"ქალაქში შემოსულია მკვლელი ნივთიერება, არავინ საუბრობს, ვინ მფარველობს და რატომ არის ეს ნივთიერება ასეთი ხელმისაწვდომი?" - ამის შესახებ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" საუბრისას კლუბ "ბასიანის" დამფუძნებელმა ნაჯა ორაშვილმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული ნივთიერება ("მეფედრონი") კონკრეტულ საიტზე იყიდება და ამის შესახებ მან თავად მიაწოდა ინფორმაცია სახელმწიფო უწყებებს.
"ერთი თვის წინ გავიგე, რომ 4 ადამიანი მძიმე ინტოქსიკაციით საავადმყოფოში მოხვდა. ეს ადამიანები 4-5 დღე კომატოზურ მდგომარეობაში იყვნენ. მაშინ დავინტერესდი და ამ ნარკოტიკულ საშუალებაზე ინფორმაცია მოვიკვლიე. როდესაც ეს ადამიანები კომიდან გამოვიდნენ, მივწერე, დამხმარებოდნენ გამერკვია, თუ რა ნივთიერებაა, რომელიც ასეთ მძიმე შედეგებს იწვევს. მათ თქვეს, რომ "მეფედრონი" კონკრეტული საიტიდან, ძალიან იაფად შეიძინეს. ამის შემდეგ დავიწყე მოკვლევა ამ ნივთიერებაზე, რადგან როდესაც ქალაქში ასეთი მძიმე ნივთიერება ჩნდება, ეს ნიშნავს რომ ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება და სახელმწიფო ამაზე არაფერს აკეთებს.... მე უწყებებისთის მიწოდებული მაქვს ინფორმაცია, რომ არსებობს საიტი, საიდანაც ძალიან ხელმისაწვდომია საშიში ნივთიერება და მიიღეთ ზომებითქო" - აღნიშნა ნაჯა ორაშვილმა.