რა შედეგი მოჰყვა ცუკერბერგისა და სენატორების შეხვედრას - ცვლილებები, რომელსაც "ფეისბუქი" განახორციელებს

რა შედეგი მოჰყვა ცუკერბერგისა და სენატორების შეხვედრას - ცვლილებები, რომელსაც "ფეისბუქი" განახორციელებს

ორი კვირის წინ სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ ხელმძღვანელი მარკ ცუკერბერგი აშშ-ის სენატის იურიდიული კომიტეტისა და ვაჭრობის საკითხების კომიტეტის წინაშე წარსდგა. ცუკერბერგის სენატორებთან საუბრის მთავარი თემა სოციალური ქსელის მომხმარებლების პირადი მონაცემების უსაფრთხოება იყო. „ფეისბუქის“ დამფუძნებელს კანონმდებლები 5 საათის განმავლობაში უსმენდნენ.

მარკ ცუკერბერგმა აღიარა, რომ ფეისბუქმა შეცდომები დაუშვა და არა მხოლოდ კემბრიჯ ანალიტიკას სკანდალში. მისი თქმით, კომპანიას სათანადო მასშტაბით არ შეუხედავს საკუთარი პასუხისმგებლობებისთვის. „ადამიანების დაკავშირება საკმარისი არ არის, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს კავშირები პოზიტიური იყოს. ადამიანებისთვის საკუთარ ინფორმაციაზე კონტროლის მიცემა საკმარისი არ არის - ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, იმისთვის, რომ ეს ინფორმაცია დეველოპერებმაც დაიცვან“ - ამბობს ცუკერბერგი და პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს: "ეს ჩემი შეცდომა იყო და ბოდიშს ვიხდი. ფეისბუქი მე დავიწყე, მე ვმართავ მას და მე ვარ პასუხისმგებელი იმაზე, რაც აქ ხდება", - განაცხადა მარკ ცუკერბერგმა კონგრესის წინაშე გამოსვლისას.

გამოძიება

ცუკერბერგი აცხადებს, რომ აქტიურად თანამშრომლობს ბრიტანულ და ამერიკულ მხარეებთან, იმისთვის, რომ კემბრიჯ ანალიტიკას საქმიანობა გამოძიებული იყოს. პარალელურად უკვე დაიწყო შეტყობინებების გაგზავნა იმ 87 მილიონ მომხმარებელთან, რომელთა მონაცემებიც უკანონოდ დამუშავდა. შეტყობინებები ეტაპობრივად იგზავნება, თუმცა იმის გადამოწმება, ამუშავებდა თუ არა კემბრიჯ ანალიტიკა თქვენს მონაცემებს, ამ ლინკზე თავადაც შეგიძლიათ. გარდა ამისა, კომპანია გადაამოწმებს ყველა იმ აპლიკაციას, რომელსაც მომხმარებელთა დიდი რაოდენობით მონაცემზე მიუწვდებოდა ხელი და თუ დარღვევას აღმოაჩენს, აუკრძალავს ფეისბუქზე ოპერირებას. ასევე, კომპანია წვდომას უზღუდავს იმ დეველოპერებს, რომელთა აპლიკაციებიც მომხმარებელს სამ თვეზე მეტია არ გამოუყენებია.ცვლილებები

ფეისბუქის დამფუძნებელი მომხმარებელს მისი პერსონალური მონაცემების დასაცავად არაერთ ცვლილებას პირდება. კომპანიამ უკვე განაცხადა სიახლეების შესახებ, რომელიც, მათი თქმით, ადამიანებს საკუთარი მონაცემების დაცვას და მართვას გაუადვილებს. შეიცვალა მობილური აპლიკაციის ინტერფეისი და უფრო მარტივი გახდა privacy განყოფილებაზე წვდომა, ამ ლინკზე გადასვლის შედეგად მომხმარებელი შედარებით ადვილად მოახერხებს იმის აღქმას თუ რა ინფორმაციას ინახავს მის შესახებ ფეისბუქი და შეძლებს ჩამოტვირთოს ან წაშალოს ეს ინფორმაცია. იგეგმება ცვლილებები „წესებსა და პირობებში“ , რაც, კომპანიის მტკიცებით, უფრო გამჭვირვალეს გახდის მონაცემთა დამუშავების პროცესს.

საკმარისია თუ არა, რასაც ფეისბუქი გვპირდება?

ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს რომ არა. სკეპტიკოსების აზრით, მთავარი პრობლემა არა „წესებსა და პირობებში“, ან კონკრეტულ აპლიკაციებში, არამედ ფეისბუქის ბიზნეს მოდელშია. ის ფულს მომხმარებელზე მორგებული რეკლამით შოულობს, შესაბამისად, ყოველთვის ეცდება მოიპოვოს და დაამუშავოს რაც შეიძლება მეტი მონაცემი ამ რეკლამის უკეთ მოსარგებად. მართალია, ფეისბუქზე დარეგისტრირებით მომხმარებელი მონაცემების გაცემას თავად თანხმდება, მაგრამ ბევრი ანალიტიკოსის აზრით, ეს ინფორმირებული თანხმობა არ არის. ამის დამტკიცება კონგრესში მოსმენისას ერთ-ერთმა სენატორმაც სცადა, როდესაც მარკ ცუკერბერგს ჰკითხა, მისი აზრით, ფეისბუქის მომხმარებლების რამდენ პროცენტს აქვს წაკითხული „წესები და პირობები“ თავიდან ბოლომდე.

„სენატორო, თქვენ მეკითხებით მათ შესახებ ვინც მთლიანად წაიკითხა? ვივარაუდებ, რომ ადამიანების უმეტესობა ამას მთლიანად არ კითხულობს. მაგრამ ყველას აქვს ამის საშუალება“, - აღნიშნა მარკ ცუკერბერგმა კონგრესის წინაშე გამოსვლისას.

შეიძლება თუ არა ფეისბუქი ფასიანი გახდეს?

ამ ვერსიამ კონგრესში მოსმენისას არაერთხელ გაიჟღერა. სენატორებმა ჰკითხეს ცუკერბერგს, შეიძლება თუ არა კომპანიამ განიხილოს ფასიანი და რეკლამებისგან თავისუფალი მოდელის არსებობა. სოციალური მედიის გიგანტის დამფუძნებელმა არ გამორიცხა ეს შესაძლებლობა, თუმცა იქვე დაამატა, რომ ფეისბუქის უფასო ვერსია ყოველთვის იარსებებს. გაკეთდა განცხადებები შესაძლო რეგულირებაზეც.

გაუძლებს თუ არა სკანდალს ფეისბუქი?ამ დრომდე კომპანიას სკანდალი მილიარდობით დოლარი დაუჯდა. ისევ აქტუალურია ჰეშთეგი #წაშალეფეისბუქი (#deletefacebook). ფეისბუქის ანგარიშები დემონსტრაციულად გააუქმეს “ტესლას“ დამფუძნებელმა ილონ მასკმა და "ეფლის" თანადამფუძნებელმა სტივ ვოზნიაკმა. თუმცა ფაქტია ისიც, რომ მარკ ცუკერბერგის კონგრესში გამოსვლას კომპანიისთვის კარგი შედეგი ჰქონდა - CNN-ის ინფორმაციით, ფეისბუქის აქციების ფასმა 4,5%-ით მოიმატა.

წყარო: პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"