3 ივნისს მოგვიწევს გადასვლა საგაფიცვო პერიოდზე და მეტროპოლიტენის გაჩერება, - ამის შესახებ მეტრო “რუსთაველთან” მიმდინარე აქციაზე “ერთობა-2013”-ის გამგეობის თავმჯდომარემ რატი კაპანაძემ განაცხადა.
რატი კაპანაძე თბილისის მერიასა და სასამართლოს პროცესების ხელოვნურ გაჭიანურებაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, “ერთობა-2013”-ში გაწევრიანებული მეტროპოლიტენის თანამშრომლები არ აპირებენ დაემორჩილონ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც მათ სამუშაო საათებში გაფიცვა აუკრძალა. მიმდინარე აქციის მონაწილეებმა აღნიშნული გადაწყვეტილებაც გააპროტესტეს და მას არაკანონიერი უწოდეს.
“3 ივნისს გადასვლა მოგვიწევს საგაფიცო პერიოდზე და მოგვიწევს მეტროპოლიტენის გაჩერება. დღეს კიდევ ვიტოვებთ იმედს, რომ ამ აქციით გავაგონებთ ხმას ადამიანებს, რომლებსაც ხელეწიფებათ გადაწყვეტილებების მიღება. სასამართლოს მიერ მიღებულ უკანონო გადაწყვეტილებას ჩვენ არ დავემორჩილებით და გამოვიყენებთ კონსტიტუციურად მინიჭებულ უფლებას”, - განაცხადა რატი კაპანაძემ.
მეტროპოლიტენის თანამშრომელთა ნაწილი უშუალოდ თბილისის მერსაც მიმართავს და კახა კალაძეს მოუწოდებს, რომ ყოველგვარი შუამავლების გარეშე გამონახოს ერთი დღე და პირადად გაესაუბროს მეტროპოლიტენში დასაქმებულ ადამიანებს და მოისმინოს ის პრობლემები, რომელიც მათ აწუხებთ.
„რუსთაველის“ მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე "ერთობა-2013"-ის და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) ორგანიზებით აქცია გაიმართა. მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ თბილისის მეტროპოლიტენში დასაქმებულ ადამიანებს და აცხადებენ, რომ მათი შრომის პირობების გათვალისწინებით უნდა მოხდეს ხელფასების 45%-მდე ზრდა.
შეკრებილებმა ასევე გააპროტესტეს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც სამუშაო საათებში გაფიცვა აიკრძალა. მათი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ერთგვარ გაუგებრობას იწვევს და აბსურდულია, ვინაიდან თუ გაფიცვაა, ეს ხდება სამუშაო პერიოდში, სხვა შემთხვევაში კი ის უბრალოდ აქცია გამოდის. „რუსთაველის“ მეტროსთან აქცია უკვე დასრულდა.