წიგნიერების საერთაშორისო კვლევის საგანგაშო შედეგები - საქართველოში 9-10 წლის მოსწავლეების 14%-ს წაკითხულის გააზრების მინიმალური უნარი არ გააჩნია

წიგნიერების საერთაშორისო კვლევის საგანგაშო შედეგები - საქართველოში 9-10 წლის მოსწავლეების 14%-ს წაკითხულის გააზრების მინიმალური უნარი არ გააჩნია

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა წიგნიერების საერთაშორისო კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ცენტრის კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ია კუტალაძემ განუცხადა, საქართველოში 9-10 წლის მოსწავლეების 14%-ს წაკითხულის გააზრების მინიმალური უნარიც არ გააჩნია.

ია კუტალაძის შეფასებით, 2006 წელთან შედარებით ჩვენმა მოსწავლეებმა შედეგები გააუმჯობესეს, გაიზარდა მათი საშუალო მიღწევა, ამასთან, შემცირდა იმ მოსწავლეთა რაოდენობა, ვისაც მინიმალურ დონეზე არა აქვს განვითარებული წაკითხულის გააზრების უნარი. თუმცა, 2016 წლის კვლევის მიხედვით, მეოთხეკლასელთა 14%-ს მაინც უჭირს წაკითხული ტექსტის გააზრება.

„ეს არის პირველი საერთაშორისო კვლევა, რომელშიც საქართველომ მიიღო მონაწილეობა. წიგნიერების საერთაშორისო კვლევა, გარკვეული პერიოდულობით, ხუთ წელიწდში ერთხელ ტარდება. პირველად ჩვენ ამ კვლევაში მონაწილეობა მივიღეთ 2006 წელს, ამჯერად ჩვენ 2016 წელს ჩატარებული წიგნიერების საერთაშორისო კვლევის შედეგები წარმოვადგინეთ. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ 2006 წლიდან 2011 წლამდე მოსწავლეთა მიღწევები გაუმჯობესდა, თუმცა კითხვაში ქართველი მოსწავლეების საშუალო მიღწევა საერთაშორისო საშუალო ნიშნულზე დაბალია. განსაკუთრებით ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ 9-10 წლის მოსწავლეების 14%-ს მინიმალურ დონეზეც არ აქვთ განვითარებული კითხვის, წაკითხულის გააზრების უნარი“, - განაცხადა ია კუტალაძემ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის შეფასებით, მეოთხეკლასელ მოსწავლეს, რომელსაც უჭირს წაკითხულის გააზრება, სწავლების მომდევნო საფეხურზე სერიოზული პრობლემები შეექმნება, ის ფაქტობრივად განწირულია აკადემიური მარცხისთვის.

„ბევრი საინტერესო მიგნება აქვს კვლევას. კითხვის უნარის შეფასება ხდება საინფორმაციო და მხატვრული ტექსტებით. თითოეულ ტექსტს თან ახლავს შეკითხვები, რომლებზე პასუხებითაც ვაფასებთ რამდენად იგებს და იაზრებს სხვადასხვა ტიპის ტექსტებიდან მიღებულ ინფორმაციას მოსწავლე, შეუძლია თუ არა ტექსტის სხვადასხვა ნაწილში მოცემული ფაქტებისა და მოსაზრებების ერთმანეთთან დაკავშირება და დასკვნის გამოტანა, ტექსტის ძირითადი აზრის წვდომა...წაკითხულის გააზრება საბაზო უნარია. ის სწავლა-სწავლების პროცესის ფუნდამენტია. ბავშვი ჯერ სწავლობს კითხვას და შემდეგ კითხულობს იმისთვის, რომ ისწავლოს. თუ ბავშვს არა აქვს განვითარებული კითხვის უნარი, უჭირს წაკითხულის გააზრება, ეს ნიშნავს, რომ მას პრობლემები ექნება სწავლაში, ის ფაქტობრივად განწირულია აკადემიური მარცხისთვის. ასეთი მოსწავლეების რაოდენობა 2016 წლის კვლევის მიხედვით 14%-ია, 2006 წელს კი 18% იყო. შესაბამისად, შემცირდა იმ მოსწავლეთა რაოდენობა, ვისაც მინიმალურ დონეზეც არა აქვს კითხვის უნარი განვითარებული. ეს ფაქტი თავისთავად პოზიტიურ დინამიკაზე მიუთითებს, თუმცა ის გარემოება, რომ მოსწავლეთა 14%-ს უჭირს კითხვა, ბევრი რისკის შემცველია და განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს; კითხვა არა მხოლოდ ბავშვის კოგნიტური განვითარების და სწავლის საფუძველია, არამედ ამ უნარს პიროვნულ განვითარებასთან აქვს ძალიან მჭიდრო ბმა. კვლევები ადასტურებს, რომ ბავშვები, რომლებსაც კითხვის უნარი არ აქვს განვითარებული, ხშირად ძალადობრივ და აგრესიულ ქმედებებს მიმართავენ“, - განაცხადა კუტალაძემ.

მისივე თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ კარგი მკითხველები გამოდიან ის ბავშვები, რომელთა მშობლებიც თავად კითხულობენ ბევრს.

„ამ კვლევის ფარგლებში ვსწავლობთ იმ გარემოს, რომელშიც ყალიბდება მოსწავლის კითხვის უნარი, ეს არის ოჯახი, სკოლა, კლასი... შევისწავლით იმ ფაქტორებს, რომლებიც აისახება მოსწავლეთა კითხვის უნარის განვითარებაზე. ეს გვაძლევს საშუალებას გარკვეული დასკვნები გავაკეთოთ და შევიმუშავოთ რეკომენდაციები მოსწავლეთა კითხვის უნარის გასაუმჯობესებლად. მაგალითად, ბავშვის მიღწევებზე მნიშვნელოვნად აისახება ოჯახის საგანმანათლებლო რესურსი. კვლევის მიხედვით, კარგი მკითხველები გამოდიან ბავშვები, რომელთა მშობლებიც თავად კითხულობენ ბევრს; მშობლები, რომლებიც სკოლამდელ ასაკში ეხმარებიან ბავშვებს კითხვის უნარის განვითარებაში, უკითხავენ წიგნებს, ესაუბრებიან წაკითხულზე, ხელს უწყობენ ბავშვების კარგ მკითხველებად ჩამოყალიბებას; სკოლამდელ ასაკში მშობლების მხრიდან ასეთი მხარდაჭერის პირობებში, მეოთხე კლასში მოსწავლეებს მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვთ - უფრო მეტად აქვთ განვითარებული კითხვის უნარი, ვიდრე იმ ბავშვებს ვისაც ასეთი მხარდაჭერა არ ჰქონიათ. ოჯახში სასწავლო რესურსებზე წვდომა, მშობლის მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი; ასევე მნიშვნელოვანია სკოლამდელ განათლებაში ჩართულობა. ჩვენი მეოთხეკლასელების 16% არ დადიოდა ბაღში, მათ უფრო დაბალი შედეგი აქვთ, ვიდრე იმ მოსწავლეებს, ვინც ისარგებლა სკოლამდელი განათლების სერვისებით. ბაღი და მშობლების მხარდაჭერა სასკოლო მზაობის ფორმირებას უწყობს ხელს. ეს კი თავისთავად უმნიშვნელოვანესი ფაქტორია არა მხოლოდ დაწყებით საფეხურზე, არამდე შემდეგაც. სკოლებში კითხვისთვის საჭირო რესურსების ნაკლებობა უარყოფითად აისახება მოსწავლეთა მიღწევებზე. სასკოლო ფაქტორების ანალიზი გვიჩვენებს თუ რა მიმართულებებით უნდა განხორციელდეს რეფორმები“, - აღნიშნა კუტალაძემ.

მისივე თქმით, ყველა საერთაშორისო კვლევა, რომელშიც საქართველო მონაწილეობს, მათ შორის ეს კვლევაც აჩვენებს, რომ ქალაქის სკოლის მოსწავლეებთან შედარებით სოფლის სკოლის მოსწავლეების მიღწევები უფრო დაბალია, კერძო სკოლის მოსწავლეების მიღწევები უფრო მაღალია, ვიდრე საჯარო სკოლის მოსწავლეების მიღწევები. თუმცა, მისივე განმარტებით, ეს სხვაობები გამოწვეულია იმით, რომ სოფელში ბავშვებს ოჯახში ნაკლებ სასწავლო, საგანმანათლებლო რესურსზე აქვთ წვდომა ვიდრე ქალაქში, ამასთან, მათ სკოლაშიც ნაკლები რესურსი ხვდებათ... მისივე თქმით, სოფლის მოსწავლეთა დაბალი მიღწევები სწორედ ოჯახსა და სკოლაში სოფლის მოსწავლეთა მწირი საგანმანათლებლო რესურსებით აიხსნება და ამაში სკოლის ადგილმდებარეობა არაფერ შუაშია. რესურსებთანაა დაკავშირებული კერძო და საჯაროს სკოლის მოსწავლეთა მიღწევებში არსებული სხვაობაც.

ამასთან, კუტალაძემ აღნიშნა, რომ ქართველი მოსწავლეების საკმაოდ დიდი პროცენტი მიუთითებს, რომ მოსწონს კითხვა, რაც მისი თქმით, უდავოდ კვლევის დადებითი და სასიამოვნო შედეგია.

აღნიშნული კვლევა 2016 წელს ჩატარდა და სამი დღის წინ გამართულ კონფერენციაზე გასაჯაროვდა. კვლევა მოიცავს 200 სკოლას, 5741 მოსწავლეს, 5700 მშობელს და 200 დირექტორს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ