ავტორი:

შვიდი რაიონული პარკი და ქალაქის ხუთი ცენტრი - თბილისის გენგეგმაზე მუშაობა დასრულდა

შვიდი რაიონული პარკი და ქალაქის ხუთი ცენტრი - თბილისის გენგეგმაზე მუშაობა დასრულდა

გამწვანება, პოლიცენტრული ქალაქი და კარგი სატრანსპორტო კავშირების მქონე დედაქალაქი - თბილისის განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობა დასრულებულია. ახლა მისი ბედი დედაქალაქის მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს.

"სითი ინსტიტუტის" გენერალური დირექტორის მერაბ ბოლქვაძის თქმით, კომპანიამ თავისი ვალდებულება შეასრულა და მერიის მხრიდან საჯაროდ გამოთქმული შენიშვნები გამოასწორა.

შეგახსენებთ, რომ 27 მარტს მერიამ საჯარო შეხვედრაზე "სითი ინსტიტუტის" გენგეგმა სასტიკად გააკრიტიკა, რასაც შემდეგ ოპოზიციასთან დაპირისპირება და გაწევ-გამოწევა მოჰყვა.

ბოლქვაძის განმარტებით, შენიშვნები ძირითადად ტექნიკური ხასიათის იყო, რომელიც ქონებრივ თემას ეხებოდა, შესაბამისად, კონცეფციაში ცვლილებები არ მომხდარა.

მერიაში კი აცხადებენ, რომ დოკუმენტი ჯერ არ ჩაბარებიათ და კომპანიას ამისთვის 1-ელ ივნისამდე აქვს დრო. მერიაში ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, რა შეიცვლება თბილისის მოსახლეობისთვის. თუმცა, "სითი ინსტიტუტის" გენერალური დირექტორი ამბობს, რომ მერიას უკვე გადასცეს გენგეგმა და ახლა მათგან მოსაზრებებს ელოდებიან. კონცეფციის საკითხები არ შეცვლილა. ესენია - გამწვანება, ერთიანი სივრცეების შექმნა და განვითარება.

პროექტის მიხედვით, 7 საქალაქო რაიონული მნიშვნელობის პარკი გაკეთდება. ეს არის დიღმის ჭალებში, არსენალზე, ლისზე, ფონიჭალაში და სხვა.

"მერიის სამსახურები ახლა მათ ბიუჯეტს იხილავენ და 2-3 პარკის მოწყობა მალევე დაიწყება", - განუცხადა AMBEBI.GE-ს მერაბ ბოლქვაძემ.

მისივე თქმით, გენგეგმის მიხედვით, მდინარეებზე საუბნო მნიშვნელობის რეკრეციული სივრცეების შექმნა იგეგმება.

"მტკვრის არეალები როგორ იქცეს საჯარო სივრცედ, ესეც არის გეგმაში შეტანილი. მტკვარს ქალაქის არეალში 52 შენაკადი აქვს. ძალიან ბევრ ტერიტორიაზე ხდება ფარული შეჭრა და კანალიზაციის მიერთება, ამიტომ მდინარეების გახსნა აუცილებელია და ესეც გვაქვს კონცეფციაში. შესაბამისად, ეს მტკვრის გასუფთავებასაც ხელს შეუწყობს.

გარდა ამისა, ხევები თავისუფალი უნდა იყოს, მდინარის კალაპოტში მშენებლობა არ შეიძლება. თბილისმა ბოლო წლებში გადახურა მდინარეები და ამის გამო ბევრი დავკარგეთ, რაც დაუშვებელია", - გვითხრა პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა.

თბილისელების კიდევ ერთი მთავარი პრობლემის მოგვარებას - საცობების განმუხტვას - გენგეგმის ავტორები პოლიცენტრული ქალაქის მშენებლობით გეგმავენ. რაც იმას ნიშნავს, რომ დედაქალაქს 5 ცენტრი ექნება და, მაგალითად, გლდანელებს ქალაქის ცენტრში გამოსვლა აღარ მოუწევთ.

"ასევე მნიშვნელოვანი საკითხია, ქალაქის პოლიცენტრული განვითარება, რაც შეამცირებს ქალაქის ცენტრზე ზეწოლას. 5 ასეთი პოლიცენტრული არეალი შეიქმნება - ესენია გლდანი, დიღომი, სამგორი, საბურთალო და ფონიჭალა, სადაც ყველა მომსახურების ბიურო უნდა შეიქმნას, რათა მოქალაქეები არ გარბოდნენ ცენტრში. ეს, პარალელურად, ტრანსპორტის გადაადგილებასაც აღარ შეაფერხებს. როცა მოქალაქეებს ადგილზე ექნებათ ყველა მომსახურების სფერო, ცენტრში აღარ ირბენენ", - გვითხრა სალუქვაძემ.

მისივე თქმით, ტრამვაის შემოყვანა ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, ამიტომ თავდაპირველად შეიძლება ელექტროავტობუსები იყოს.

რაც შეეხება ქაოტურ მშენებლობებს, არქიტექტორ ლადო ვარდოსანიძის თქმით, მათი შეჩერება ჯერ ვერ მოხდება და ინერციით გაგრძელდება, შესაბამისად, უახლოეს მომავალში ამ პრობლემის მოგვარებას არ ელოდება.

"გენგეგმა ახლა უფრო დაიხვეწა. ვიცი, რომ მერიაც აქტიურად თანამშრომლობს. იმედი მაქვს, დაახლოებით ორ კვირაში ყველაფერი დასრულდება. თუმცა, დამახინჯებული ქალაქის განვითარებაზე საუბარი დაგვიანებულიცაა. ქალაქმშენებლობის პრობლემები თავს იჩენს წლების შემდეგ.

დეტალური პროექტების მიხედვით, ქაოსური მშენებლობა შემცირდება. მერიაში უკვე მიიღეს სათანადო ზომები. ადრე "სეილებით" რომ ხდებოდა გაყიდვა, ახლა ასე აღარ არის. ვფიქრობ, ეს რაღაც შეღავათს მოიტანს. მაგრამ ადრე გაცემულ ნებართვებზე უარის თქმა რთულია - კერძო მესაკუთრეები არიან. ინერცია არის ძალიან დიდი და ამის შეჩერება ძნელია. თუმცა იმედი მაქვს, რომ თბილისის მერია ამასთან დაკავშირებით რაღაც დაბრკოლებებს შექმნის", - გვითხრა ვარდოსანიძემ.

როგორც არქიტექტორი აცხადებს, დედაქალაქის მასშტაბით სულ 10-12 მონაკვეთია გამოყოფილი, სადაც განაშენიანების რეგულირების გეგმა უკვე პრაქტიკულად ამუშავებულია (მაგალითად, ერთ-ერთი არის ლისის მიდამოები).

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ