თიბისი გალერეაში ოლესია თავაძის გამოფენა - „ჩემი რობერტ ფროსტი“ გაიხსნა

თიბისი გალერეაში ოლესია თავაძის გამოფენა - „ჩემი რობერტ ფროსტი“ გაიხსნა

თიბისი გალერეამ ქართველი ხელოვანის - ოლესია თავაძის გრაფიკული სერიის გამოფენას - „ჩემი რობერტ ფროსტი“ უმასპინძლა. საგამოფენო სივრცეში ამავე სახელწოდების ალბომის პრეზენტაციაც გაიმართა, რომელიც თიბისისა და გამომცემლობა „სეზანის“ ერთობლივი პროექტით გამოიცა.

გალერეაში გამოფენილი 50-ზე მეტი ნამუშევარი 2015-2017 წლებშია შექმნილი და მხატვრის ბოლოდროინდელ შემოქმედებით ძიებებს ასახავს. ამ ძიებათა ეპიცენტრში მეოცე საუკუნის უდიდესი ამერიკელი პოეტი - რობერტ ლი ფროსტი აღმოჩნდა. პოეტ-ფილოსოფოსს, რომლის შემოქმედება ადამიანური არსებობის ფუნდამენტურ საკითხებსა და სამყაროში ინდივიდის მარტოსულობას ეხება, მსოფლიო კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

„როდესაც ხელოვნების რამდენიმე დარგი კვეთს ერთმანეთს, ეს არის განსაკუთრებული მომენტი. ხელოვნება ყოველთვის იმარჯვებს იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი ერთმანეთს ეხსნებიან. ამ შემთხვევაში, არაჩვეულებრივი მაგალითია პოეზიის და მხატვრობის ურთიერთგახსნილობისა, თითქოს ხელოვნების დამოუკიდებელმა დარგებმა პოეზიამ და მხატვრობამ ერთმანეთს გული გადაუშალეს. თქვენს წინაშე არის გენიალური პოეზია რობერტ ფროსტის და არაჩვეულებრივი კომპონირებული, გააზრებული მოქმედება მხატვრისა, რომელიც მართლა შედევრებს ქმნის.“ - განმარტა მხატვარმა გია ბუღაძემ.

წარმოდგენილი ნამუშევრები, ჟანრობრივად, ფროსტის პოეტური ნაწარმოებების ილუსტრაციებს წარმოადგენს. არსობრივად კი გრაფიკული ნამუშევრების ამ ციკლში, მხატვარი ამ ნაწარმოებების ერთდროულად ილუსტრატორიცაა და ინტერპრეტატორიც. არაორდინალური მხატვრული ექსპერიმენტით შექმნილი სერიის შესახებ თავად ავტორი, ოლესია თავაძე ამბობს: „ ჩემი რობერტ ფროსტთან მისასვლელი გზა, მთელ ცხოვრებას იტევს... ფროსტთან შეხვედრა მოულოდნელ, პირველი ნახვით სიყვარულს ჰგავდა. ყველა კერპმა უცებ უკან დაიხია. საკულტო ადგილი ფროსტს დაეთმო.“

მხატვარი და მწერალი ოლესია თავაძე დაზგურ ფერწერასა და გრაფიკაში მუშაობს. ილუსტრირებული აქვს არაერთი წიგნი. მისმა საბავშვო წიგნმა „Bursunsul and Paskualina” 2007 წელს საგამომცემლო ასოციაციის საერთაშორისო კონკურსზე გაიმარჯვა და მსოფლიოს 16 ენაზე გამოიცა. მხატვრის გამოფენათა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია 2013 წლის პერსონალური გამოფენა ქარვასლაში, რომლის ალბომ-კატალოგი - „ოლესია თავაძის სამყარო“ იმავე წელს დაიბეჭდა.

„გასაოცარი გამოფენაა, მსგავსი რამ არსად მინახავს. აქ არის პოეზიისა და გრაფიკის შეხვედრა. ძალიან მაღალი დონის, ღრმა და მშვიდი პოეტია რობერტ ფროსტი და ჩემთვის საყვარელი მანერით წერს. როგორც ჩანს, მისი ლექსების რიტმი აქვს საფუძვლად აღებული გრაფიკოს მხატვარს, როდესაც ჩნდება ის უცნაური ფორმები, რაც მის ნამუშევრებშია. ჩვენი მხატვარი, თავისმა მაღალმა სულიერებამ მიიყვანა ფროსტთან. პოეზიის და ფერწერის ასეთი შეხვედრა ძალიან იშვიათია, ეს არის უძვირფასესი საგანძური. ვფიქრობ, რომ ეს გამოფენა აუცილებლად უნდა ნახონ რობერტ ფროსტის სამშობლოშიც.“ - აღნიშნა ლიტერატორმა ლევან ბერძენიშვილმა.

ოლესია თავაძის რობერტ ფროსტის სიყვარულით შთაგონებული ნამუშევრების ნახვა მსურველებს თიბისი გალერეაში 1 მაისის ჩათვლით შეეძლებათ.

(R)

თეკლე ჯანელიძე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება