"მე არ ვარ მკვლელი" - ბიჭი, რომელიც 12 წლის სალომე ტატიშვილის გარდაცვალებაშია ბრალდებული, ღია წერილს ავრცელებს

"მე არ ვარ მკვლელი" - ბიჭი, რომელიც 12 წლის სალომე ტატიშვილის გარდაცვალებაშია ბრალდებული, ღია წერილს ავრცელებს

გუდაურში, სრიალის დროს შეჯახების შედეგად 12 წლის სალომე ტატიშვილის გარდაცვალებაში ბრალდებული გიორგი ლიპარტელიანის ოჯახი მედიის წარმომადგენლებს, უფლებადამცველებს და დიპლომატიურ მისიებს ღია წერილით მიმართავს. წერილში ლიპარტელიანები წერენ, რომ მათი ოჯახის წინააღმდეგ ორი წელია მიმდინარეობს ცილისმწამებლური დევნა და მათ უსაფუძვლოდ აბრალებენ სასამართლოზე ზეწოლას, კორუფციულ გარიგებას და მოსყიდვას.

ლიპარტელიანის ოჯახის წევრების ინფორმაციით, წერილი რომლითაც გიორგი ლიპარტელიანი საზოგადოებას მიმართავს, ერთი თვის წინ დაიწერა, მაგრამ არ გამოქვეყნებულა მისივე ადვოკატის თხოვნით, რადგან ადვოკატი თვლიდა, რომ ეს წერილი ერთგვარი მცდელობა იქნებოდა, მიმდინარე სასამართლო პროცესზე ზემოქმედების.

"მე ვარ გიორგი ლიპარტელიანი და მე არ ვარ მკვლელი.

გადავწყვიტე ორწლიანი დუმილის შემდეგ ხმა ამოვიღო და ყველას გავაგებინო იმ ცილისმწამებლური და უსამართლო კამპანიის შესახებ, რომელიც ჩემს წინააღმდეგ ხორციელდება. უკვე რამდენიმე თვეა ქართული მედიასაშუალებებით გადაიცემა ტენდენციური და ცალმხრივი სიუჟეტები, სადაც მომიხსენიებენ მკვლელად, ნაძირალად და უპასუხისმგებლო ადამიანად.

ყოველთვის მჯეროდა იმის, რომ სასამართლო იყო დავის გადაწყვეტის და სიმართლის დადგენის ბოლო ინსტანცია. ამიტომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვინარჩუნებდი დუმილს და ვცდილობდი ღირსეულად შევხვედროდი ყველა განსაცდელს. მაგრამ დადგა დრო, როცა სიჩუმე უნდა დავარღვიო და დაწვრილებით მოგიყვეთ ჩემი საქმის ყველა დეტალი.

წინასწარ გთხოვთ მომიტევოთ ჩემი ზედმეტი ემოცია და აღელვება, რაც განპირობებულია იმითაც, რომ უკვე რამდენი ხანია ვხედავ და ვისმენ, თუ როგორ მლანძღავენ არა მხოლოდ მე, არამედ მთელ ჩემს ოჯახს, ჩვენ უკვე ვიქეცით დევნისა და საჯარო შეურაცხყოფის ობიექტებად.

მოგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ დაახლოებით ორი წლის წინ ბრალი წამიყენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მიხედვით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას ითვალისწინებს. თუმცა, წელიწადნახევრის მანძილზე მიმდინარე სასამართლო გამოძიების შემდეგ, საქართველოს საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ მცნო წაყენებულ ბრალში და ჩემს წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა შეწყვიტა. მიუხედავად ამისა, დაღუპულის ოჯახი, მედია, არასამთავრობო სექტორი და ცალკეული პირები ყველანაირად ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მიმდინარე სააპელაციო სასამართლოზე ზეწოლის მოხდენას.

ყველაფერი 2016 წლის 10 იანვარს დაიწყო, დაბა-გუდაურში, სადაც ჩემს მეგობრებთან ერთად ვიმყოფებოდი. ისე მოხდა, რომ ტრასაზე სრიალისას ვერ დავიმორჩილე თხილამური, წავიქეცი და დავეცი თავით, რის შემდეგაც გადაუდებელი სასწრაფო დახმარების მანქანით წამიყვანეს თბილისში, როგორც შემდგომში გაირკვა, თავის მძიმე ტრავმით, უგონო მდგომარეობაში მომათავსეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

რამდენიმე დღის შემდეგ ჩემმა ოჯახმა გაიგო, რომ არსებობდა ეჭვები, თითქოს მე ვიყავი მონაწილე იმავე დღეს მომხდარი შეჯახებისა, რომლის შედეგადაც გარდაიცვალა 12 წლის სალომე ტატიშვილი. ეს ინფორმაცია მათთვის შოკისმომგვრელი იყო, მაგრამ ვინაიდან უკონტაქტო ვიყავი, ჩემგან ინფორმაციის მიღება შეუძლებელი გახლდათ. ამასთან, ჩემი ტრამვა და თვითმხილველი მეგობრები გავრცელებული ეჭვის საწინააღმდეგოს ადასტურებდნენ. დაკითხვები დაიწყო მანამ, სანამ მე გონზე მოვიდოდი და რაიმე ტიპის კონტაქტს შევძლებდი, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, როცა ფიზიკურად შევძელი, გამოძიებაზე მეც დამიბარეს და მოვყევი ყველაფერი, რაც მახსოვდა.

მე თავად განვაცხადე, რომ იმ ტრაგიკულ დღეს, დილით, ძალიან მცირე დოზით მივიღე ალკოჰოლური სასმელი. ამ ფაქტს ხაზი განსაკუთრებით მინდა გავუსვა, რადგან დღემდე ყველანი: პროკურატურა, დაღუპულის ოჯახი, მედია და არასამთავრობო სექტორი - ყველაზე მეტად სწორედ იმ ფაქტზე აპელირებენ, რომ, თითქოსდა, მე მთვრალი ვიყავი. ეს ასე არ არის! და... რაც მთავარია, ეს ინფორმაცია მხოლოდ ჩემი და ჩემი მეგობრების წყალობით გახდა ცნობილი პროკურატურისთვის, თორემ ალკოჰოლის დოზა იმდენად მცირე იყო, რომ სისხლის სამედიცინო ექსპერტიზამ სისხლში ალკოჰოლის არსებობა არ დაადასტურა. თავად განსაჯეთ - ეს ფაქტი აჩვენებს თუ არა ჩემი და ჩემი მეგობრების პატიოსნებას და ობიექტური რეალობის დადგენის სურვილს.

გამოძიების პროცესში ჩემს ტანსაცმელს, სათხილამურო ეკიპირებას, გარდაცვლილის ტანსაცმელს, მის ეკიპირებას და შემთხვევის ადგილზე არსებულ ყველა მონაკვეთს ჩაუტარდა ათამდე ექსპერტიზა, რომელთაგანაც არცერთი არ ადასტურებს ჩემი და გარდაცვლილის შეხებას. ეს ყველაფერი საქმის მასალებში წერია და მისი განხილვა პროკურატურას სადაოდ არასდროს არ გაუხდია.

სიმართლით დაინტერესებულ საზოგადოებას უნდა ვუთხრა ისიც, რომ მე დაბარებული ვიყავი საქართველოს პროკურატურაში, სადაც მივიღე შემოთავაზება ხელი მომეწერა განრიდების დოკუმენტებზე, რაც იმავე წუთიდან გამათავისუფლებდა ყოველნაირი პასუხისმგებლობისაგან. განრიდების შემოთავაზების მიზეზი იყო ის, რომ ბრალის წაყენების მომენტში ვიყავი 19 წლის და არსებული მუხლი მიეკუთვნებოდა ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. პროკურატურა მოითხოვდა ხელი მომეწერა საბუთზე, რომელიც ბრალის აღიარების სანაცვლოდ მთავაზობდა ჩემს წინააღმდეგ ყოველგვარი სამართლებრივი დევნის შეწყვეტას. მე იმ მომენტში ძალიან კარგად მქონდა გაცნობიერებული, რომ ამ შემოთავაზებაზე უარის თქმის შემთხვევაში წინ მელოდა სასამართლო პროცესები. თუმცა, მაინც მტკიცე უარი განვაცხადე, რადგან უპირველესად, მინდოდა ობიექტური გამოძიების გზით გარკვეულიყო და დამტკიცებულიყო ჩემი სიმართლე და ამასთან ერთად, მჯეროდა საქართველოს მართლმსაჯულების.

ამის შემდეგ დაიწყო სასამართლო მოსმენები, რომელთან ერთადაც მე გავიზარდე: საქმის დაწყებისას ვიყავი 19 წლის და საქმის დასასრულს 22 წელს ვუახლოვდებოდი. ამ პერიოდში მოვისმინეთ უამრავი პირდაპირი თუ არაპირდაპირი მოწმის ჩვენება, დაიკითხნენ სამთო-სათხილამურო სპორტში გათვითცნობიერებული ადამიანები, ტრასაზე იმ დროს მყოფი ბავშვები და ზრდასრულები. გამოქვეყნდა ექპერტიზის დასკვნები და მოვისმინეთ პროკურორის ბრალდებები.

ყველა მოწმე ერთხმად აცხადებს, რომ შემთხვევის ადგილას დაიღვარა უამრავი სისხლი, გამოიკვეთა შეჯახების სავარაუდო სურათიც. სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი ჩემი სისხლი სალომეს ტანსაცმელზე არ აღმოჩნდა, არც ჩემს ტანსაცმელზე - სალომეს სისხლი. და საერთოდ, საავადმყოფოში მიყვანისას არანაირი ჭრილობა, მოტეხილობა ან სხვა ტიპის დაზიანება არ მქონია, რაც შესაძლო შეჯახებას აუცილებლად უნდა გამოეწვია, ერთადერთი გახლდათ თავის მძიმე ტრავმა, რომელიც მივიღე მხოლოდ და მხოლოდ დაცემის მომენტში.

უამრავი სასამართლო პროცესის ჩატარების და მტკიცებულებათა შეჯამების შემდეგ მოსამართლემ გამოაცხადა განაჩენი და უდანაშაულოდ მცნო წარდგენილ ბრალდებაში (AMBEBI: თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის გამამართლებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ გააუქმა და 12 წლის გოგონას გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში ბრალდებულ გიორგი ლიპარტელიანს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. პროკურატურის მტკიცებით, ლიპარტელიანი სათხილამურო ტრასაზე ნასვამ მდგომარეობაში სრიალებდა, რამაც აღნიშნული შემთხვევა გამოიწვია).

როგორც წესი, ცივილიზებულ სამყაროში ყველა ადამიანს აქვს უფლება დაცული იყოს მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია, რომელიც დაფიქსირებულია ყველა ქვეყნის სახელმწიფოებრივ აქტში და არის სისხლის სამართლის ძირითადი პრინციპი, თუმცა ჩემს შემთხვევაში ეს ასე არ მოხდა - საქართველოს თითქმის ყველა წამყვანი ტელევიზიის ეთერში გადაიცა სიუჟეტები, სადაც მე მომიხსენიებდნენ, როგორც მკვლელს, მიწოდებდნენ ნაძირალას, აჩვენებდნენ ჩემს ფოტოებს და განიხილავდნენ ჩემს პირად ცხოვრებას. მათი განცხადებით, მე, თითქოსდა პრაღაში ამ უბედური შემთხვევის შემდეგ გამაპარეს მშობლებმა მაშინ, როდესაც, სინამდვილეში, მე აქ ინციდენტამდე ორი წლით ადრე ჩამოვედი სასწავლებლად და სამუშაოდ.

აქვე მინდა ვუპასუხო ჩემი და ჩემი ოჯახის მისამართით გამოთქმულ კიდევ ერთ უსამართლო ბრალდებას, რაზეც თითქმის ყველა წერს და საუბრობს... კერძოდ, თუ რატომ არ მივიდნენ ჩემი ოჯახის წევრები ბოდიშის მოსახდელად სალომეს ოჯახში. მსურს განვმარტო - ერთი, რომ მათ თავს უფლება ვერ მისცეს ჩემს მაგივრად მოეხადათ ბოდიში, რადგან ეს ავტომატურად ნიშნავდა იმ დანაშაულის აღიარებას, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო დადგენილი და რომელშიც საფუძვლიანად ეპარებოდათ ეჭვი და თან, იურიდიულად, დაზარალებულ მხარესთან ნებისმიერი სახის კონტაქტი შეიძლება ჩათვლილიყო მოლაპარაკების მცდელობად და ძიების შემაფერხებელ დამამძიმებელ გარემოებად. ხოლო რაც შეეხება ამ ბრალდების მორალურ მხარეს და ჩვენს დადანაშაულებას უგულობასა და მომხდარის მიმართ გულგრილობაში, ამაზე პასუხის გაცემა და განმარტებაც კი მიჭირს, რადგან ღმერთია მოწამე იმ გულწრფელი წუხილისა და განცდებისა, რაც მე და ჩემს ოჯახს გვქონდა და გვაქვს მომხდარი საშინელი ტრაგედიის გამო, უბრალოდ, ზოგჯერ სიტყვები უძლურია გრძნობის გადმოსაცემად.

რაკი ოჯახი ვახსენე, ისიც მინდა ვთქვა, რომ მე უკვე სერიოზულად მაღელვებს თბილისში მყოფი ჩემი ოჯახის ბედი, მადარდებს მათი უსაფრთხოება. სოციალურ სივრცეში ჩვენს წინააღმდეგ გავრცელებული კომენტარები და სიძულვილის ენა გასცდა ყოველგვარ ფარგლებს. ზოგიერთი ჩემს სიცოცხლეს დაუფარავადაც კი ემუქრება. აი, ამიტომ მე აღარ მაქვს გაჩუმების უფლება" - წერს ლიპარტელიანი წერილში.

ლიპარტელიანის ოჯახი ირწმუნება, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ საზოგადოების ზეწოლას ვერ გაუძლო და ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე მიუსაჯა ახალგაზრდას სამწლიანი პატიმრობა.

შეგახსენებთ, უბედური შემთხვევა გუდაურში 2016 წლის 10 იანვარს მოხდა. 12 წლის სალომე ტატიშვილს სრიალის დროს დიდი სისწრაფით შეეჯახა 18 წლის მოთხილამურე ბიჭი. სალომე ადგილზევე დაიღუპა, ახალგაზრდა მამაკაცი კი დაშავდა. შემთხვევიდან 2 წლის შემდეგ, საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ბესიკ ბუგიანიშვილმა გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა საქმეში ბრალდებულ გიორგი ლიპარტელიანს, რაც სალომე ტატიშვილის ოკახმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა სააპელაციოს განაჩენი - მეორე ინსტანციის სასამართლომ 12 წლის გოგონას გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში ბრალდებულ გიორგი ლიპარტელიანს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. პროკურატურის მტკიცებით, ლიპარტელიანი სათხილამურო ტრასაზე ნასვამ მდგომარეობაში სრიალებდა, რამაც აღნიშნული შემთხვევა გამოიწვია.

ვინ არის კახეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი?

"ბადრი ჩემთვის მკვდარია... ძალიან ცუდად მიდის ჩვენი საქმე, თავი რომ მოვიკლა, ბავშვებს რა ვუყო?" - ინტერვიუ ტარიელ ესებუასთან

სასამართლომ 6 წლის ბავშვის წამების საქმეზე დედას და მამინაცვალს პატიმრობა შეუფარდა