ამერიკულმა კომპანიამ Rocky Mountain Instrument, რომელიც სამხედრო დანიშნულების ოპტიკურ მოწყობილობებს ამზადებს, აღიარა რუსეთისთვის ტექნოლოგიების უკანონოდ გადაცემის ფაქტი. აღმოჩნდა, რომ კომპანია ასევე უკანონოდ თანამშრომლობდა თურქეთთან, სამხრეთ კორეასთან და ჩინეთთან.
შედეგად კომპანიას ფედერალურ ბიუჯეტში ჯარიმის სახით მილიონი დოლარის შეტანა მოუწევს. სწორედ ამ თანხად შეფასდა კომპანიის უკანონო საქმიანობით მიღებული მოგება. გარდა ამისა, კომპანიას დაუდგინდა ხუთწლიანი გამოსაცდელი ვადა, რათა ამ პერიოდში მისმა მესვეურებმა მაქსიმალურად გაამკაცრონ კონტროლი სამხედრო ტექნოლოგიების ექსპორტზე.
კომპანია 1957 წელს დაარსდა და ოპტიკურ მოწყობილობებს, მათ შორის, ლაზერისთვის საჭირო სპეციალურ ლინზებს აწარმოებს, რომლებიც გამოიყენება შეიარაღებაში, მედიცინაში, კომპიუტერულ და კოსმოსურ ტექნოლოგიებში.
ზუსტად რა სახის ტექნოლოგიები გაასხვისა კომპანიამ რუსეთსა და სხვა ქვეყნებში, არ ცხადდება, თუმცა პროკურატურის წარმომადგენელთა თქმით, საუბარია იმ ტექნოლოგიებზე, რომლებსაც ამერიკელი სამხედროები ავღანეთში იყენებენ.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.