ავტორი:

დადასტურებული სიცრუის კორპორაცია ანუ ფაროსანას ნაამბობი

დადასტურებული სიცრუის კორპორაცია ანუ  ფაროსანას ნაამბობი

გაფუჭებული იმიჯის აღდგენა ბევრად უფრო რთულია(და ზოგჯერ შეუძლებელიც), ვიდრე იურიდიული პასუხისმგებლობისგან თავის დახსნა. ეს ალბათ, პირველ რიგში, მედიასაშუალებებმა უნდა იცოდნენ, თუმცა...

აზიურმა ფაროსანამ მარტო ყანები კი არა გადახრა, ზოგიერთი მედიასაშუალების თუ პოლიტიკოსის იმიჯიც გადაჭამა.

ძალიან მარტივად ავხსნით - სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერს უნდა გამოევლინა კომპანია, რომელიც ფაროსანასთან ბრძოლის საინფორმაციო კამპანიას უზრუნველყოფდა. კანონის თანახმად, ეს ტენდერი იყო NAT ანუ მონაწილეების რაოდენობის, ვინაობის, შეთავაზებული თანხებისა და სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია არ იყო ხელმისაწვდომი. კანონი ამას იმიტომ ითხოვს, რომ გამოირიცხოს კორუფციული გარიგებები. მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაფორმდება ხელშეკრულება გამარჯვებულ კომპანიასთან, ცნობილი ხდება ტენდერში მონაწილე კომპანიების რაოდენობა და ვინაობა. მონაცემები ქვეყნდება შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე.

ფაროსანასთან ბრძოლასთან დაკავშირებული ტენდერის დეტალები(მონაწილეთა რაოდენობა, ვინაობა და შეთავაზებული თანხები) 4 მაისს გახდა ცნობილი. ტენდერში გაიმარჯვა "პალიტრამედიის" შემადგენლობაში შემავალმა სარეკლამო კომპანია "ედლაინმა" , რომელმაც საწყის ფასზე(887 000 ლარი) 177 399 ლარით ნაკლები შესთავაზა - სულ 709 601 ლარი. მისი კონკურენტი იყო შპს "სვოტ პროდაქშენი" – 887 000 ლარი.

თუმცა ზოგიერთმა მედიასაშუალებამ, პოლიტიკოსმა თუ არასამთავრობო ორგანიზაციამ 4 მაისამდე ანუ ტენდერის დეტალების გარკვევამდე დაიწყო წერა და ლაპარაკი იმაზე, რაც მათ შეუძლებელია სცოდნოდათ. ამას ჰქვია ტყუილი!

ზოგიერთი მედიასაშუალება ტყუილის შეფუთვაზე თავს არ იწუხებს. მაგალითად, 1-ელ მაისს ანუ ტენდერის დეტალების გარკვევამდე 3 დღით ადრე, სტუდია "მონიტორმა" გამოქვეყნდა ვიდეო, რომლის თანახმად თურმე ტენდერი, რომელშიც „ედლაინი“ მონაწილებდა, იყო უკონკურენტო. იქვე მიუთითა, რომ "ედლაინის" დამფუძნებელი ეკომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ცოლის ბიძაშვილია. ვიდეოში არ იყო მითითებული წყარო, თუ საიდან ჰქონდა "მონიტორს" ინფორმაცია ტენდერის უკონკურენტობის შესახებ - ოფიციალური ინფორმაციაა, სარწმუნო წყარომ მიაწოდა თუ ფაროსანამ უამბო. რაც მთავარია - "მონიტორს" დაავიწყდა ჟურნალისტიკის მთავარი კანონი ანუ მეორე მხარის პოზიციის დაფიქსირება. თუმცა აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ, რომ 4 მაისს, საღამოს "მონიტორმა" შეასწორა თავისი ინფორმაცია და მიუთითა, რომ ტენდერი კონკურენციით ჩატარდა. შეცდომის აღიარება და გასწორება სულაც არ არის სათაკილო და პირიქით, იმის წინაპირობაა, რომ მსგავსი შეცდომა აღარ დაუშვა.

1-ელივე მაისს ანუ ტენდერის დეტალების გარკვევამდე 3 დღით ადრე, "ტვ პირველის" ეთერში ნიკანორ მელია ამტკიცებდა, ციტატა: "გამოაცხადეს რაღაცა, მილიონ ლარამდე ტენდერი...და ვინ მოიგო ტენდერი, რომელიც უკონკურენციო იყო ანუ არ ჰყავდა კონკურენტი, დახურული ტენდერი? ..ქუმსიშვილის ოჯახის წევრმა, ქუმსიშვილის ცოლის ბიძაშვილმა". დაახლოებით იგივე გაიმეორა მან "რუსთავი 2"-ის ეთერში და პარლამენტის ტრიბუნიდან.

სამწუხაროდ, ნიკანორს არ ჰკითხეს "რუსთავი 2"-ში, საიდან ჰქონდა მას ინფორმაცია იმის შესახებ, რაც ჯერ ცნობილი არ იყო. მეტიც, "რუსთავი 2"-ის წამყვანი ტენდერზე საუბრისას შეფასებებით ნიკანორს არ ჩამოუვარდებოდა. ნიკანორის სიცრუის აქცენტები გააძლიერეს ნაკლებად ცნობილი და "ალიას" საყვარელი არასამთავრობო ორგანიზაციის "შეაჩერე კორუფციის" წარმომადგენლის ქეთი ენუქიძის კომენტარით, რომელიც ძალიან კი იყო მონდომებული კორუფციაში "ემხილა" "ედლაინი" და ქუმსიშვილი, მაგრამ ვეჭვობთ, მისი საუბრიდან მაყურებელს რაიმე აზრი გამოეტანა. კორუფციასთან "მებრძოლი" ეს "არასამთავრობო" უნიკალურია იმით, რომ მისი 3 დამფუძნებლიდან 2 ნასამართლევია, მათ შორის კორუფციის ბრალდებით(!..) თუმცა ეს სხვა სტატიის თემაა.

ნიკანორი რომ შეგნებულად ცრუობს, ეს ისახება მის რეიტინგზე, ამომრჩევლის მისდამი ნდობაზე და ფაქტი სახეზეა. თუმცა უფრო მძიმე სანახავია, როცა მედია პოლიტიკოს ტოლს არ უდებს სიცრუის ტირაჟირებაში.

1-ელივე მაისს ანუ ტენდერების დეტალების გარკვევამდე 3 დღით ადრე, "ალიამ" თავის საიტზე განათავსა ნიკა მელიას განცხადება "ტვპირველის" ვიდეოთურთ და აღნიშნა, რომ იმ ფაქტზე, რაზეც ნიკა მელია სკანდალის ატეხვას აპირებს, "შეაჩერე კორუფციის" წარმომადგენელმა ქეთი ენუქიძემ მასალები ექსკლუზიურად მიაწოდა. გაგეცინებათ და ეს "ექსკლუზიურად მიწოდებული მასალები"("ედლაინის" შესახებ, ტენდერის პირობების შესახებ და ა.შ) არის ის, რის ნახვასაც ინტერნეტში შეძლებდა ნებისმიერი, ვინ კლავიატურის გამოყენება იცის. ჟურნალისტიკის მთავარი კანონი "ალიასაც" დაავიწყდა - მეორე მხარეს არ შეხმიანებია.

პატარა გადახვევას გავაკეთებთ - ჟურნალისტიკის მთავარი კანონის დავიწყებამ შესაძლოა, ცუდი შედეგები მოუტანოს მის დამვიწყებელს. თუმცა "ალია" ამას რამდენჯერმე გადაურჩა.

მაგალითად, 7 წლის წინ, მას შემდეგ, რაც "კვირის პალიტრაში" დაიბეჭდა "პარაფსიქოლოგიის მამად" წოდებული ირაკლი ლომაიას მამხილებელი ჟურნალისტური გამოძიება, თუ როგორ ატყუებდა გაჭირვებულ ადამიანებს, "ალიამ" გამოაქვეყნა ლომაიას ინტერვიუ, სადაც ის "კვირის პალიტრის" ჟურნალისტს ფულის გამოძალვაში ადანაშაულებდა. „კვირის პალიტრის“ ჟურნალისტისთვის კომენტარისთვის არ დაურეკავთ! "პალიტრა მედიამ" სასამართლოში სარჩელი შეიტანა ლომაიას წინააღმდეგ, "ალია" კი დაინდო. სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, "პარაფსიქოლოგიის მამამ" "კვირის პალიტრის" ჟურნალისტის წინააღმდეგ გავრცელებული ინფორმაცია უარყო და ბოდიშიც მოიხადა და ამით დასრულდა საქართველოში მისი "პარაფსიქოლოგობა".

6 წლის წინ "ალიამ" გამოაქვეყნა შალვა ნათელაშვილის ინტერვიუ, რომელშიც ის "პალიტრა მედიას" ცრუბრალდებებს უყენებდა, რომელთა შორის მარგალიტია ის, რომ თურმე "კვირის პალიტრამ" ბავშვებს სკოლა წაართვა. "ალიას" კომენტარისთვის "პალიტრა მედიაში" არ დაურეკავს, თუმცა მედიასახლმა კვლავ დაინდო გაზეთი და მხოლოდ ნათელაშვილის წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი, რომელიც სრულად დაკმაყოფილდა.

"ალიას“ კომენტარისთვის არც მაშინ დაურეკავს, როდესაც დაახლოებით ერთი თვის წინ ზემოხსენებული „შეაჩერე კორუფციის“ წარმომადგენელის ვატო გელაშვილის ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელიც სიცრუეს ავრცელებდა „პალიტრა მედიის“ ერთ-ერთი ბიზნესსუბიექტის მისამართით და კვლავ მანიპულირებდა ნათესაობის თემით.

"პალიტრა მედია" არ აპირებს "ალიასთან" ან სხვა რომელიმე მედიასაშუალებასთან პოლემიკას, ამის აზრს ვერ ხედავს. თუმცა იმ მედიასაშუალებების წინააღმდეგ, რომლებიც ურცხვად ავრცელებენ სიცრუეს, აუცილებლად მიმართავს სასამართლოს.

თუ ეს კამპანია უშუალოდ "პალიტრა მედიის" წინააღმდეგ არის მიმართული, მაშინ ჩვენ კოლეგებს ვურჩევთ - ტყუილად ირჯებიან, ვერანაირი არასამთავრობო თუ სამთავრობო ორგანიზაციები ვერ მიაწვდიან კომპრომატს მედიასახლზე. "კომპრომატად" იმის გამოყენება, რომ თურმე "პალიტრა მედიის" დამფუძნებელი მინისტრის ნათესავია, სირცხვილია და ამას კარგად ხვდება მკითხველიც და მაყურებელიც. თუ ამ კამპანიის მიზეზი ის არის, რომ ნაკლებადწარმატებული მედიასაშუალებები გულს იოხებენ წარმატებულ მედიასახლზე შეტევით, ვაფრთხილებთ - ასე უფრო ნაკლებადწარმატებულები გახდებიან. როდესაც მეზობელს აქვს კარგი სახლი, შენ უფრო უკეთესი ააშენე, ის კი არ უნდა ეცადო, რომ მეზობელს სახლი დაუნგრიო.

თუ ეს დიმიტრი ქუმსიშვილზე შეტევაა და მინისტრის მთავარი "კომპრომატი" ის არის, რომ თურმე ბიზნესმენი ჰყავს ნათესავი, მაშინ არც ამ კამპანიის დამკვეთს და არც შემსრულებელს საქმე კარგად არ ჰქონიათ. თუმცა კარგად არის შესასწავლი, თუ ვინ არის დამკვეთი.

თუმცა შესაძლოა მესამე ვერსიაც - ერთმანეთს დაემთხვა იმათი ინტერესებიც, ვისაც "პალიტრა მედიაზე" შეტევა სურს და მეორე მხრივ იმათი, ვისაც ქუმსიშვილზე სურთ დარტყმა და ანსამბლი შექმნეს.

ეტყობა მათ არ იციან, რომ სიცრუეზე აგებული კამპანია ძალიან სწრაფად ინგრევა და ნანგრევებში იყოლებს სწორედ სიცრუის კორპორაციის ბინადრებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი