რას ეძებს ჩეხი მეთევზე ლისის ტბაზე: "არ ველოდი, რომ აქ რამე მსგავსს ვნახავდი..."

რას ეძებს ჩეხი მეთევზე ლისის ტბაზე: "არ ველოდი, რომ აქ რამე მსგავსს ვნახავდი..."

ბოლო დროს, მის შესახებ ხშირად ყვებიან. ზოგისგან იმასაც გაიგებთ, წლებია ლისის ტბაზე დადის, ეძებს და ძვირფას რამეებსაც პოულობსო. სინამდვილეში ზლატკო კოჟუშნიკი ჩეხი მეთევზეა. თევზაობაცა და მეტალო დეტექტორით ტბაში რაღაცების ძებნაც, მისი ჰობია.

„ტბის ირგვლივ სიარული და ძებნა წელს დავიწყე, დეკემბერში. ზამთრობით თევზი არ არის, მე კი ბუნებისა და ამ ტბის გარეშე თავს ცუდად ვგრძნობ, ამიტომ გადავწყვიტე, მეტალო დეტექტორით მევლო. ვნახე დაკარგული ბიჟუტერია, მეტალის სხვადასხვა ნივთი. ჩემთვის ყველაზე საინტერესო და საყვარელ ნაპოვნ ნივთებს თან ვატარებ. უმრავლესობა უკვე დაჟანგულია და გაწმენდა შეუძლებელია. ძვირფასი არც ერთი არ არის, მაგრამ ჩემთვის ბევრს ნიშნავს, რადგან მე ვიპოვე“ - მეუბნება მეთევზე.

იხილეთ ვიდეო

ყველაზე მეტად საბჭოთა კავშირის დროინდელი ნახევარკაპიკიანი უყვარს. მისთვის ორმაგი აღმოჩენა გამოდგა - არ იცოდა თუ ნახევარ კაპიკს ჭრიდნენ.

„გამოვარჩევ საბჭოთა კავშირის დროინდელ, 1925 წლის ნახევარ კაპიკიანს. არ ველოდი, რომ აქ რამე მსგავსს ვნახავდი. არც კი ვიცოდი, რომ ნახევარი კაპიკი საერთოდ არსებობდა და ეს ცოტამ თუ იცის. ასევე, მაქვს მეფის დროინდელი მონეტები - 1903, 1910 და 1913 წლების. ვიპოვე სამხედრო ღილები..."

როცა ყველაზე ძველი, 1831 წლის მონეტა იპოვა, დაინეტერსდა რამდენ წელს ითვლის ლისის ტბა. ადგილობრივებს ჰკითხა, მაგრამ ყველამ სხვადასხვა ვერსია უთხრა. აღმოჩნდა, რომ ზუსტად არავინ იცის. მერე დახმარება ერთ პროფესორს სთხოვა. პროფესორიც დაპირდა, რომ აუცილებლად გაიგებდა და ეტყოდა. უკვე სამი თვე გავიდა, მაგრამ ზლატკო პასუხს მაინც ელოდება.

„როცა მეკითხებიან, რას ვეძებ, ვპასუხობ - ოქროს, მაგრამ ჯერ მხოლოდ ოცნებაა. იქნებ, ოდესმე, ვიპოვო კიდეც. ამჟამად აღარ ვეძებ, ვთევზაობ. რატომ უნდა ეძებო, როცა შეგიძლია ითევზაო?!" - ამბობს ჩეხი მეთევზე.

საქართველოში 1997 წელს ეუთოს მისიით ჩამოვიდა. იქ მუშაობის პერიოდში ქართველ გოგონას შეხვდა, შეუყვარდა და დაოჯახდა.

„ეუთოს მერე, სხვადსხვა საქმის შესრულებაში ერთ-ერთ აფთიაქს ვეხმარებოდი. დღეს ტექსტებს ჩეხური ენიდან რუსულსა და ინგლისურ ენებზე ვთარგმნი. სამუშაო ბევრი არაა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სათევზაოდ ბევრი დრო მრჩება. ცხოვრება ისეთია, რომ ადამიანს საკუთარი პროფესია აქვს, მაგრამ სიცოცხლის განმავლობაში, გარკვეული მიზეზების გამო, სხვადასხვა რამის კეთება უწევს. ასეთია ჩემი ცხოვრებაც“.

საქართველოში ბედნიერია, მაგრამ თავისი სამშობლო ენატრება. ბოლოს ერთი წლის წინ იყო. ამბობს, რომ როცა ფული ექნება, ისევ წავა.

თევზაობა, ჰობია, რომელიც ყველაზე დიდი სიამოვნებას ანიჭებს. ამიტომ რამდენიმე ანკესით, თავისი სკამითა და დიდი აღჭურვილობით დადის.

„ადამიანი იმისთვის არ თევზაობს, რომ თევზი დაიჭიროს, ეს თერაპიული პროცესია. ჰობია, რომელსაც შეუძლია, ბავშვი ბევრ ცუდ რამეს აარიდოს. აქ დილაობით მშობლებს შვილები დაჰყავთ, მთხოვენ ხოლმე, რომ ბავშვებს ანკესი ვასროლინო. სიამოვნებით ვეხმარები. ბავშვებს მოსწონთ, მე კი მომწონს, რომ ასეთი ფორმით შეიძლება პატარას რაიმე კარგის ინეტერსი გაუჩინო“ - ამბობს ზლატკო კოჟუშნიკი და ოცნებას გვიმხელს - სურს ბავშვებისთვის საზაფხულო სათევზაო სკოლის გახსნა, სადაც თავად და იქაური მეთევზეები თევზაობას ასწავლიან.

„შევიძენთ რამდენიმე ანკესსა და ყველა საჭირო აღჭურვილობას. საათი მინიმალური თანხა - 5 ლარი ეღირება, რომ თავისი ხარჯები აანაზღაუროს. თევზაობა დასვენების აქტიური ფორმაა. ბავშვი თან სუფთა ჰაერზე დაისვენებს, თან თევზაობას ისწავლის, თან ბუნებასთან კონტაქტი ექნება. იმედია, ოდესმე მექნება საშუალება და ხელშეწყობა, რომ ეს იდეა განვახორციელო, რადგან დროს, რომელსაც ადამიანი თევზაობაში ატარებს, სიცოცხლის დროდ არ მიიჩნევა, ანუ რაც უფრო მეტს თევზაობ, მით უფრო მეტს ცოცხლობ“.

ავტორი: დარინა ქამადაძე

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ