ავტორი:

"დაწოლა ჩემთვის კოშმარია" - მუსიკოსი, რომელიც მძიმე ავადმყოფობის მიუხედავად, "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტებს გვერდიდან არ შორდება

"დაწოლა ჩემთვის კოშმარია" - მუსიკოსი, რომელიც მძიმე ავადმყოფობის მიუხედავად, "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტებს გვერდიდან არ შორდება

"მხოლოდ ქართული" ნელ-ნელა ძალებს იკრებს. კონკურსანტები პროექტს და სცენაზე დგომას თანდათან ეჩვევიან, თუმცა ზოგს უკვე შოუს დატოვებაც უწევს, რადგან კონკურსის წესებია ასეთი. "მხოლოდ ქართულს" გუშინ ნანუკა მიქაძე გამოეთიშა.

ცნობილია, რომ კონკურსანტები ძველი ქართული სიმღერების ახალ ვერსიებს ასრულებენ, რომელსაც მუსიკოსი ზვიად ბოლქვაძე ქმნის. მასთან ერთად, სცენაზე ჯგუფი "ნიუტონი" უკრავს, - კონკურსანტებს მუსიკალურ აკომპანიმენტს უკეთებს.

თამარ ბაბილუა, იგივე ბაბი, ჯგუფ "ნიუტონის" სოლისტი და კლავიშისტია, რომელსაც ჯგუფის წევრებთან ერთად, მთელი კონცერტის მანძილზე სცენაზე ყოფნა უწევს.

- როგორ აღმოჩნდა "ნიუტონი" "მხოლოდ ქართულში"?

- ადრე თბილისობაზე, სხვადასხვა ჯგუფთან ერთად, ქართული სიმღერების "რიმეიქები" გავაკეთეთ, ქალბატონ ბასა ფოცხიშვილთან ერთად ვიმუშავეთ. ჩვენ "შემოდგომის ნისლია" გვქონდა, რაზეც ერთი ამბავი ატყდა, ლამის "გადაგვიარეს". ასე რომ, ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება გვაქვს. სანამ ჯგუფში მოვიდოდი, მანამდე, ბიჭები რაღაც პროექტებში გამოდიოდნენ, მათ შორის, "ჯეოსტარშიც"... ქალბატონ მარინა ბერიძესთან თანამშრომლობდნენ. ბევრ საღამოსა და ღონისძიებაზე გამოვსულვართ და ახლაც ასე აღმოვჩნდით აქ.

- ამ ჯგუფის სოლისტი და კლავიშისტი ხართ. "მხოლოდ ქართულში" მუშაობა, კონკურსანტებთან სცენაზე ყოფნა თქვენთვის რას ნიშნავს?

- პროექტს მაღალი კლასის ჟიური, მუსიკალური ხელმძღვანელი ზვიად ბოლქვაძე ჰყავს, ასევე პედაგოგები, ვინც ბავშვებთან მუშაობენ. მიმაჩნია, რომ ზვიად ბოლქვაძე მსოფლიო დონის მუსიკოსია, მესამე პროექტია, რაც მასთან ერთად ვმუშაობთ. ჩემთვისაც დიდი გამოცდილებაა. ქართულ მუსიკას ვაკეთებთ, თუმცა აქაც ერთი ამბავი შეგვექმნა, ვიღაცეებს ვერსიები არ მოსწონთ. კონკურსანტებს კი, ჯერჯერობით ვფიქრობ, კარგად არც აქვთ გაცნობიერებული, რასთან აქვთ საქმე. ჩემთვის ქართული მუსიკის აჟღერება ამ ვერსიებით და ამ ფორმით მისაღებია. თუმცა რომ გითხრათ, ქართული მუსიკის დიდი მოყვარული ვარ-მეთქი, ასე არაა, მაგრამ პატივს ვცემ. ვუსმენ კლასიკას, თუმცა მივესალმები ყველა სიახლეს. პროექტი თუნდაც იმიტომ არის კარგი, რომ ყველამ დაინახოს, თუნდაც კოსტა კარანაძის მსგავს ბიჭსაც შეუძლია, იმღეროს ქართული სიმღერა და ნამღერი არ იყოს მაინცდამაინც ინგლისურად.

- ამდენი სიმღერის ათვისება ასე მცირე დროში არ გიჭირთ?

- სამ დღეში ისეთ რაღაცებს ვაკეთებთ, რაზეც ადამიანები ერთ-ორი თვე მაინც მუშაობენ. თავად ზვიადს სამუშაოდ მხოლოდ ერთი დღე აქვს. მერე ყველანი ერთად განვიხილავთ და კონკურსანტებთან ერთად რეპეტიციებს გავდივართ.

- ფავორიტი არავინ გყავთ?

- არა, ყველას თავისი სტილი აქვს და როგორც შეუძლია, ისე წარმოაჩენენ თავს.

- როგორც მუსიკოსი, როგორ შეაფასებთ სოფო ბათილაშვილს?

- ერთ-ერთი საინტერესო შემსრულებელია, მაგრამ ჯერ ბევრი რამ აქვს დასახვეწი. სასწაული გოგოა, საინტერესო ტიპაჟია, სცენაზე კარგად თამაშობს. მაყურებლის ყურადღებას სერიოზულად იქცევს. არადა, ჯერ მხოლოდ 18 წლის არის. რეპეტიციების დროსაც ძალიან მოწადინებულია, ყველაფერს ისრუტავს, რასაც პედაგოგი ეუბნება. კონსტანტინეზე შემიძლია ვთქვა, რომ არანორმალურია, ისეთია, ფალშსაც რომ პატიობ, იმდენად კარგი ტიპია. პოზიტიური, ნიჭიერი, განსხვავებულია, განსხვავებული ტემბრიც აქვს. რეპეტიციებზე შეიძლება იყოს კარგი და სცენაზე რას მოიმოქმედებს, არავინ იცის.

- ბაბი, ამჟამად როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

- სამი წელია, საქმე მაქვს სიმსივნესთან. 2015 წელს აღმოვაჩინეთ, ოპერაცია გავიკეთე და ქიმიების კურსიც ჩავიტარე. მერე იყო პაუზა, კონტროლის ქვეშ ვიყავი, თუმცა სიმსივნე სხვა ორგანოზეც გაჩნდა... ოპერაცია და "ქიმიები" ისევ დამჭირდა. იქიდან 8 თვის თავზე, მუცლის ღრუში კიდევ აღმოჩნდა რაღაცები და ახლა ქიმიოთერაპიას გავდივარ. 3-4 კურსი მჭირდება. მერე უკვე რაღაცეები კომპიუტერული ტომოგრაფიის საფუძველზე გაირკვევა. თუ ქიმიოთერაპიამ მეტასტაზები ვერ მოაშთო, ოპერაცია საქართველოში არ კეთდება.

- ამ პერიოდში ასეთი სერიოზული დატვირთვით მუშაობა შეიძლება?

- არ შეიძლება, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია, ამ რთულ სიტუაციაში ჩემთვის გამამხნევებელი ეფექტი აქვს. რომ დავწვე, მართლა კოშმარი იქნება. განტვირთვას საქმით ვახდენ.

- საოცარი მხნეობის მაგალითია. შეიძლება ზოგიერთს დეპრესია დაემართოს...

- დაავადებისთვის მნიშვნელოვანია, ფსიქოლოგიურად რამდენად ძლიერი ხარ. დიდი იმედი მაქვს, რომ საწყისი ეტაპია და ვუშველით! თუმცა ქიმიოთერაპია საშინელებაა. ამ პროცედურის შემდეგ რეპეტიციებზე მაინც დავდიოდი, მთლიანად მოშლილი და დასუსტებული.

- ბავშვის აღზრდაში ვინ გეხმარებათ?

- ჩემი 8 წლის შვილს ფოთში დედა უვლის. აქ მარტო ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ, თუმცა ბავშვი მეოთხე კლასში გადადის და მერე გადმოვიყვან ჩემთან.

- გინესის რეკორდი, ფორტეპიანოზე განუწყვეტელი 25-საათიანი დაკვრის შემდეგ მოხსენით. რა მოგიტანათ ამ ყველაფერმა?

- არაფერი, გარდა იმისა, რომ გინესის რეკორდსმენი გავხდი. როდესც ეს რეკორდი ჩავიფიქრე, 2014 წელი იყო, მაშინ ჩემი დაავადების შესახებ არაფერი ვიცოდი... რაღაცები გავგზავნე, ვემზადებოდი, 11 თვე ველოდებოდი, სანამ განიხილავდნენ. იმ პერიოდში, 2015 წელს დაავადება აღმომაჩნდა. რეკორდი 22 საათზე და 10 წუთზე ერთ-ერთ გერმანელ გოგონას ჰქონდა მოხსნილი და სანამ რაღაცები გაირკვა, ვიღაც ინდოელმა მამაკაცმა 27 საათით მოხსნა, ამდენს ჩემი ჯანმრთელობის გამო ვერ შევძლებდი, ამიტომ 25 საათი ავიღე. საათში მხოლოდ 3 წუთი მქონდა შესვენება, როდესაც წყლის დალევის და საპირფარეშოში გასვლის საშუალება მეძლეოდა. ისე გადავწყვიტე, რომ სამ საათში ერთხელ, 9-10 წუთს ვისვენებდი. დანარჩენი, სამი საათი გაუჩერებლად ვუკრავდი.

- რისთვის გააკეთეთ ეს?

- მინდოდა, ჩემი სახლი მქონოდა, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა გარდა იმისა, რომ საქართველომ გაიგო ეს ამბავი, გინესის რეკორდსმენი გავხდი...

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ