ავტორი:

"ვერ ვიტან ქალებს, რომლებსაც შეუძლიათ, ცოლიან კაცს სხვა კუთხით შეხედონ..." - რატომ არ უჭირს ნინო ლეჟავას "ნაილას" როლის თამაში

"ვერ ვიტან ქალებს, რომლებსაც შეუძლიათ, ცოლიან კაცს სხვა კუთხით შეხედონ..." - რატომ არ უჭირს ნინო ლეჟავას "ნაილას" როლის თამაში

პოპულარული სერიალი `ჩემი ცოლის დაქალები~ სავსეა სხვადასხვა ხასიათის პერსონაჟით, რომლებიც მაყურებელს პირველი გამოჩენისთანავე ამახსოვრებენ თავს. ამჯერად სერიალის ყველაზე ექსცენტრიულ ქალბატონზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას - პრეზიდენტის მეგობარ, მომღერალ ნაილა ხუნწარიაზე, რომელსაც მსახიობი ნინო ლეჟავა ასახიერებს. ეს ქალბატონი სერიალში ადრეც გამოჩენილა, მაგრამ ახლა მისმა პერსონაჟმა წინა პლანზე წამოიწია.

ნინოს სწორედ მაშინ შევხვდით, როდესაც ვახო ოქრუაშვილთან, იგივე ნუგოსთან ერთად, გადასაღები მოედნის ერთ-ერთი ლოკაციისკენ მიემართებოდა. ისინი ბოლო დროს უშუალო პარტნიორები გახდნენ.

ნინო ლეჟავა, მსახიობი:

"ჩემი პერსონაჟი ნაილა ხუნწარია სერიალში ალაგ-ალაგ ჩნდებოდა, ყოველთვის ცოტა ვულგარულ-ექსცენტრიული იყო, მაგრამ ეს ხაზი ახლა მეტად გააქტიურდა. ის სერიალის პრეზიდენტის ბავშვობის მეგობარი აღმოჩნდა. ნაილა როგორი პერსონაჟია? ისეთი, მე რომ არ ვგიჟდები ასეთი ტიპის ქალებზე, მაგრამ მის შესაქმნელად ბევრი ადამიანისგან ავკრიფე რაღაცები, ანუ რაც წამიკითხავს, მინახავს, შემხვედრია, თუნდაც რესტორნებში (დიდად არ დავდივარ, მაგრამ როცა ვყოფილვარ, ხომ მინახავს, ჩემი ყურადღება მიუქცევიათ). პერსონაჟის შტრიხებში ცოტა ჩემი ფანტაზიის ნაყოფიც არის და ასე.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მისი ბედი, ყველაფერი სცენარისტზეა დამოკიდებული. თუმცა, ამ ეტაპზე რა ტიპიც არის, ვფიქრობ, რომ ალალი ქალია, არაფერს მალავს და არ თამაშობს, არის ისეთი, როგორიც არის. იქნებ გამოჩნდეს, აღმოჩნდეს, რომ საკმაოდ დრამატული ცხოვრება აქვს გავლილი და ამ ყველაფერს ამიტომ აკეთებს?! როგორც უნდა იყოს, სტილისტურად და ჟანრობრივად იმ ტიპის სიმღერებს, როგორსაც ნაილა ასრულებს, მეტი მსმენელი ჰყავს, მათი პროდუქცია იგივე სამარშრუტო ტაქსებში კარგად იყიდება. ჰოდა, ნაილა, კუჭი რომ არ გამოუხმეს, ამ სიმღერებს იქნებ ამიტომ ასრულებს?

- ე.ი. ამ როლის თამაში არ გიჭირს?

- ძალიან საინტერესოა. ჩემი ბუნებიდან, სოციუმიდან, მსოფლმხედველობიდან აბსოლუტურად განსხვავებული გმირია სათამაშო, პიროვნულად მეტ წინააღმდეგობას ვხვდები და ბევრად უფრო საინტერესოა. თორემ იმას რომ თამაშობ, რაც ხარ, ეგ უინტერესოა. ნაკლებ სირთულესთან არის დაკავშირებული და როლის მიმართ ინტერესიც ნაკლებია.

- როგორც ირკვევა, ნაილა სერიალის პრეზიდენტის ბავშვობის მეგობარია. რას იტყვი თავად პრეზიდენტზე?

- ერთნაირი ხასიათები აქვთ, გემოვნებაც ერთნაირი აქვთ და იმიტომ არიან ერთ მუშტად შეკრულები. საოცარი მეგობრები არიან, ერთ-ერთ სერიაში ნაილა ახსენებს კიდეც, პრეზიდენტის ხმებისთვის რეები აქვს გაკეთებული. ჩემი პერსონაჟი პრეზიდენტის გულმხურვალე მეგობარი და მხარდამჭერია.

- რას იტყვი არაპროფესიონალ მსახიობ ვახო ოქრუაშვილზე, რომელიც ნუგოს როლს ასრულებს და ბოლო დროს შენი უშუალო პარტნიორი გახდა. როგორი პარტნიორია?

- არაპროფესიონალი მსახიობია ქეთი ხუციშვილიც, იგივე ლუნა, ნუგოს მეუღლე. ამ ადამიანებმა დაამტკიცეს, რომ სერიალის ნაწილები არიან და ძალიან შეერწყნენ "ჩცდ"-ს. მართლა გადასარევი პარტნიორები არიან და ბევრ დიპლომიან მსახიობზე უფრო ნიჭიერები. პრაქტიკამ კიდევ მეტი შეიძლება შეგძინოს და არა მხოლოდ სწავლამ. თუ არ შეისისხლხორცე, რასაც გასწავლიან, გაითავისე, არაფერი გამოვა. ასევე საჭიროა, ღვთისგან ბოძებული ნიჭი, რომელიც სწავლასთან და პრაქტიკასთან ერთად უნდა გქონდეს. ისინი ღვთისგან ბოძებულ ნიჭს ჭკუა-გონებას საკუთარ განათლებას აყოლებენ. რაც მთავარია, საქმეში დიდ სიყვარულს დებენ. თუ არ გიყვარს ის, რასაც აკეთებ, მალევე მოგბეზრდება, დაიღლები.

- თუმცა ნაილა მთლად კარგ საქმეს ვერ აკეთებს, მგონი, ნუგოს ოჯახს უნგრევს. რას გვეტყვი ამაზე?

- ჩემს გმირს კი არ ვიცავ, მაგრამ ხომ არსებობენ ასეთი ქალებიც? მესამე როგორ დაგინგრევს, თუ მყარია მამაკაცის პოზიცია და მეუღლესთან კარგად გრძნობს თავს? სერიალში როგორც კი გამოჩნდა, ეს ორი ადამიანი - ლუნა და ნუგო, ვუყურებდი, მათ შორის სიცივე, შეუთანხმებლობა, ჩხუბი, დამცირება იყო სულ. ოჯახის უფროსად ნუგო არ გამოჩენილა, ქალს მიჰყავს სადავეები. მერე ვიღაც სხვა ქალისგან მოფერება, სითბო იგრძნო და რასაკვირველია, იქით გადაჩოჩდა. ცხოვრებაში ასე ხშირად ხდება.

მიუხედავად იმისა, რომ ისეთ ქალებს ვერ ვიტან, რომლებსაც შეუძლიათ, ცოლიან კაცს სხვა კუთხით შეხედონ. არ მომწონს ნამდვილად და არ ვეთანხმები, მაგრამ არასოდეს ვთქვათ, არასდროს - ესეც ხომ არის?! ამ შემთხვევაში, ნაილას ცხოვრებაში არც ერთხელ არ გაუმართლა, სულიერად ტრავმირებული ადამიანია, ოღონდ, ხელიდან ხელში არასდროს გადასულა, საყვარელები არ ჰყოლია, სულ ქმრები ჰყავდა და მუდმივად ბედნიერების ძიებაში იყო და არის. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. იქნება და საერთოდ მოდის ეს კაცი იმ ქალისგან, ან პირიქით? ვიმეორებ, არც ერთი კაცი არ დაანგრევს ოჯახს, თუ თვითონაც არ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ამ ნაბიჯის გადადგმა თავად არ უნდა! მიუხედავად იმისა, რომ ამაში ქალები დიდ როლს თამაშობენ.

- ცხოვრებაში თანამდებობის პირი მეგობრები თუ გყავს?

- ჩემი ძალიან კარგი, ფრიადოსანი კლასელები საპასუხისმგებლო თანამდებობებზე არიან, მაგრამ ისე, როგორც ნაილას შეუძლია პრეზიდენტთან კაბინეტში შესვლა და სიტყვაზე, რაიმე დახმარების თხოვნა, ცხოვრებაში ასეთი ურთიერთობაც რომ მქონდეს ხალხთან, ასე არ არის, ასეთი ტიპი არ ვარ. ვერავის შევაწუხებ, დავავალდებულებ. თან, ძალიან უხერხულია.

- ნაილას რაიმე მსგავსი თუ აქვს შენთან?

- მხოლოდ ის, რომ ემოციური დ ქოთქოთაა, მეტი არაფერი.

- როგორ გაფასებს რეჟისორი მეუღლე - გოგა ქაჩიბაია?

- გაწონასწორებული და მშვიდი ადამიანია, ზედმეტად გადახარხარებაც არ იცის ხოლმე, კარგად რომ გაიღიმებს, მეტყვის, რომ გადამეტებული არ არის, ზომიერება დაცულია და ვმშვიდდები. თუმცა, ამ ჟანრის როლი იმის საშუალებას გაძლევს, ზედმეტებში გადავიდეს, ამიტომ, სულ ვაკონტროლებ და ვაკონტროლებ. ტელეკამერა ძალიან ფაქიზი რამაა, ვცდილობ, თამაშის დროს მეტი არ მომივიდეს.

ვახო ოქრუაშვილი: "ნუგომ სითბო სადაც იგრძნო, იქით წავიდა... იცით, ბოლო წლებში რაც მათ ოჯახში ხდებოდა. თან, ლუნა იყო მათთან ლიდერი, მართავდა და აკონტროლებდა ყველაფერს, რომლისგანაც საოცარ სიცივეს გრძნობდა. მაგრამ ვნახოთ, სცენარისტი როგორ წაიყვანს ნუგოს ხაზს, ფაქტია, რომ ჯერ სითბო ამჯობინა.

- ნუგოს რითი გავხართ?

- არაფრით. მე და ნუგო ცა და დედამიწასავით ვართ. ძალიან განვსხვავდებით. გეტყვით იმას, რომ რეალურ ცხოვრებაში ჩემი ნამდვილი მეუღლე 53-ე სკოლაში ნინოს პარალელური კლასელი იყო. ნინოს ბებია მუსიკას 7 წელი ასწავლიდა ჩემს ცოლს. ასე რომ, მეგობრები არიან. მოკლედ, ნინოსთან მუშაობა სასიამოვნოა, ერთმანეთს შევეჩვიეთ, ახლობლები ვართ და თან, რომანტიკული სცენებიც გვქონდა, პრობლემა არ არის. ეს ხუმრობით, იუმორი მიყვარს და რა ვქნა?

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ