12 საბაგირო ხაზი, "ისთ ფოინთი - ლილოს“ მიწისზედა მეტრო - რა საკითხები რჩება გენგეგმაში

12 საბაგირო ხაზი, "ისთ ფოინთი - ლილოს“ მიწისზედა მეტრო - რა საკითხები რჩება გენგეგმაში

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში რჩება 12 საბაგირო ხაზის მოწყობა, „ისთ ფოინთი - ლილოს“ მიწისზედა მეტროსა და სატვირთო მატარებლების შემოვლით რკინიგზაზე გადატანის საკითხი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელმა, მამუკა სალუქვაძემ განუცხადა.

სალუქვაძის ინფორმაციით, რკინიგზის მიმართულებით, სატვირთო ხაზის გადატანაზე შეთანხმება მიღწეულია, რაც შეეხება სამგზავრო ხაზს, ეს შესწავლას საჭიროებს, რაც საქართველოს რკინიგზის გასაკეთებელია.

„სატვირთოზე ყველა მხარე ვთანხმდებოდით, რომ უნდა გადავიდეს. რაც შეეხება სამგზავრო ხაზს, ეს შესასწავლია. ასევე, საქართველოს რკინიგზის და მთავრობის ერთ-ერთი წინადადება იყო შემოვლითი რკინიგზის ხაზის ნაწილის მიწის ქვეშ ჩატანა. ჩვენ საუბარი გვაქვს 10 კილომეტრიან მონაკვეთზე და არა მთლიანად რკინიგზაზე. იყო საუბარი გვირაბის გაკეთებაზე და კვლევებიც მიმდინარეობდა. საბოლოო შედეგები არ ვიცი, მაგრამ ნავთლუღიდან დიდუბის სადგურამდე გვირაბის საკითხი ნამდვილად იყო. საქართველოს რკინიგზა ამ საკითხს ამუშავებდა. რაც შეეხება გენგეგმაში შეთავაზებულ „ისთ ფოინთი“-ლილო-რუსთავის მიწისზედა მეტროს ხაზს, ეს ისევ რჩება დოკუმენტში, მაგრამ შორეული პერსპერქტივაა, საკმაოდ მასშტაბური და ამბიციური პროექტია და კვლევა დასჭირდება. თუმცა ის, რაც ჩვენ ვთქვით და ეს საქართველოს რკინიგზასთან ერთად მოფიქრებული პროექტი იყო, რადგან აქ გვაქვს გამოუყენებელი ხაზი, სრულებით შესაძლებელია, რომ მიწისზედა მეტრო გაკეთდეს, „ისთ ფოინთი“ ლილო დააკავშიროს ერთმანეთს და აეროპორტამდეც ჩავიდეს“, - განაცხადა სალუქვაძემ.

რაც შეეხება სატრანსპორტო დერეფნებს, როგორც გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი აცხადებს, მერიამ მომდევნო 5 წლის განმავლობაში ერთი დერეფნის მოწესრიგება და ექსპლუატაციაში გაშვება მაინც უნდა მოხდეს.

„საუბარი არ არის ახალ გზაზე, ვგულისხმობ, არსებული გზის მოწესრიგებას. მაგალითად, დიდი დიღმიდან მაღლივამდე, მარშალ გელოვანის და საბურთალოს გზის იმ პარამეტრებით მოწყობას, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს მიეცეს დაუბრკოლებლად და შეუფერხებლად გადაადგილების საშუალება. ტრანსპორტთან დაკავშირებით ძალიან ბევრი სიახლე იქნება, როგორც ტაქსების, ასევე, საზოგადოებრივი ტრანპსორტის მიმართულებით. ეს ჩვენც გვედო დოკუმენტში და ქალაქიც იწყებს ამის კეთებას - ეს არის სატრანსპორტო მოდელირება. უახლოეს ხანში გამოცხადდება ტენდერი სატრანსპორტო მასტერპლანთან დაკავშირებით. რაც შეეხება მოდელირებას, ეს არის პრაქტიკულად, ყველა კვანძში ნაკადების შესწავლა და მისი პროგრამული უზრუნველყოფა. არსებობს სპეციალური სოფტები, რომლებიც ითვლიან ნაკადების მიხედვით როგორი დატვირთვა აქვს ამა თუ იმ ქუჩას და ქუჩების დატვირთვის შემთხვევაში, სად შეიძლება გადანაწილდეს ეს ნაკადები. ამ დათვლების შემდეგ აუცილებელია სატრანსპორტო მასტერპლანის გაკეთება, სადაც უკვე პრაქტიკული გადაწყვეტილებები იქნება. კვანძების, მოედნების და ქუჩების დონეზე რომ ქალაქმა განსაზღვროს, მოძრაობის როგორი ორგანიზება მოხდება, რომ საცობებისგან გავთავისუფლდეთ“, - განაცხადა სალუქვაძემ.

მისივე თქმით, 12 საბაგირო ხაზი, რომელიც გენგეგმის დოკუმენტში აქამდეც იყო, უცვლელი რჩება, რაც შეეხება ტრამვაის ხაზს, როგორც სალუქვაძე აცხადებს, თუ დედაქალაქის მერია სატრანპორტო დერეფნებს მოაწყობს, ამის გამოყენება ტრამვაის ხაზისთვისაც შესაძლებელი გახდება. „პირდაპირ მითითებული არ გვაქვს, რომელ ქუჩაზე და სად უნდა გავიდეს ტრამვაის ხაზი, მაგრამ ვთქვით, რომ იმ სატრანსპორტო დერეფნებში, რომლებსაც ჩვენ ვთავაზობთ, მერიამ ჯერ სწრაფი ავტობუსი გაატაროს, რომელიც ნაკლებ ფინანსებს მოითხოვს, შემდეგ გარკვეული ფინანსების არსებობის შემთხვევაში, ქალაქმა იგივე მაგისტრალი ტრამვაისთვისაც გამოიყენოს. ეს მაგისტრალი აბსოლუტურად მისაღები იქნება ტრამვაის ხაზის მოსაწყობად“, - აღნიშნა სალუქვაძემ.

ცნობისთვის, “სითი ინსტიტუტ საქართველომ“ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის (მგგ) განახლებაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო. სრულყოფილი გენერალური გეგმა კი, 2017 წლის 15 აპრილამდე უნდა წარედგინა. მომსახურების ღირებულება 2 800 000 ლარით განისაზღვრა.გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფთან ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება ექვს ეტაპს მოიცავდა: წინასაპროექტო მოსამზადებელი სამუშაოები; ქალაქმშენებლობითი ანალიზი/არსებული მდგომარეობის მომზადება; დაზუსტებული გეგმარებითი დავალება; კონცეფცია; მგგ-ს სტადია „პროექტი“; მგგ-ს საბოლოო პროექტი.

თუმცა, გენგეგმის ჯგუფს მერიამ საბოლოო მე-6 ეტაპზე ერთი და იგივე საკითხები რამდენჯერმე დაუხარვეზა, რის გამოც, „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ 140 ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. მერიის შენიშვნები ძირითადად ეხებოდა ზონირებას, ტრანსპორტს, რკინიგზას, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებს, ეფექტიანობის შეფასებას, განხორციელების ეტაპებს, რიგითობას და ეკონომიკას.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ