ავტორი:

16 წლის მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეებს გერმანულს ასწავლის: "მასწავლებლისთვის ცოდნა არ არის საკმარისი, საჭიროა, გადმოცემის უნარიც"

16 წლის მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეებს გერმანულს ასწავლის: "მასწავლებლისთვის ცოდნა არ არის საკმარისი, საჭიროა, გადმოცემის უნარიც"

"ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, მასწავლებელი თავის სფეროში ძალიან გამოცდილი იყოს. მხოლოდ საგნის ცოდნა არ არის საკმარისი, საჭიროა, ჰქონდეს გადმოცემის უნარი" - გვეუბნება XI კლასის მოსწავლე ქეთო მაღრაძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ, არც მეტი არც ნაკლები, პედაგოგობა დაიწყო - მოსწავლეებს გერმანულ ენას ასწავლის.

"როდესაც ჩემს უმცროს, მეექვსეკლასელ დას, სალომეს გერმანულში ვამეცადინებდი და სხვა საგნებშიც რაღაცებს ვუხსნიდი, ვხვდებოდი, რომ ჩემი კარგად ესმოდა, ვგრძნობდი, რაღაც დონეზე, შემეძლო გავმხდარიყავი მასწავლებელი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომავალშიც აუცილებლად მასწავლებელი ვიქნები. ამ ეტაპზე, რასაც ვაკეთებ, ჩემთვის დიდი გამოცდილებაა, თუნდაც როგორც ადამიანისთვის, რომელსაც ჯერ სკოლაც არ დაუმთავრებია" - გვეუბნება ქეთო.

- რა მოთხოვნები გაქვს მოსწავლეებთან?

- ხანდახან ვფიქრობ, ცოტა მკაცრი ხომ არ ვარ-მეთქი, რადგან ჩემი ერთი მოსწავლე დიდ დროს უთმობდა გაკვეთილის მომზადებას, მაგრამ საბოლოოდ მგონია, რომ ჩვენმა შრომამ კარგი შედეგი გამოიღო. უკვე გაუმარტივდა გერმანულად ლაპარაკი, საფუძვლიანად ვასწავლე გრამატიკა.

- გერმანული ასე კარგად სად და როდის ისწავლე?

- 2 წელი გერმანიაში, ლაიფციგში ვცხოვრობდი, რადგანაც დედაჩემმა სტიპენდია მოიგო და ფსიქოლოგიაში დოქტორანტურას აკეთებდა. მე და ჩემს დას შესაძლებლობა მოგვეცა, მასთან ერთად წავსულიყავით. იქ გიმნაზიაში ვსწავლობდი. სანამ გერმანიაში წავიდოდი, აქ სკოლაში გერმანულში დაბალ დონეზე ვიყავი, ამიტომ იქ, დასაწყისში ძალიან გამიჭირდა. კიდევ კარგი პირველ წელს სტუმარი მოსწავლე ვიყავი, თორემ, დაბალ შეფასებას დავიმსახურებდი. მეორე წელს კი, როდესაც უკვე გარემოს, ქვეყანას შევეჩვიე, გერმანული სასწავლო ენად ავირჩიე და არა დამატებითად, წარმატებები მქონდა, ყველანაირად ვცდილობდი, კარგად მესწავლა.

ვისწავლე გერმანულად ლაპარაკი, თითქმის მათ აქცენტზე, რადგანაც ხომ ვამბობ, იმ გარემოში ვცხოვრობდი, ტელევიზორშიც გერმანულ არხებს ვუყურებდი, წიგნების კითხვაც გერმანულად დავიწყე. ასე რომ, გამოცდილება და ცოდნა გერმანულ ენაში ასე დავაგროვე. იქ იმასაც მივხვდი, რომ ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა - საქართველო, რომ საქართველოში ცხოვრება ნამდვილად მინდა... გერმანიამ ხელი შეუწყო ჩემში მოწადინების გაღვივებას.

- მკაცრი მასწავლებელი ხარ?

- ერთი ასაკის მოსწავლეები არ მყავს, ვმუშაობ: 7 წლის ბიჭთან, მეათეკლასელთან, 33 წლის ბიძაჩემთანაც კი. ამიტომ ყველას სხვადასხვანაირი მიდგომა სჭირდება. პატარას თამაშ-თამაშით ვასწავლი და დავალებებს არ ვაძლევ, ბიძაჩემსაც ვცდილობ, გავუმარტივო პროცესი, რადგანაც უფროსია და სწავლა ამ დროს ცოტა რთულია, თუმცა ორივესთან მეცადინეობა ანბანით დავიწყე. მეათეკლასელთან სხვადასხვა ტექსტებს გავდივარ, ვუყურებთ ვიდეოებს, ვლაპარაკობთ. ყველასთან ინდივიდუალურად ვმუშაობ და მომთხოვნი ვარ. ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის, მნიშვნელოვანია, მოსწავლეს რასაც ვაწვდი, აითვისოს და შრომის შედეგი დავინახო.

- საკუთარ ცოდნას, გამოცდილებას სხვას უზიარებ, მაგრამ თავადაც მოსწავლე ხარ... ემზადები იმისთვის, რომ მომავალში პროფესია აირჩიო. რა პროფესია გინდა?

- რამდენიმე პროფესია განვიხილე, მათ შორის, იურისტობა, ექიმობა, მაგრამ საბოლოოდ ეკონომისტობაზე შევჩერდი. ვფიქრობ, მომავალ წელსაც დავიტოვებ რამდენიმე მოსწავლეს, რომ კიდევ მეტი გადავცე და ვასწავლო.

- ეკონომიკის მიმართულებით რატომ გინდა სწავლის გაგრძელება?

- ეკონომიკა ის დარგია, რასაც ყოველდღიურად ვეხებით, რაც ქვეყნას მეტად ანვითარებას. ეკონომიკის გარეშე არც ერთი სხვა ფაკულტეტი არ იარსებებდა. თუ კარგი ეკონომისტიც გამოვალ, შეიძლება, ქვეყანაში ბევრი ცვლილების მოხდენაც, საქართველოს ნამდვილად სჭირდება ეკონომიკის განვითარება. ბოლო დროს ამ სფეროში ლექციებზე დავიწყე სიარული (ამაში დედა დამეხმარა), რომ უფრო გავრკვეულიყავი, ნამდვილად მინდა, ამ ფაკულტეტზე ჩაბარება თუ არა. გარდა ამისა, ბიძაჩემს ბიზნეს ადმისტრირების ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, რაღაცებს მასაც ვეკითხები, წიგნიც მაჩუქა. ასევე დავიწყე მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი ლექციების მოსმენა, ეს უნივერსიტეტი მთელ მსოფლიოში ეკონომიკაში საუკეთესოა.

- შენს თაობას როგორ აფასებ?

- ბევრი განსხვავებული ასაკის ახალგაზრდასთან მიწევს ურთიერთობა, ზოგი ძალიან მოწადინებულია და ცხოვრებაში ბევრის მიღწევა უნდა, ნუ ზარმაცებიც ყოველთვის არიან, მაგრამ ვთვლი, რომ ეს თაობა, თუ მოინდომებს, შეცვლის ჩვენი ქვეყნის მომავალს. ისეთი შესაძლებლობები გვაქვს XXI საუკუნეში, ტექნოლოგიები ისეა განვითარებული, მარტივია სწავლა-განათლების მიღება.

ჩვენს რეალობაში ბევრი რამე შესაცვლელია. პირველ რიგში, ჩვენს განათლების სისტემას დიდი რეორგანიზაცია სჭირდება. უნდა გამკაცრდეს მასწავლებლების კონტროლი, რადგანაც სკოლაში (იმაში არა, სადაც ვსწავლობ) ისეთ მასწავლებლებთან მქონია ურთიერთობა, რომლებიც არაკომპეტენტურები არიან, შეიძლება იციან საგანი, მაგრამ გადმოცემის უნარი არ აქვთ. ზოგი ნაკლებად მომთხოვნია, მთავარი ის არის, რომ მასწავლებელმა დააინტერესოს მოსწავლე საგნით.

- უფროს თაობას რას უწუნებ?

- ალბათ იმას, რომ მშობლები თავისუფლებას არ აძლევენ შვილებს. თავისუფლებაა, როცა დამოუკიდებელი ხარ, მაგრამ თავს სულ აკონტროლებ და არა ის, რომ აკეთებ ყველაფერს, რაც გინდა. ჩემს მაგალითზე ვერაფერს ვიტყვი, მშობლებს არაფერს დავუწუნებ, ყველაფერი, რაც მნიშვნელოვანი იყო, მომცეს, მათ შორის, თავისუფლება, დამოუკიდებლობა. მათი დახმარებით ვიცი ისიც, რომ სწავლა-განათლება ჩემთვის მინდა და არა იმისთვის, რომ დედაჩემს და მამაჩემს ვანახო ჩემი ნიშნები. ზოგიერთი ხომ ნიშნის გამო სწავლობს, რომ მშობლებს ანახოს?! დედაჩემმა ჩემს დამოუკიდებლობას ხელი დიდად შეუწყო. ძალიან პატარას რაც გონებაში ჩამიდო, ისე მოვდივარ, სწავლა შემაყვარა. მერე ჩემს დაზე ვიყავი მზრუნველი, დედას მის აღზრდაში ვეხმარებოდი...

გერმანულის გარდა ქეთო ინგლისურ და რუსულ (თავისით ისწავლა) ენებსაც ფლობს. წელს გერმანულის ოლიმპიადაზე "გოეთეში" საქართველოს მასშტაბით ტურებში გაიმარჯვა, 10-ეულში მოხვდა... მოწადინებული მოსწავლეა, ყველა საგანს ერთნაირად სწავლობს, რაც მთავარია, გამოსდის, თავისუფალ დროს კი ახერხებს, სპორტით დაკავდეს, იკითხოს წიგნები.

"ვერ იტყვი, რომ ძალიან სპორტული ვარ, მაგრამ ვცდილობ, ცურვაზე ვიარო, ზამთარში თხილამურებზე სრიალი მიყვარს, ყოველ ზამთარს ბაკურიანში მივდივართ. გარდა ამისა, წიგნის კითხვა მიყვარს, მეგობრებთან ყოფნაც. ისე, თავისუფალ დროს ყველაზე მეტად დასვენება მსიამოვნებს", - ამბობს ქეთო.

- შენს დაზე, რომელმაც პრაქტიკულად, მასწავლებლობისკენ გიბიძგა და რომელსაც საუბარში ხშირად ახსენებ, რას გვეტყვი?

- ძალიან უყვარს სწავლა და შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ჭკვიანია. ჩემს ასაკში, ჩემზე ჭკვიანიც იქნება. გერმანიაში რომ წავედით, გერმანული საერთოდ არ იცოდა, მაგრამ გაკვეთილებს რომ ვსწავლობდი, ყურს მიგდებდა და ასე ისწავლა, სწრაფად აითვისა და გერმანულად ისე ლაპარაკობს, იქაურებს გერმანელი ეგონათ. რუსულად კითხვა თავისით ისწავლა. წელს გამოცდები მაქვს, ქიმიასა და ბიოლოგიაში ვემზადებოდი და სალომემ, რომელმაც ქიმიაში და ბიოლოგიაში არაფერი იცის, ჩემი რვეულების დახმარებით, ტესტები შემიდგინა და ყველა გაგვაოცა, მათ შორის მასწავლებელიც.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ