ავტორი:

ევროკომისიის პირველი ქართველი თანამშრომელი ქალი - გაიცანით, თეონა ლავრელაშვილი

ევროკომისიის პირველი ქართველი თანამშრომელი ქალი - გაიცანით, თეონა ლავრელაშვილი

ევროკომისიას, ისტორიაში პირველად, ქართველი თანამშრომელი ყავს - პოლიტიკის ოფიცერი 28 წლის თეონა ლავრელაშვილი დასავლეთ ბალკანეთის და თურქეთის საკითხებს კურირებს. მისი ყოველდღიური ცხოვრება ძალიან დატვირთულია, ბევრს მუშაობს, დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, ხშირად იღლება კიდეც, თუმცა არასდროს ნებდება.

ევროკომისიამდე მისასვლელი გზა არც მოკლე ყოფილა და არც იოლი - ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ბელგიაში, ევროპის კოლეჯში მეორე სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა გადაწყვიტა. საქართველოს თუნდაც ერთი წლით დატოვება უჭირდა, თუმცა იმ პერიოდში ახალგაზრდულ პოლიტიკაში საკმაოდ აქტიურად იყო ჩართული და ქვეყნიდან წასვლა და მალევე დაბრუნება გადაწყვიტა...

ევროკომისიის პირველი ქართველი თანამშრომელი თავის ისტორიას თავად უამბობს AMBEBI.GE-ს მკითხველს:

"სწავლის პერიოდში მალე გავაცნობიერე, რომ ბრიუსელში საქმიანობის გაგრძელებით გაცილებით უფრო დიდი გამოცდილების მიღება შემეძლო. სწავლის დასრულების შემდეგ ევროპის პარლამენტში დავიწყე სტაჟირება, შემდეგ ევროდეპუტატის ასისტენტი გავხდი, ახლა კი ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების საკითხების გენერალურ დირექტორატში ვარ. უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან და პირადად მინისტრიდან მქონდა მხარდაჭერა, ბრიუსელშიც ბევრი პოლიტიკოსი თუ სახელმწიფო მოღვაწე დამეხმარა, რისიც ძალიან მადლიერი ვარ" - გვეუბნება თეონა.

სამსახურიდან გამომდინარე, თეონა ლავრელაშვილს როგორც ბალკანეთის, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოგზაურობა ხშირად უწევს.

„კოორდინაციას ვუწევ ჩვენი გენერალური დირექტორატის ურთიერთობებს დასავლეთ ბალკანეთის და თურქეთის მიმართულებით. ასევე ვხელმძღვანელობ ევროკავშირის რამდენიმე ინსტრუმენტის განხორციელებას დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში, ძირითადად სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში. მაქვს ყოველკვირეული შეხვედრები გაფართოების ევროკომისარ ჰანის კაბინეტის წევრებთან და ერთობლივად ვგეგმავთ საქმიანობას,“ - განმარტავს ევროკომისიის ქართველი წარმომადგენელი.

შეკითხვაზე, ევროკომისიაში მისი საქმიანობა რამდენად სასარგებლოა საქართველოსთვის, პასუხობს, რომ საშუალება ეძლევა, შიგნიდან ნახოს თუ რეალურად როგორ მუშაობს ევროკავშირი, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები და ამ გადწყვეტილებებზე ზეგავლენას რა ფაქტორები ახდენს, მსგავსი ინფორმაციის ქონა კი უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის სამომავლო გეგმების განსახორციელებლად. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის მორიგი გაფართოება სწორედ ბალკანეთის ქვეყნებს შეეხება - „დიდი ალბათობით, სერბეთი და მონტენეგრო წევრი ქვეყნები 2025 წლისთვის გახდებიან. მე კი ამ გამოცდილებას შიგნიდან ვაკვირდები, ამ ქვეყნების მთავრობებთან და სამოქალაქო სექტორთან ვმუშაობ,“ - აღნიშნავს ლავრელაშვილი.

რამდენად შევძლებთ, ბალკანეთის გამოცდილება საქართველოში წარმატებით გამოვიყენოთ, ამას დრო გვანახებს. თავად თეონა კი ევროკომისიაში უშუალოდ საქართველოს მიმართულებით არ მუშაობს, რადგან როგორც თავად განმარტავს, ეს ინტერესთა კონფლიქტი იქნებოდა, თუმცა ცდილობს, ჩვენს ქვეყანას სხვა მიმართულებით დაეხმაროს.

„ვცდილობ, განვითარებაში დავეხმარო ბრიუსელში დაარსებულ ორგანიზაციას - „ევროპული ალიანსი საქართველოსთვის", რომელიც ევროპის პოლიტიკურ წრეებში საქართველოს ინტერესების ადვოკატირებას ახდენს. ახლახანს დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი ახალი პროექტი, "გზავნილი ბრიუსელიდან", ინტერვიუების ციკლი, რომლის მიზანია ევროპარლამენტარებთან, ნატოს ოფიციოზთან და წამყვან ექსპერტებთან საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის თემის მაქსიმალურად წინ წამოწევა და საქართველოზე მათი მოსაზრებებისა და ხედვების ქართველი საზოგადოებისთვის მიწოდება. ასევე, მიხარია რომ გარკვეული წვლილი შევიტანე ევროკავშირში საქართველო-ევროკავშირის მეგობრობის ჯგუფის დაარსების საქმეში,“ - აღნიშნავს თეონა.

მისი აზრით, წარმატებული ქართველები საზღვარგარეთ, და ზოგადად ქართული დიასპორა, ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის ძლიერ ბერკეტად უნდა იქცეს. ამისთვის კი კოორდინაცია და რესურსების მობილიზებაა საჭირო.

„განსაკუთრებით ახალგაზრდებმა უნდა შევძლოთ საერთო ენერგიის მობილიზება, რომელსაც სახელმწიფოს განვითარებისკენ მივმართავთ. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ვინც სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწეობს, საქართველოში უნდა დაბრუნდეს, ვგულისხმობ, რომ უნდა შეიქმნას პლატფორმა, რომელიც დაქსაქსული დიასპორის საერთო მიზნების ირგვლივ გაერთიანებას შეძლებს“ - განმარტავს ის.

მომდევნო 2 წლის განმავლობაში თეონა ლავრელაშვილი ბრიუსელში დარჩენას, პროფესიული გამოცდილების მიღებასა და ევროპული პოლიტიკის ასპექტების შესწავლას გეგმავს. ასევე სურს ლუვენის უნივერსიტეტში სადოქტორო დისერტაცია დაასრულოს. დაინტერესებულია პოლიტიკური პარტიების კვლევით. ამბობს, რომ ყველაფერს, რაც შეისწავლა და რასაც მომავალში ისწავლის, საქართველოში დაბრუნების შემდეგ ქვეყნის განვითარებისთვის გამოიყენებს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ