საქართველოს დროშის ფერებში განათებული ღირსშესანიშნაობები - როგორ გვილოცავს მსოფლიო დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს

საქართველოს დროშის ფერებში განათებული ღირსშესანიშნაობები - როგორ გვილოცავს მსოფლიო დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 100 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველო წელს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს მასშტაბური ღონისძიებებით აღნიშნავს. მილოცვას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიც უერთდებიან. სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებმა უკვე გაავრცელეს მისალოცი განცხადებები:

მისი უდიდებულესობა დედოფალი ელისაბედ II: "დიდი სიხარულით გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს თქვენ და საქართველოს მოსახლეობას და ბედნიერებას და იღბალს გისურვებთ! წელს, ეს დღე განსაკუთრებულია, ვინაიდან საქართველო პირველი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავს აღნიშნავს. ასეთ დროს ვფიქრობ ჩვენს ქვეყნებს შორის ახლო კავშირებზე, როგორც ისტორიულზე, ისე ამჟამინდელსა და სამომავლოზე".

ლიეტუვას პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე: "ძვირფასო საქართველო, ლიეტუვა გიგზავნით გულთბილ მოკითხვას ბალტიის ზღვის სანაპიროებიდან. მთელი გულით ვულოცავთ თქვენს არაჩვეულებრივ ქვეყანას, რომელიც პირველი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს აღნიშნავს. თქვენი ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ ძალზე გულადი ნაბიჯი იყო, რომელიც მოდიოდა ურყევი ნებიდან ყოფილიყავით თავისუფლები. დღეს, ჩვენ ვაფრიალებთ ხუთჯვრიან დროშას, რომ ვიზეიმოთ თქვენთან ერთად. ჩვენს ქვეყნებს აერთიანებთ თავისუფლების სიყვარული და დამოუკიდებლობის დაცვის მტკიცე ნება და ჩვენ ამაყები ვართ, რომ ვართ თქვენი მეგობრები - მეგობრები მამაცი ერისა, რომელმაც ამდენს მიაღწია. დიდება თავისუფლებას!".

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო: "წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ასი წლისთავი აღინიშნება. საქართველო 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ შეერთებული შტატების ახლო მეგობარი და ღირებული პარტნიორია. ბოლო 27 წლის განმავლობაში საქართველომ მიაღწია შთამბეჭდავ პროგრესს ეკონომიკისა და დემოკრატიის მშენებლობაში. ქართველებს ასევე ღირებული წვლილი შეაქვთ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებაში, მათ შორის ავღანეთში მსახურებით, სადაც ისინი ამერიკელებთან გვერდიგვერდ დგანან. ეს მიღწევები შეუძლებელი იქნებოდა ქართველი ხალხის თავდადებისა და არაერთი მსხვერპლის გარეშე".

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავის იუბილეს აღსანიშნავად სლოვენიაში, ლიუბლიანას ციხესიმაგრე საქართველოს დროშის ფერებში განათდა.

ბრიუსელში კი, ქალაქის სიმბოლოს "Petit julien"-ს (ბიჭუნა, რომელიც შარდავს) ქართული ჩოხა ჩააცვეს.

26 მაისს საქართველოს დროშის ფერებში განათდება ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა. თურქეთში, ქალაქ ანკარაში სასტუმრო "შერატონის" შენობა; ლიტვაში, ვილნიუსის ცენტრალური ხიდი და ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა - სამი ჯვრის მონუმენტი. ასევე განათებული იქნება კორეაში, სეულის მუნიციპალიტეტის, პორტუგალიაში ლისაბონის მერიის და ესტონეთში საქართველოს საელჩოს შენობები.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ