ხმაური ძიუდოს ფედერაციაში - ძიუდოისტებმა დავით ქევხიშვილს კაბინეტის კარი აუჭედეს

ხმაური ძიუდოს ფედერაციაში - ძიუდოისტებმა დავით ქევხიშვილს კაბინეტის კარი აუჭედეს

საქართველოს ძიუდოს ფედერაციასთან ძიუდოისტთა ნაკრების წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ. სპორტსმენები კვლავ ითხოვენ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას. პროტესტის ნიშნად ქევხიშვილთან დაპირისპირებულმა სპორტსმენებმა მისი სამუშაო კაბინეტის კარები აჭედეს, ხოლო სამუშაო სკამი გარეთ გამოიტანეს და ნაგვის ურნასთან დატოვეს.

სპორტსმენების განმარტებით, პროტესტის ეს ფორმა ნიშნავს იმას, რომ არ სურთ დავით ქევხიშვილი იყოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი.

არსებული ინფორმაციით, დავით ქევხიშვილი ამ დროისთვის ძიუდოს ფედერაციაში არ არის.

ძიუდოს ფედერაციაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ შოთა ხაბარელმა განცხადება გააკეთა.

ხაბარელი მიიჩნევს, რომ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის მიერ მწვრთნელების გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არასწორი იყო. მისი თქმით, „წარმატებული მწვრთნელების გადაყენების შემოქმედი არის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი და ის უნდა გადადგეს“.

„ძიუდოისტების ერთი დღე არ ვარჯიში უდრის 1 კვირას. ეს ის სპორტსმენები არიან, რომლებმაც წლების განმავლობაში საქართველოს დიდება მოუტანეს და მათი არ ვარჯიში არის ძალიან ცუდი. კომისიამაც ვფიქრობ, გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღოს. ჩვენ კომისიაზე მოვისმინეთ პრეზიდენტ დავით ქევხიშვილის პასუხები და აღვნიშნეთ, რომ იყო ძალიან ბევრი შეუსაბამობა - კითხვებზე არ იყო პასუხები გაცემული. არანაირი გარე პირები არ არსებობენ. ეს არის ის ტკივილი, რომელიც ბიჭებს აწუხებს.

იყვნენ წარმატებული მწვრთნელები, რომლებიც გადააყენეს. მოვიდნენ ამ სფეროში სრულიად არაკომპეტენტური ახალი მწვრთნელები და შედეგიც დადგა ეს. ბიჭებიც სწორედ ამას აპროტესტებენ. ბიჭები ფიქრობენ, რომ ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთა, ის უნდა გადადგეს. მეც ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა მან გადააყენა წარმატებული მწვრთნელები და მოიყვანა თავისი მეგობრები. ეს არის ყველაზე მტკივნეული და ყველაზე ცუდი“, - განაცხადა შოთა ხაბარელმა.

ძიუდოს ფედერაციაში არსებულ ვითარებას სპეციალური კომისია სწავლობს, რომელშიც კულტურის სამინისტროს, პარლამენტის სპორტის კომიტეტისა და ოლიმპიური კომიტეტის წევრები შედიან.

იხილეთ ვიდეო: აჭედილი კაბინეტის კარი და სავარძელი ნაგვის ურნასთან: ძიუდოისტების პროტესტი დავით ქევხიშვილს

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ