსაც, ბრძოლის სცენებსაც და ბევრ კომედიურ მომენტს. ეს მართლაც ეპოპეაა!
"ჯეიკ გილენჰალი საყვარელი ადამიანია"
- როგორ მიიღეთ ეს როლი? ჯერი ბრუკჰაიმერმა უბრალოდ დაგირეკათ და შემოგთავაზათ როლი თავის ბოლო ბლოკბასტერში?
- ძალიან კარგი იქნებოდა, ასე ადვილი რომ ყოფილიყო. სანამ "ბონდიანასა" და "ტესის" გადაღებები დასრულდებოდა, .ჩემმა აგენტმა მითხრა: წადი, მოსინჯე ძალები, თუმცა კი არ მგონია, რამე გამოგივიდეს, რადგან ეს ფილმი ზღაპრული რაღაცაა. კასტინგის დირექტორს შევხვდი, ის დაინტერესდა ჩემით. მერე რეჟისორ მაიკ ნიუელსთანაც მივედი. აუცილებელი იყო სასინჯი გადაღებების გაკეთება და იქ მისული უამრავი პრეტენდენტის დაჯაბნა, უნდა დამერწმუნებინა ყველა, რომ მე სხვებზე ლამაზი და ნიჭიერი ვარ. მაშინ ვფიქრობდი, რომ მაინც არაფერი გამომივიდა. საკმაოდ დიდი დრო გავიდა, სანამ დამირეკავდნენ და შემატყობინებდნენ, რომ როლზე დამამტკიცეს, უკვე დავიწყებულიც კი მქონდა.
- როგორი იყო თქვენი რექცია ამ ახალ ამბავზე?
- ეს არარეალური იყო. საწოლში ვიწექი და ვერ გავრკვეულიყავი, რაზე მელაპარაკებოდნენ. ადვილი სულაც არ გახლდათ იმის გათავისება, რომ მალე პრინცესა გავხდებოდი.
- ადრე თუ შეხვედრიხართ ჯეიკ გილენჰალს?
- ეს ცოტა სასაცილოცაა. "ბონდისთვის" ერთობლივი სასინჯი გადაღებები მქონდა დენიელ კრეიგთან, ჯეიკი კი გადაღებებამდე მხოლოდ ერთი თვით ადრე ვნახე და ეს ამბავი ძალიან მაღელვებდა. მაგრამ ის ძალიან საყვარელი ადამიანი გამოდგა და მითხრა: მსმენია, რომ შესანიშნავი მსახიობი ხარ, გამამხნევა.
- რას ფიქრობენ თქვენი მეგობრები იმის შესახებ, რომ თქვენ ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ მამაკაცთან ითამაშეთ?
- გადაღებების დროს გამუდმებით მეკითხებოდნენ, მიკოცნია მისთვის თუ არა. მეც ვპასუხობდი: დიახ, მიკოცნია. და ისინი მაგრად ეჭვიანობდნენ! ჯეიკი ძალიან საყვარელი, სასაცილო, კეთილი ბიჭია. ფაქტობრივად, ყველაზე მაგარი ამ ფილმში ის იყო, რომ მთელი სამსახიობო შემადგენლობა და გადამღები ჯგუფი ძალიან მხიარული იყო. სამუშაოს სერიოზულად უყურებდნენ, მაგრამ საკუთარ თავებს - არა. მე ვფიქრობ, რომ ამაზე უკეთესი არაფერია. იმიტომ რომ, როცა მაროკოში ხარ, შუა უდაბნოში, მცხუნვარე მზის ქვეშ, მთლიანად ღონეგამოცლილი, ბევრად გიადვილდება მუშაობა, თუ იუმორს ჩართავ საქმეში.
"გაქანებულ ცხენზე შეხტომაც კი ვისწავლე"
- რა სიძნელეებს წააწყდით გადაღებების დროს?
- ეს ნამდვილი თავგადასავალი იყო! მაროკოში რომ მივემგზავრებოდი, უნდა მენახა ისეთი ადგილები, სადაც მერე ვეღარასდროს მოვხვდებოდი, თან სახლი ძალიან მენატრებოდა. ადრე არასდროს ვმჯდარვარ ცხენზე და უნდა მესწავლა. შემდეგ უნდა მესწავლა ცხენზე შეხტომა, მისი მოძრაობის დროს. მაგრამ ეს ყველაფერი მომწონდა, მიუხედავად იმისა, რომ ადვილად არ გამომდიოდა. თან მერიდებოდა ხოლმე ჩემივე განცხადებების გამო: ნუ დარდობთ! მე შევძლებ ამის გაკეთებას! (იცინის)
- რა შეგიძლიათ გვითხრათ ისეთ ლეგენდარულ მსახიობებთან მუშაობის შესახებ, როგორებიც არიან სერ ბენ კინგსლი და ალფრედ მოლინა?
- მე ბევრი რამე ვისწავლე მათგან, განსაკუთრებით, როცა ვაკვირდებოდი, მძიმე პირობების მიუხედავად, როგორი ენთუზიაზმით მუშაობდნენ და როგორ ტკბებოდნენ იმით, რასაც აკეთებდნენ, გარდა ამისა, გამუდმებით მაძლევდნენ რჩევებს. ხანდახან ძალიან ძნელი იყო, არ გეტირა, მაგრამ თავი გავართვი ყველაფერს. ერთგვარად ფილმ "ტესში" მიღებული გამოცდილებაც დამეხმარა. სერ ბენ კინგსლიმ კი მითხრა: თუ შენს ემოციებს გააკონტროლებ, მაყურებელი აღარ იქნება იძულებული, თავი შეიკავოს თავისი ემოციებისგან. და ეს მე ძალიან დამეხმარა.
- გაქვთ გეგმებში ჰოლივუდში გადასვლა და ნამდვილი ვარსკვლავივით ცხოვრება?
- მე ძალიან მიყვარს ლონდონი და უნდა დავრჩე აქ, სადაც გარემოცული ვარ საყვარელი ადამიანებით, ისეთებით, როგორებიც არიან ჩემი მშობლები. ბოლოს და ბოლოს, ხანდახან პაბში შესვლა მინდა ხოლმე. ჰოლივუდში არის პაბები?
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)