თიბისი გალერეაში ნიკოლას ილინის წიგნის “Memories of Tiflis” პრეზენტაცია გაიმართა

თიბისი გალერეაში ნიკოლას ილინის წიგნის “Memories of Tiflis” პრეზენტაცია გაიმართა

თიბისი გალერეაში ერმიტაჟის მუზეუმის გენერალური დირექტორის მრჩევლის - ნიკოლას ვ. ილინის წიგნის “Memories of Tiflis” პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაცია თბილისის თანამედროვე ხელოვნების პირველი საერთაშორისო ბაზრობის ფარგლებში ჩატარდა, რომლის ოფიციალური მხარდამჭერი თიბისი სტატუსია.

წიგნში თავმოყრილია ინგლისურ ენაზე ნათარგმნი ლევან ჭოღოშვილის, ნანა ყიფიანის, გიორგი გერსამიას, თამაზ გერსამიას, გიორგი კალანდიას, აკა მორჩილაძის, ლევან ცეცხლაძისა და დონალდ რეიფილდის ესეები და ჩანაწერები, ასევე ფოტოები სხვადასხვა მუზეუმებისა და კერძო კოლექციებიდან, რომლებიც მეოცე საუკუნის დასაწყისის თბილისის არქიტექტურას, ხელოვნებას, მუსიკას, ფოლკლორს, ლიტერატურასა და ფოტოგრაფიას ასახავს.

„Memories of Tiflis-ზე მუშაობა 3 წლის წინ დავიწყეთ. ჩემთვის ეს იყო სასიამოვნო მოულოდნელობა, თუნდაც იმიტომ, რომ ქართული ავანგარდი და მოდერნიზმი დღესდღეობით საქართველოში მივიწყებულია. 1910- 1932 წლები ძალიან ძლიერი და ინტერნაციონალური პერიოდი იყო საქართველოში. ერთ შემთხვევას გავიხსენებ: 1923 წელს, მხატვარმა ილია ზდანევიჩმა პარიზში წაიკითხა ლექცია. მეორე დღეს კი, იმ პერიოდის ხელოვნების კრიტიკოსებმა პრესაში დაწერეს, რომ ზდანევიჩმა დაანახა ტრისტან ცარას და ჰუგო ბალს - დადაისტების მამამთავრებს, რომ ისინი უკვე მოძველდნენო. ჩვენმა წიგნმა ძალიან კარგად ასახა მე-20 საუკუნის დასაწყისის თბილისი. წიგნი არქიტექტურის, ვიზუალური ხელოვნების, ქალაქის ფოლკლორისა და ეთნოგრაფიის შესახებ თავებად არის დაყოფილი. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის პირველი გამოცემა, რომელიც ამ პერიოდის თბილისს ეძღვნება.“ - განმარტა წიგნის თანაავტორმა, ხელოვნების ისტორიკოსმა - ნანა ყიფიანმა.

ნიკოლას ილინისა და თბილისის ურთიერთობა 1965 წელს დაიწყო, როდესაც გერმანიაში ვიზიტით ჩასულმა ქართველმა ექიმმა მას „ვეფხისტყაოსანი“ აჩუქა. მოგვიანებით რეჟისორები - ოთარ იოსელიანი, გიორგი დანელია და ლანა ღოღობერიძე გაიცნო, ფარაჯანოვის რამდენიმე ფილმი ნახა და ქართული კულტურით მოიხიბლა. თბილისს პირველად 2008 წელს მეგობრების ქორწილისთვის ესტუმრა.

ქალაქის ისტორიით, არქიტექტურით, კულტურითა და ხალით შთაგონებულმა ნიკოლას ილინმა თბილისური ამბების ერთ წიგნად შეკრება გადაწყვიტა. ბოლო 10 წლის განმავლობაში ქალაქს ის რამდენჯერმე ეწვია და წიგნისთვის ძველი ღია ბარათები შეაგროვა.

„დიდი ხანია მოხიბლული ვარ ქართული კულტურით, ხალხით, თუმცა პირველად 10 წლის წინ ვესტუმრე თბილისს. მაშინვე გადავწყვიტე წიგნის გამოცემა ამ ქალაქზე. თბილისური ქრონიკების შეკრებაში დამეხმარნენ არაჩვეულებრივი ადამიანები, ირინე პოპიაშვილი, დავით ლორთქიფანიძე, ლიკა მამაცაშვილი, თამილა ცაგარეიშვილი, ზურაბ და ვასილ წერეთლები. ისინი ხელოვნების ნამდვილი გულშემატკივრები არიან. წიგნში აქცენტი 1870-1920 წლების თბილისზეა გაკეთებული. აღსანიშნავია, რომ Memories of Tiflis წარდგენილი იქნება ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე “ - განაცხადა ავტორმა, ნიკოლას ილინმა.

ნიკოლას ილინის ავტორობითა და რედაქტორობით ასევე გამოცემულია „მოგონებები ბაქოს შესახებ“ და „რუსეთის საგანძურის გაყიდვა“. მან ასევე შექმნა 30 წუთიანი დოკუმენტური ფილმი იოსიფ ბროდსკის შესახებ. ნიკოლას ილინს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ისეთი სამუზეუმო პროექტების შექმნასა და განხორციელებაში, როგორებიცაა ბილბაოს გუგენჰაიმი, ბერლინის გუგენჰაიმი, გუგენჰაიმის ერმიტაჟის მუზეუმი ლას ვეგასში და ასევე აბუ-დაბის გუგენჰაიმი.

(R)

თეკლე ჯანელიძე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება