ავტორი:

"მხიარული და კარგი ტიპი ვარ..." - "მხოლოდ ქართულის" თელაველი კონკურსანტი დედამ აამღერა

"მხიარული და კარგი ტიპი ვარ..." - "მხოლოდ ქართულის" თელაველი კონკურსანტი დედამ აამღერა

პროექტი "მხოლოდ ქართული" დღეს მესამე ლაივკონცერტს წარუდგენს ქართველ მაყურებელს. მიუხედავად იმისა, რომ მსმენელთა გარკვეული კატეგორია, შემოქმედებითი ჯგუფის მიერ მომზადებულ სიმღერებს, ახლებურ არანჟირებებს დიდად არ იწონებს, კონკურსანტები და მათი ხელმძღვანელები ჩვეულ რიტმსა და რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. ამბობენ, რომ მაყურებელს დღესაც საინტერესო ტური ელის, თუმცა კონცერტამდე ტურის სახელწოდებას არ ასახელებენ.

AMBEBI.GE განაგრძობს "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტების თქვენთვის გაცნობას. ამჟამად, შოთა ლეგაშვილს წარმოგიდგენთ, რომელიც ჟიურიმ თელავში აღმოაჩინა, მოიწონა და მოხვდა კიდეც პროექტში.

"დავიბადე და გავიზარდე თელავში დავამთავრე პირველი საჯარო სკოლა, შემდეგ სამხატვრო სკოლა, ჩვეულებრივი ახალგაზრდა ბიჭი ვარ. ვსწავლობ თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ისტორიის სპეციალობის განხრით. მესამე კურსზე ვარ... ხატვა ჰობის დონეზე მაქვს და პროფესიად ამიტომ არ ავირჩიე, არ მინდოდა, რომ ძირითადი საქმე ყოფილიყო. თელავში იმიტომ ვსწავლობ, რომ იქიდან წასვლა დიდად არ მინდოდა, უნივერსიტეტი ჩვენს ქალაქში რომ არ ყოფილიყო, თეატრალურში მინდოდა ჩაბარება" - გვეუბნება შოთა.

სიმღერა პატარა ასაკში დაუწყია, მაგრამ ბავშვობაში ყურადღების ცენტრში ყოფნა, სადმე გამოჩენა არ უყვარდა:

"დედა ამბობს, ძალიან პატარას ტელევიზორში მოსმენილი სიმღერა თავის ხასიათში ზუსტად გამიმეორებია და მიხვდნენ, რომ სმენა მქონდა. დედის დამსახურებაა, რომ როცა სკოლა დავამთავრე, ხალხში ავმღერდი. გიტარაც სკოლის დამთავრების პერიოდში ავიღე ხელში. არც ვოკალზე მივლია და არც რომელიმე ინსტრუმენტზე. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ვოკალზე მხოლოდ ერთი თვე ვიარე ღრმა ბავშვობაში. ალბათ ჯობდა, მუსიკა სერიოზულად მესწავლა. მომავალში მინდა, სოლფეჯიო ვისწავლო.

ჩემით დავეუფლე აუდიოინჟინერიას, საკუთარი ნამუშევრებიც მაქვს შექმნილი, რომლის შესრულებაც მინდა, მაგრამ ჯერჯერობით არ ვარ იმ დონეზე, რომ რაღაც სერიოზული გავაკეთო. ისე, სტუდიური პროგრამაც დამოუკიდებლად ვისწავლე, თუმცა დაკვალიანება მაინც მჭირდება.

- შენი ჟღალი თმა და ცისფერი თვალები ალბათ მანამდეც ბევრი გოგონას ყურადღებას იქცევდა, პროექტში გამოჩენის შემდეგ, თაყვანისმცემლებმა მოიმატეს?..

- ბავშვობაში მეტად ჟღალი თმა მქონდა, ბოლო დროს გამიქერავდა. ზოგს შეღებილი ჰგონია. ასტიგმატიზმი მაქვს, თვალებზე გარკვეული პრობლემა, დღის განათებაზე მხედველობა მიჭირს, რომ დავდივარ, თვალებს ვხუჭავ. ამის გამო მეუბნებიან, რომ სერიოზული, მკაცრი გამომეტყველება მაქვს და ასეთი ვარ, მაგრამ როდესაც გამიცნობენ ხოლმე, არ ყოფილხარ მკაცრიო. მხიარული და კარგი ტიპი ვარ. რაც შეეხება გოგონებს, ჩვეულებრივად აქტიურობენ, როგორც ხდება ხოლმე.

- ვიდეოში, სადაც შენს თავს წარადგენდი, ამბობდი, რომ შეყვარებული არ ვარო...

- ეს იმისთვის არ მითქვამს, რომ შეყვარებულს ვეძებ, უფრო აჟიტირებულმა ვთქვი მას მერე, რაც ჟიურიმ შემაქო. ჩემი ხუმრობა ემოციურმა ფონმა გამოიწვია. ამის გარდა, ბევრი რამ ვიხუმრე, მაგრამ რატომღაც ვიდეოში ეს მოხვდა. მოკლედ, ახლა არ ვარ შეყვარებული, სიყვარულის მიმართ ჩემი დამოკიდებულება მაქვს. საერთოდ კი, სიყვარული როგორ მოდის და მიდის, ამას ადამიანი ვერ ხვდება. შესაძლოა მოზრდილი ადამიანისთვის ის სხვა ემოციებს იწვევს, ბავშვობაში გრძნობების გაკონტროლება ძნელია და სიყვარული რომ გგონია, შეიძლება არც არის სიყვარული. ეს ალბათ პატარაობაში ყველას გამოუცდია. რაიმე სერიოზული რომ ყოფილიყო, ასეთი შემთხვევა არ მქონია.

- პროექტში, რომელშიც აღმოჩნდი, ქართული სიმღერის სიყვარულმა მიგიყვანა?

- მიყვარს ქართული სიმღერა. პროექტს რაც შეეხება, არ ვიცი, ჩემი შესაძლებლობები როგორ იზომება, როგორ გავზომო, ვაკონტროლო საკუთარი თავი. ამდენი ადამიანის წინაშე გამოსვლა და მღერა არ არის ადვილი, ასეთი დიდი ნახტომი, ჩემს ცხოვრებაში ჯერ არ ყოფილა. ეს ემოცია თავს მართმევს, რომ დავფიქსირდე ისეთად, როგორიც ვარ. მანამდე პროექტებს ინტერნეტში რომ ვუყურებდი, მეგონა, მარტივად იქნებოდა ყველაფერი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იმაზე რთულად არის, ვიდრე წარმომედგინა. სიმღერის დამუშავება ამ ყველაფრის გათავისებაც რთულია. მაგრამ ვფიქრობ, რომ ქართული სიმღერა მაინც ყველაფერს სჯობია!

- მოგწონს ძველი სიმღერების ახლებური ინტერპრეტაცია, რასაც ზვიად ბოლქვაძე აკეთებს?

- კი, რა თქმა უნდა. შესანიშნავი მუსიკალური ხელმძღვანელია. მის შემოქმედებას ვიცნობდი, მაგრამ მასთან შეხება აქამდე არ მქონია და მიხარია, რომ ახლა გავიცანი. მასთან მუშაობა ძალიან საინტერესოა. პროფესიონალია და ბევრ რამეს აქცევს ყურადღებას. ბატონი ზვიადის მსგავსი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში მანამდე რომ ყოფილიყო, დღეს გაცილებით წინ ვიქნებოდი. მოკლედ, მისგან ბევრ რამეს ვსწავლობ.

- პროექტისგან რა მოლოდინი გაქვს?

- პროეტს კარგი მიზანი აქვს - ქართველებისთვის, ახალგაზრდებისთვის, ჩვენთვის, შემდეგი თაობებისთვის, ქართულ მუსიკას აჟღერებს. მსოფლიოში რაც კი დაწერილა, ყველაფერს ახლებური ვერსიები უკეთდება. ძველი მუსიკა თანამედროვე არანჟირებით რომ არ გაისმას, შეიძლება დაიკარგოს. განახლება საჭიროა. ამიტომ ამ ყველაფერს ჯანსაღად უნდა შეხედონ.

გამარჯვებაზე არ ვარ ორიენტირებული, პროექტიდან ბევრ რამეს ვიღებ და მიხარია. სიმღერისთვის თავის დანებებას არ ვაპირებ და იმედი მაქვს, ეს პროექტი დამეხმარება მუსიკალურ სფეროში მეტად განვვითარდე.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს