ავტორი:

"მანქანა გავყიდე, რომ ნიუ იორკში ბინის და საჭმლის ფული მქონოდა..." - 28 წლის ბათუმელი მომღერალი, რომელმაც ამერიკაში დაბრუნება სიმღერის გამო გადაიფიქრა

"მანქანა გავყიდე, რომ ნიუ იორკში ბინის და საჭმლის ფული მქონოდა..." - 28 წლის ბათუმელი მომღერალი, რომელმაც ამერიკაში დაბრუნება სიმღერის გამო გადაიფიქრა

მუსიკალური პროექტი `მხოლოდ ქართული~ პირდაპირ ეთერში სტარტს დღეს, 23 აპრილს რუსთაველის თეატრიდან აიღებს. პროექტის წესებით, 10 კონკურსანტი მხოლოდ ქართულ სიმღერაში შეეჯიბრება ერთმანეთს.

პროექტის მიმდინარეობისას, AMBEBI.GE უფრო ახლოს გაგაცნობთ "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტებს. ამჯერად, ქრისტინე შუშაძეს წარმოგიდგენთ, რომელიც შესარჩევ ტურზე გამოჩნდა თუ არა, ჟიურის და მაყურებლის მოწონება მაშინვე დაიმსახურა. ქრისტის ნამღერმა ინტერნეტშიც დიდი მოწონება დაიმსახურა და სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა.

28 წლის ბათუმელი ქრისტინე შუშაძე კანადის მოქალაქეა, ცოტა ხის წინ სამუშაოდ ამერიკაში გადაინაცვლა. მარტში, ბათუმში შვილის სანახავად ჩამოსულს, პროექტმა `მხოლოდ ქართულმა~ მოუსწრო. იმის გამო, რომ ძალიან უყვარს ქართული სიმღერა, 30 მარტს უარი თქვა ამერიკაში დაბრუნებაზე და კასტინგში ჩაერთო... გარდა იმისა, რომ ქართული სიმღერა უზომოდ უყვარს, პოზიტიური, აქტიური, მგრძნობიარე, მეგობრების მოყვარული და სიურპრიზების დედოფალი გახლავთ. უყვარს ველოსიპედით სეირნობა და მოგზაურობა.

"წლების წინ ოჯახი შევქმენი და რადგანაც მეუღლე კანადაში ცხოვრობდა, საცხოვრებლად იქ წავედი, სადაც 7 წელი გავატარე. ვსწავლობდი, დავამთავრე ესთეტიკის აკადემია და პროფესიით კოსმეტოლოგი ვარ, ერთ-ერთ კლინიკაში ვმუშაობდი. 2015 წელს დავშორდი მეუღლეს, საქართველოში წამოვედი, ბავშვიც ჩამოვიყვანე და სკოლაში აქ შევიყვანე. მინდოდა, ქართული კარგად ესწავლა, ქართულ სკოლაში ევლო.

აქ ჩამოსვლის შემდეგ, ფინანსური პრობლემები გაგვიჩნდა და მიუხედავად იმისა, რომ ბავშვს მამა უზრუნველყოფს, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და სამუშაოდ ისევ კანადაში მომიწია დაბრუნება. რა თქმა უნდა, შვილის საკეთილდღეოდ წავედი, პროფესიით ვმუშაობდი. კანადა ზედმეტად მშვიდი ქვეყანაა, `პენსიონერების~ ქვეყანასაც კი ვეძახი, არადა, ზედმეტად აქტიური ადამიანი ვარ და თითქოს ზომბირებულად ვცხოვრობდი. დილით ვდგებოდი, მივდიოდი სამსახურში, უკან ვბრუნდებოდი და ყოველი დღე ერთი და იგივე იყო...

ამიტომ, გადავწყვიტე, საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავსულიყავი. ბევრი მეგობარი მყავს იქ, თავიდან სტუმრად წავედი, რამდენიმე დღე დავრჩი და იქაურობა ძალიან მომეწონა. მერე ავდექი, ერთი, არც ისე კარგი მანქანა მქონდა და გავყიდე, რომ პირველ ეტაპზე ბინაზე და საჭმელზე სამყოფი ფული მქონოდა. მოკლედ, ამერიკაში გადავედი და როგორც კი დავბინავდი, იმ დღესვე, ისე, რომ წამიც არ დამისვენია, სამსახური მოვძებნე ერთ-ერთ ქართულ რესტორანში.

- კანადაში რესტორანში სიმღერა არ გიცდია?

- როგორ არა. ბენდთან ერთად, რამდენიმე ლაივზე დავუკარით და როდესაც უკვე სერიოზული მუშაობა უნდა დაგვეწყო, საბოლოოდ აღმოვაჩინე, რომ კანადა არ იყო ჩემი ქვეყანა და იქაურობა დავტოვე.

- პროექტში `მხოლოდ ქართული" მონაწილეობის სურვილი რამ გაგიჩინა?

- ნიუ-იორკში 30 მარტს უნდა წავსულიყავი, მაგრამ ისე დაემთხვა, რომ პროექტზე `მხოლოდ ქართული~ ჩემს მეგობარს გავყევი, მეგობრების დაჟინებული მოთხოვნით, თვითონაც მივიღე მონაწილეობა და მოვხვდი კიდეც პროექტში. მოკლედ, დავრჩი... ნიუ-იორკში რესტორნის გარდა სპა-სალონში ვმუშაობ, მაგრამ ამერიკაში არალეგალი ვარ, რადგანაც კანადის მოქალაქე ვარ და ამის გამო იქ არაფერში პრივილეგიები არ მაქვს.

- როგორც ჩანს, ბავშვობიდან მღერი...

- კი, ვმღერი იმ პერიოდიდან, რაც ენა ამოვიდგი, ანუ ლაპარაკთან ერთად, სიმღერაც დავიწყე. პატარაობაში კონკურსებზე გამოვდიოდი, სიმღერის გარეშე არ მიცხოვრია, მაგრამ მერე ოჯახი რომ შევქმენი, ვერანაირად მოვახერხებდი და 8-წლიანი პაუზა მქონდა - ფაქტობრივად, მერე უკვე ყველაფერი თავიდან დავიწყე. ქართულ სიმღერებს ვმღერი და ყოველთვის პოპულარიზაციას ვუწევდი ქართულს. ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და თუკი სადმე მიკროფონის საშუალება ყოფილა, ყველგან ვმღეროდი, ყოველთვის ჩემს ქვეყანას, კულტურას წარმოვადგენდი...

ვბრაზდებოდი, როცა მეკითხებოდნენ, საიდან ვიყავი, და ვპასუხობდი ჯორჯიიდან-მეთქი, ყველას ამერიკის შტატი ეგონა. როგორც კი საშუალება მეძლეოდა, ვცდილობდი, ადამიანებისთვის ინტერნეტის დახმარებით ჩვენი ქვეყანა დამეთვალიერებინა. მოკლედ, პროექტში ჩემთვის მომხიბლავი სწორედ ქართული სიმღერა იყო. ეს რომ არ ყოფილიყო, მეგობრებს არ დავთანხმდებოდი.

- რა მოლოდინი გაქვს?

- მინდა გამოცდილება მივიღო, მსმენელს შევაყვარო თავი და მეტი ვისწავლო. ჩემთვის დიდი ბედნიერებაა, რომ ასეთ ადამიანებთან მიწევს მუშაობა. რა თქმა უნდა, მათგან ბევრ რამეს ვისწავლი, რაც მომავალში გამომადგება.

- შესარჩევ ტურზე გამოჩენისთანავე ტელემაყურებელმა და ინტერნეტმომხმარებელმა შეგიყვარა - შენი ნამღერი მოეწონათ. რას იტყვი ამაზე?

- კი, მაყურებელმა თბილად მიმიღო, ამ ყველაფერმა მოლოდინს გადააჭარბა. რა სიმღერაც შევასრულე, ნოდარ გიგაურის ძალიან ძველი ნამუშევარია, წლების წინ მაქვს მოსმენილი და სამშობლოს სიყვარულს დავუკავშირე - "ჩემი ნანინა გირჩევნოდეს სხვების ბაიათს" - ანუ საქართველო გვერჩივნოს სხვა ქვეყანას! მაგრამ ალბათ გულიდან რომ ამოვიდა ეს ყველაფერი, ეს მოეწონათ. ახლა ასეთივე განწყობით ვაპირებ განვაგრძო. დარწმუნებული ვარ, პროექტი ბევრ რამეში შემიწყობს ხელს. აუცილებლად გავიმარჯვებ-მეთქი, - ამას როგორ ვიტყვი? მთავარია, მაყურებელს თავი კარგად დავამახსოვრო. მით უმეტეს, რომ წინასწარ არაფერი ვიცი, რომელ ტურში დავტოვებ კონკურსს, ან რა მოხდება. პროექტში მონაწილეობა ხელს შემიწყობს, ვაკეთო საქმე, რაც ძალიან მიყვარს - ვიმღერო ქართული სიმღერა.

- მთავარი საფიქრალი რა არის შენთვის დღეისთვის, რაც გაწუხებს?

- მინდა, სტაბილურად საფუძვლიანად ბუდე დავიდო ნებისმიერ ქალაქში - ბათუმი იქნება, თუ ნიუ-იორკი, რომ საკუთარი ბუდე მქონდეს. ბოლო ორი წელი არასტაბილურად ვიცხოვრე, ხან - კანადაში, ხან - ამერიკაში და ავირიე -ეს ყველაზე მატად მაწუხებს. ახლა ალბათ პროექტი დამეხმარება, რომ თავისუფლად ვაკეთო ჩემი საყვარელი საქმე. მირჩევნია, ვიყო ბედნიერი და მქონდეს ნაკლები შემოსავალი. ჩემი შვილი იზრდება და მომავალში განათლების მისაღებად მაინც უცხოეთში წავიყვან. მანამდე, როგორც ვთქვი, მინდა, ქართული კარგად იცოდეს, გამართულად წეროს, იკითხოს ამ ენაზე. ინგლისურს ყოველთვის ისწავლის და ყოველთვის შეძლებს გამართულად სწავლას.

მეცოდება ის ქართველი დედები, ვინც უცხოეთში სამუშაოდ იმყოფებიან და საშუალება არ აქვთ, შვილების სანახავად ჩამოვიდნენ. მინდა, მათ სტიმული მივცე. საქმე, რომელსაც აკეთებენ საზღვარგარეთ, კარგად გაეკეთებინოთ, უღირდეთ იქ ყოფნა და მალე დაბრუნებულიყვნენ თავიანთ ქვეყანაში!

- შესაძლებელია, რომ პროექტის შემდეგ აქ დარჩე და ამერიკაში აღარ დაბრუნდე?

- არ გამოვრიცხავ... ყველა გულშემატკივარს დიდ მადლობას ვუხდი, რადგანაც მხარში მიდგანან და მგულშემატკივრობენ, პირველ `ლაივზე~ თუ საჭიროდ ჩათვლიან, მხარი დამიჭირონ, მე მხოლოდ მოხარული და მადლობელი ვიქნები!

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება