ავტორი:

"სომხები რუსეთით დაიღალნენ და გაჩნდა მოწოდებები: წადი, შენ ოკუპანტი ხარ!" - დათმობს თუ არა რუსეთი პოზიციებს სომხეთში?

"სომხები რუსეთით დაიღალნენ და გაჩნდა მოწოდებები: წადი, შენ ოკუპანტი ხარ!" - დათმობს თუ არა რუსეთი პოზიციებს სომხეთში?

“არ ვიცი, არც ერთი ქვეყანა, სადაც “ხალხის” კანდიდატი პირდაპირ მოედნიდან იყოს არჩეული” - ასე ეხმიანება სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი კარენ კარაპეტიანი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს... მისივე თქმით, ახალი, ვადამდელი არჩევნები იმ შემთხვევაში ჩატარდება, თუ ამაზე ყველა მხარე შეთანხმდება... კარაპეტიანმა ოპოზიციონერ ლიდერ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრასა და საუბარზე უარი განაცხადა. მისივე თქმით, ულტიმატუმის ენით საუბარი, არც ერთი მხარისთვის არ არის მომგებიანი.

რამდენიმედღიანი პროტესტისა და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის შემდეგ, ფაშინიანმა ქუჩების დროებით გახსნის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, მუხტი არ იკლებს და დემონსტრაციები გრძელდება... ერევნის საპროტესტო ტალღა პოლიტიკურ ექსპერტებს ყოფილ საბჭოთა სივრცეში აქამდე ნანახ დემონსტრაციებს ახსენებს, თუმცა, რამდენიმე განსხვავებით - ერთ-ერთი თემაა - რუსეთი... სომხეთის მოსახლეობის ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ სტრატეგიული მოკავშირის გარეშე, სომხეთი ვერ იარსებებს, მეორე, უფრო ახალი თაობის მოსაზრებით, “სომხეთს სწორედ რუსეთი ძირავს და ეს უფროს თაობას არ ესმის ან არ უნდა, რომ ესმოდეს...”

AMBEBI.GE-მ სომხეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ექსპერტ რუბენ მეგრაბიანს რამდენიმე კითხვით მიმართა. მისი თქმით, თაობებს შორის განსხვავება აქციებშიც იგრძნობა: “ახალგაზრდები, რომლებიც ხედავენ, რომ სომხეთში 20 წელია სასიკეთოდ არაფერი იცვლება, თამამად ამბობენ, რომ რუსეთი ოკუპანტია, რომელიც სომხეთის ტერიტორიას უკვე “თავისად” აღიქვამს და ამას ვერ პატიობენ ახალგაზრდები...” - ამბობს მეგრაბიანი.

“25 აპრილს ჟურნალისტებმა და აქტივისტებმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც იმ დღეს მოსკოვიდან ჩამოვიდა, “ზვარტნოცის” აეროპორტში გამოიჭირეს. არც ერთ სახელმწიფო უწყებას ამის შესახებ ხმა არ ამოუღია და დღემდე უცნობია, ეს ვიზიტი წინასწარ იყო დაგეგმილი ამ საყოველთაო არეულობაში თუ იქ ინსტრუქციების მისაღებად ჩავიდა... ხალხის ზურგს უკან გაკეთებული ნაბიჯებით ისინი სულ უფრო და უფრო შორდებიან საზოგადოებას და გამოსავლის პოვნას რუსეთში ცდილობენ...

სომხეთში რუსეთის სამხედრო პოლიციის შექმნა მიმართულია ქვეყანაში მათი პოზიციების გამაგრებისკენ... არადა, ყველამ ვიცით, რომ ისინი ჩვეულებრივი დაქირავებულები იქნებიან, სამხედრო ფორმითა და იარაღით. რა მნიშვნელობა აქვს ქაღალდზე რა წერია, ის, რასაც ჩვენმა, იმედია, უკვე ყოფილმა ხელისუფლებამ რუსეთთან ხელი მოაწერა, სრულიად განსხვავდება გაცხადებული ინფორმაციისგან... იმედია, სულ მალე ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება” - აცხადებს სომეხი ექსპერტი.

ბოლო დღეებში ნიკოლ ფაშიანინი აცხადებს, რომ სომხეთში მიმდინარე გამოსვლებს ანტირუსული განწყობები არ აქვს, რასაც მეგრაბიანი ძალიან გონივრულ გადაწყვეტილებას უწოდებს, რადგან შეუძლებელია რადიკალურმა განცხადებებმა კარგი შედეგი მოგიტანოს:

“ახლა, სომხეთმა, პრაქტიკულად ყველა თავისი ბერკეტი დაკარგა, როდესაც კრემლს “უარი” უთხრა. არადა, ცოტა ხნის წინ სამხედრო პოლიციის ჩამოყალიბება, რბილად რომ თქვათ, რუსეთისგან ძალიან უხერხული წინადადება აღმოჩნდა, რომელსაც სომხეთის “დამოუკიდებელმა” ხელმძღვანელობამ, ვერ უთხრა უარი... ასე რომ, ერთია, სარგსიანის უკიდეგანო და უსასრულო ძალაუფლება და კიდევ სხვა არის, რუსეთი და მისგან მომდინარე საფრთხეები, - სომხები მუდმივად რუსეთთან დამოკიდებულებით დაიღალნენ და შესაბამისად, გაჩნდა მოწოდებები, - რუსეთო, წადი სომხეთიდან, შენ ოკუპანტი ხარ!..”

მისივე თქმით, რუსულმა მედიასაშუალებებმა და რუსეთის სახელმწიფო პირების ვითომ კორექტულმა განცხადებებმა, სომხეთის მოსახლეობაში ერთგვარი ბზარი გააჩინა:

“რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა გააკეთა ორაზროვანი განცხადება, რომ რუსეთი ყოველთვის ჩვენთან არის, ოღონდ საშინაო საქმეებში არ ერევა, არადა, რამდენიმე დღის წინ, სარგსიანს ესაუბრა პუტინი - საუბრის შინაარსი არ ვიცით, ისევე, როგორც საგარეო საქმეთა მინიტრის მოსკოვში ვიზიტის დანიშნულება, რაზეც ყველა დუმს... ერთი სიტყვით, - რუსეთი მანევრირებისთვის ყოველთვის იტოვებს ადგილს...

სარგსიანი წავიდა, მაგრამ მომავალი მმართველისთვის თადარიგს იჭერს, ბოლოს და ბოლოს გიუმრიში სამხედრო ბაზაზე 5 000-ზე მეტი სამხედრო ჰყავს, არაფერს ვამბობ შეიარაღაბაზე და სამხედრო პოლიციის ჩამოსაყალიბებაზე - პირველ ეტაპზე, 1000-ზე მეტ კადრს ამზადებდა... ასე რომ, ახლა არ ვიცი, რამდენად აქტიურად მონაწილეობს ამ პროცესებში, მაგრამ რუსეთი მაინც შეეცდება აქ ვითარება თავისი ინტერესების სასარგებლოდ გადაქაჩოს...

შესაბამისად, ახალმა მმართველმა, ვინც არ უნდა იყოს ის, ფაშიანიანი თუ სხვა, ძალიან ფრთხილად უნდა იმოქმედოს, რომ ვითარება უმართავი არ გახდეს, თორემ არაერთხელ ვნახეთ როგორ უჭირს რუსეთს პოზიციების დათმობა. არც იმას აღიარებს, რომ მასთან მჭიდრო კავშირში მყოფი ყველა ქვეყანა ჭაობშია” - აცხადებს მეგრაბიანი.

სომეხი პოლიტოლოგის თქმით, ახლა სომხეთში საკმაოდ რთული ვითარებაა, საშინაო და საგარეო კუთხით:

“ქვეყანა გეოპოლიტიკური არჩევანის წინაშე დგას, რუსეთმა ნახა, რომ სომხები ასე არ გაჩერდებიან. მან იცის, თუ როგორ არის სომხეთი ამ ეტაპზე საგარეო უსაფრთხოების კუთხითა და ეკონომიკით დაკავშირებული რუსეთთან, ასევე აცნობიერებს, რომ ასე ადვილად არაფერი შეიცვლება და ურჩევნია მასთან ურთიერთობა დამშვიდებული პროცესების შემდეგ, ასევე მშვიდად გააგრძელოს, ვიდრე ახლა რადიკალური განცხადებებით უფრო მეტად გააღიზიანოს მოსახლეობა, - ანუ ჩვეულებრივ, მათრახისა და თაფლაკვერის პრინციპს იყენებს, ოღონდ უფრო ლოიალურობას იჩენს” - ამბობს სომეხი ექსპერტი AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში.

მეგრაბიანის თქმით, ახლა მიმომხილველები სომხეთის ვითარებას საქართველოს 2003 წლის პერიოდს ამსგავსებენ. მაგრამ, ეს რეალობას აცდენილი შეფასებაა, რადგან საქართველოს განსხვავებული გეოპოლიტიკური ვითარება აქვს, თუმცა, სომხეთის გადარჩენის გზაც ევროკავშირია, რომელზეც რუსეთის ზეწოლით სარგსიანმა უარი თქვა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე