ავტორი:

რას პასუხობს გიორგი გაბუნიას "მხოლოდ ქართულის" მონაწილე, რომელიც ჟიურის წევრმა "ასაკოვან ადამიანს" შეადარა

რას პასუხობს გიორგი გაბუნიას "მხოლოდ ქართულის" მონაწილე, რომელიც ჟიურის წევრმა "ასაკოვან ადამიანს" შეადარა

20 წლის ოთო კვალიაშვილი პროექტის "მხოლოდ ქართული" კონკურსანტია. ის ქუთაისიდანაა. მშობლიურ ქალაქში, უნივერსიტეტში ბიზნეს-ადმინისტრირების ფაკულტეტზე სწავლობს, მესამე კურსზეა. ამბობს, რომ სიმღერის გენი ბაბუისგან - ოთარ კვალიაშვილისგან გადმოეცა, რომელიც შესანიშნავად მღეროდა, ბავშვობიდან თვითონაც მღერის. უყვარს ქართული სიმღერა. კონკურსში მონაწილეობას წელს არ აპირებდა, ფიქრობდა, კარგად მოვემზადები და გაისად იმავე კონკურსში ვცდი ბედსო, მაგრამ ბოლო წუთში, მოულოდნელად გადაიფიქრა და კონკურსში ჩაერთო. სერიოზული ეტაპები გადალახა და საკონკურსო ათეულში მოხვდა.

მიუხედავად იმისია, რომ გასულ ლაივკონცერტზე არც ისე კარგი გამოსვლა ჰქონდა და რომ არა მაყურებელი, მეხუთე ადგილზე ვერც გადაინაცვლებდა. ამასთან, ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა გიორგი გაბუნიამ იმ დღეს ყველაზე დაბალი ქულით (6) შეაფასა.

- ბოლო კონცერტზე ბესო კალანდაძის "ტირიფები" შეასრულე. ჟიურიდან ყველაზე დაბალი ქულა გიორგი გაბუნიამ დაგიწერა. რას იტყვი ამაზე?

- ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად ვერ გამოვიყენე, მაღალი შედეგი არ მქონდა, ამიტომაც დამიწერა გიორგიმ დაბალი ქულა. საჭიროა მეტი მობილიზაცია, ყველანაირად უნდა ვეცადო, რომ შემდეგ ლაივზე მაქსიმალური შედეგი ვაჩვენო და სიმღერის წამოდგენა უკეთესად შევძლო. ჟიურიმ ასევე უკეთესად რომ შემაფასოს. ჟიურის აზრს მაყურებელი დიდ ყურადღებას აქცევს, რაზეც შემდეგ ბევრი რამ არის დამოკიდებული. ხალხის ხმაც გავლენას ახდენს, მაგალითად, ყველაზე დაბალი ქულები მქონდა და მაყურებლის ხმებით ბოლო ადგილიდან მეხუთეზე გადავინაცვლე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამის გამო უნდა მოვდუნდე.

- მართლია, ჟიური ამინდს ქმნის...

- შეიძლება საპირისპიროც იყოს, როგორც ვთქვი. იქნებ, იმ 6-იანმა მაჩუქა ბევრი ზარი?! ვინ იცის. ჟიურის კარგი შეფასებით უფრო მოტივირებული ვხდები. როცა ვინმე ცუდად მაფასებს, ისეთი ხასიათი მაქვს, ეს ყველაფერი ჩემზე დადებითად არ აისახება. ცუდად მოქმედებს.

- ჰოდა, რა განიცადე, როდესაც გიორგი გაბუნიამ გითხრა, სცენაზე 20 წლის ბიჭივით კი არა, ასაკოვანი ადამიანივით იმღერეო?

- სცენაზე ისე არ ვიდექი, როგორც უნდა ვმდგარიყავი, მეტი ემოცია უნდა გადმომეცა. პირველ რიგში, ჩემი თავის უკმაყოფილო ვარ. ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი არ გამომიჩენია სცენაზე და მინდა, ეს შევძლო. შინაგანად საკუთარი თავის კმაყოფილი რომ ვიქნები, ეს ნამდვილი შედეგი იქნება... თუ ეს ვერ შევძელი, ცხადია, მეც უკმაყოფილო ვიქნები.

- მოგწონს ქართული სიმღერები და მისი ახლებური ინტერპრეტაცია?

- რა თქმა უნდა, მომწონს. ეს სიმღერები, რაც ლაივებზე გაჟღერდა, კარგად დავიწყებული ძველია. ზვიად ბოლქვაძე უნიჭიერესი პიროვნებაა, პროფესიონალი, რომელმაც თავის საქმე 10-იანზე იცის და მისით აღფრთოვანებული ვარ. ზვიადის შემოქმედება მოსმენილი მქონდა, მაგრამ მის პროფესიონალიზმში უფრო და უფრო ვრწმუნდები. სიმღერებს ისე აკეთებს, რომ ძველი უცვლელი რჩება, ანუ ძირითადი ხაზი. მხოლოდ ახალი ჟღერადობით ლამაზდება. ისინი თანამედროვე ადამიანის თვალით არის დანახული. საინტერესოა, როგორ ასრულებდა მას სიტყვაზე, ბესო კალანდაძე და როგორ შეასრულებს 20 წლის ოთო. პროექტის დანიშნულება კიდევ ის არის, რომ ახალგაზრდებმა მოისმინონ, შეიყვარონ და თავადაც მოუნდეთ მისი შესრულება.

- როგორ ფიქრობ, რა შედეგები გექნება კონკურსში? რას მიაღწევ, რას მოგიტანს პროექტი?

- პროექტში გამარჯვების ამბიცია არ მქონია, ჩემი აზრით, ასეთი დამოკიდებულება არც ერთ კონკურსანტს არ უნდა ჰქონდეს. ხშირად არ ხდება ასე, მაგრამ "მხოლოდ ქართულის" მონაწილეები ერთმანეთის ძალიან ახლო მეგობრები ვართ, გვიყვარს ერთმანეთი. შიგნით თბილი ატმოსფეროა, მეგობრულ გარემოში ვმეცადინეობთ. მოკლედ, მთავარია, საკუთარი თავი კარგად წარმოვაჩინო, ასევე ჩემი კუთხე - იმერეთი, ქალაქი ქუთაისი, რადგანაც იმერეთიდან მხოლოდ მე ვარ. რა თქმა უნდა, პოპულარობასაც მოველი, რაც, ნელ-ნელა მწიფდება კიდეც. ესაა ჯერჯერობით...

- შენს თავზე კიდევ რას გვეტყვი?

- ვარ ძალიან მხიარული, იუმორით სავსე, მიზანდასახული, სამართლიანი...

- შეყვარებული არ ხარ?

- კი...

- სცენაზე რომ გამოდიხარ, ვისთვის მღერი?

- როგორც გითხარით მსმენელს, მაყურებელს, მინდა თავი კარგად დავამახსოვრო, თუმცა ეს კონკურსია და არავინ არაფრისგან ვართ დაზღვეული. ქრისტინე ჯაფარიძე თავის საქმის უბადლო პროფესიონალი, რომელსაც 10-წლიანი მუსიკალური განათლება ჰქონდა, მოულოდნელად გამოეთიშა კონკურსს. განვიცადე, მაგრამ რა უნდა ქნა?! კონკურსია. შეიძლება უცებ ისეთი გამოეთიშოს, რომ არ ელოდები. ამიტომ, საერთოდ არ ვფიქრობ იმაზე, გადავალ თუ არა შემდეგ ტურზე. ვიმეორებ, ნეტავ, როგორც მინდა, ისე ვიმღერო, რომ მაყურებელს ყურში და გულში ჩაწვდეს ჩემი ნამღერი.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს