ავტორი:

რა შეიძლება მოჰყვეს ევროპიდან ქართველების გამოძევებას და რას ითვალისწინებს რეადმისია

რა შეიძლება მოჰყვეს ევროპიდან ქართველების გამოძევებას და რას ითვალისწინებს რეადმისია

საქართველოს მოქალაქეებს, ევროპაში უვიზო მიმოსვლისას, შესაძლოა კონტროლი გაუმკაცრდეთ და დამატებითი რეგულაციები დაუწესდეთ. ამის მიზეზი არალეგალ მიგრანტთა მზარდი სტატისტიკაა. ანალიტიკოსების აზრით, არ არის გამორიცხული, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა საქართველოს მოქალაქეები, პოტენციურ დამრღვევთა რიგებში მოიაზრონ და დამატებითი შემოწმებები შემოიღონ. თავის მხრივ საფრთხე ემუქრება ევროპაში მცხოვრებ ქართველებსაც, რომლებსაც ცხოვრება დეპორტაციის ლოდინში მოუწევთ...

„ინტერპრესნიუსის“ მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციით, 2018 წლის 1-ელი იანვრიდან 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით, რეადმისიის მოთხოვნით მიღებულია 1 290 განაცხადი, აქედან 1 260-ს თანხმობა ეთქვა, 30-ს (2,3%) - უარი.

ყველაზე მეტი - 854 მოქალაქე საქართველოში რეადმისირებული იყო გერმანიიდან. შემდეგ მოდის საფრანგეთი (105), ჰოლანდია (102), ავსტრია (88), შვედეთი (29), საბერძნეთი (21).

საქართველოსა და ევროკავშირს შორის რეადმისიის შეთანხმება ძალაში 2011 წლის 1 მარტს შევიდა. რეადმისიის ხელშეკრულებით, საქართველო ვალდებულია, ევროკავშირის ტერიტორიაზე, არალეგალურად მყოფი პირები დაიბრუნოს.

ეს შეთანხმება გარკვეული პროცედურების გაწერასაც გულისხმობს, თუ როგორ უნდა დააკავონ ევროკავშირის ტერიტორიაზე, არალეგალურად მყოფი ადამიანი, რა დოკუმენტების საფუძველზე შეიძლება დადგინდეს მისი იდენტობა, ვინ არის და რომელი ქვეყნის მოქალაქეა, და ა.შ. შემდეგ ხდება ამა თუ იმ პირის შესწავლა და ქვეყნიდან გამოშვება.

დეპორტაცია და რეადმისია განსხვავდება ერთმანეთისგან: დეპორტაცია ეხება პირს, რომელიც, შესაძლოა, ლეგალურად იმყოფება, ანუ ვიზაც აქვს, პასპორტიც, მაგრამ გარკვეული დანაშაული ჩაიდინა, რის გამოც ლეგალურად ყოფნის უფლება შეუწყდა. ცხადია, ამ ადამიანს რეადმისია არ შეეხება და პირდაპირ გამოაძევებენ ქვეყნიდან. ასევე არის შემთხვევა, როდესაც იმ პირებსაც კი, რომლებსაც რეადმისია ეხება, დეპორტით აგზავნიან. დეპორტაცია გაცილებით მძიმე ფორმაა, მეტიც, დეპორტირებულ პირს გარკვეული ვადით აღარ შეუძლია საზღვარგარეთ გასვლა. რეადმისირებულ პირზე ასეთი შეზღუდვები არ ვრცელდება.

რეადმისიასა და ტრანზიტთან დაკავშირებულ ყველა სატრანსპორტო ხარჯს, საბოლოო დანიშნულების სახელმწიფოს საზღვრამდე, ანაზღაურებს მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში რეადმისირების ხარჯები ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა აუნაზღაურონ.

არასამთავრობო ორგანიზაცია “მიგრაციის ცენტრის ხელმძღვანელის“ გიორგი გოგიშვილის თქმით, 4 თვის მონაცემებით, სტატისტიკა მზარდია და ეს იმას ნიშნავს, რომ რეადმისიის კომპონენტი ამუშავდა და ეს მომავალშიც გაგრძელდება.

"სტატისტიკა მზარდია ნამდვილად. ეს ქვეყნების თანამშრომლობის შედეგია. ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებისა და ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შედეგად, რეადმისიის კომპონენტი განახლდა და ეს არის ამის შედეგი. საფრთხე არ შეექმნება მას, ვინც იქ კანონის საფუძველზე იმყოფება. მასობრივი რეიდები არა მგონია დაიწყოს. მაგრამ როგორც წესი, რაღაც პერიოდის განმავლობაში ხდება ინფორმაციის მოძიება, გაანალიზება და შემდეგ ექვემდებარება ესა თუ ის პირი რეადმისიას. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამას მასობრივი ხასიათი მიეცემა“, - უთხრა AMBEBI.GE-ს გოგიშვილმა.

მისივე თქმით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შენარჩუნებისთვის აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებამ აღებული ნაკისრი ვალდებულება შეასრულოს.

„ვიზალიბერალიზაციის გამართულად მუშაობისთვის ერთ-ერთი კრიტერიუმი არის რეადმისიით აღებული ვალდებულების შესრულება. არალეგალები ყოველთვის ამ რისკის ქვეშ არიან. თუმცა, საერთო ჯამში ამ ეტაპზე არ გვაქვს ის მონაცემები, რომ ვიზალიბერაზაციის შეჩერებაზე იყოს საუბარი“, - გვითხრა გოგიშვილმა.

"სამოქალაქო განვითარების სააგენტოს" (სიდა) იურისტის თეონა კილაძის თქმით, საქართველოს მოქალაქეებს, ევროპაში უვიზო მიმოსვლისას, შესაძლოა კონტროლი გაუმკაცრდეთ.

"ხელშეკრულებით ნაკისრი გვაქვს ვალდებულება, რომ ჩვენი მოქალაქეები უკან მივიღოთ. ამასთანავე უვიზო მიმოსვლის ამოქმედება იმიტომ იყო ევროპისთვის ხელსაყრელი, რომ კონტროლირებადი ყოფილიყო მათ ტერიტორიაზე არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეები. იმ შემთხვევაში თუ მოხდება ფაქტების გამოვლენა, რომ ადამიანები 90-დღიან რეჟიმს არღვევენ რასაკვირველია ყველას დააბრუნებენ და მათი მხრიდან ეს იქნება კანონიერი ქმედება.

რაც შეეხება იმას მიეცემა თუ არა მასობრივი სახე, ეს არის კონკრეტული სახელმწიფოს გადასაწყვეტი. რამდენად ოპერატიულ ინტესიურ შემოწმებებს დაიწყებს. მაგრამ, ადრე თუ არ ხდებოდა საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში შეშვებაზე მკაცრი კონტროლი, ახლა პირიქით იქნება. თუ პირს ყველა დოკუმენტი წესრიგში არ ექნება გამგზავრებაზე უარს ეტყვიან. თუ არ ექნება, სასტუმროს ჯავშანი, უკან დასაბრუნებელი ბილეთი და შესაბამისი რაოდენობის თანხა, ყველაფერი რაც გაწერილია, საზღვარზე არ შეუშვებენ. ახლა კონტროლი გამკაცრდება და ყველა ნიუანსს ყურადღება მიექცევა“, - გვითხრა კილაძემ.

ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერის ვანო ჩხიკვაძის თქმით, საქართველოს რეადმისიის ვალდებულება აღებული აქვს, ამიტომ ეს ყველა ვარიანტში უნდა შეასრულოს.

„ამ მონაცემებს საგანგაშოს ვერ ვუწოდებ იქიდან გამომდირე რომ ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი გაიზარდა. ეს არის რეალობა. საქართველოს რეადმისიის ვალდებულება აღებული აქვს, ამიტომ ეს ყველა ვარიანტში უნდა შეასრულოს. იქნება თუ არა ეს მასობრივი, ძნელი სათქმელია, ეს თვითონ ამ ქვეყნების გადასაწყვეტია. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მოქალაქეებს არ ექნებათ ევროპაში ყოფნის სამართლებრივი საფუძელი, შესაძლოა ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს“ - განუნცხადა AMBEBI.GE-ს ჩხიკვაძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ