ავტორი:

ლიდერი მეგაშოუ სატელევიზიო სივრცეში - გიორგი უშიკიშვილი პროექტის წარმატების საიდუმლოსა და "მხოლოდ ქართული" 2-ის შესახებ

ლიდერი მეგაშოუ სატელევიზიო სივრცეში - გიორგი უშიკიშვილი პროექტის წარმატების საიდუმლოსა და "მხოლოდ ქართული" 2-ის შესახებ

პროექტი "მხოლოდ ქართული" ნელ-ნელა ნახევარფინალისტების გამოსავლენას უახლოვდება... მომღერალი გიორგი უშიკიშვილი, რომელიც კონკურსის ჟიურის ერთ-ერთი წევრია, პროექტის შესახებ გვესაუბრება - როგორ გაამართლა კონკურსმა, როგორ გახდა სატელევიზიო სივრცეში ყველაზე რეიტინგული შოუ, რაში მდგომარეობს გადაცემის წარმატების ფორმულა, რისი დაძლევა მოუხდა ჯგუფს და იქნება თუ არა "მხოლოდ ქართული" 2.

- ეს არის პროქტი, რომელიც შედგა. რაც შეხება მის სატელევიზიო მხარეს, არსებობს რეიტინგები, რომლის უპირობო ლიდერია. "მხოლოდ ქართულის" ყველა გადაცემა, რაც ეთერში გავიდა, იყო და არის ლიდერი და სხვა გადაცემებს არა ერთი ან ორპუნქტიანი სხვაობით უგებს. გარდა ამისა, ორ გადაცემაზე "მხოლოდ ქართულს" ისეთი რეიტინგი ჰქონდა, რაც წლის განმავლობაში, არც ერთ სხვა გადაცემას არ ჰქონია. ეს უკვე სატელევიზიო მიმართულებით დიდ წარმატებას ნიშნავს. პროექტის მეორე მხარეზე თუ ვისაუბრებთ, ეს მომავალ თაობაში ქართული სიმღერების პოპულარიზაციაა, რაც რეალურად, ასევე ძალიან საინტერესოდ შედგა. მიუხედავად მრავალი მითქმა-მოთქმისა, აზრთა სხვადასხვაობისა, ზოგს რაღაც ვერსია არ მოეწონა, ზოგს პირიქით, - მოეწონა. მიუხედავად ამისა, ყინული ამ მიმართულებით დაიძრა, "რუსთავი 2"-მა თავისი პროექტის საშუალებით, ბევრი საინტერესო ქართული სიმღერის პოპულარიზაცია შეძლო, არაერთი კარგი და საინტერესო სიმღერა გაცოცხლდა და ჩვენმა მუსიკალურმა ხელმძღვანელმა, ზვიად ბოლქვაძემ მათი ახალი ვერსია შემოგვთავაზა. ვინაიდან ეს პირველი შოუ იყო, ბევრ რამეს ჩვენც სხვანაირად შევხედეთ, თუმცა შემდეგ სეზონზე, ბუნებრივია, ეს ყველაფერი მეტად დაიხვეწება. ილუზია არავის აქვს, რომ ყველა ადამიანისთვის მოსაწონ ვერსიებს შევქმნიდით, მაგრამ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ და შევქმნათ ისეთი პროექტი, რომელიც რაღაც დოზით, საზოგადოებისთვის ღირებული იქნება. პროექტიდან რამდენიმე სიმღერა საზოგადოებამ უკვე აიტაცა, გაჰიტდა და ინტერნეტსივრცეში ძალიან აქტიურად უსმენენ, ესეც დასაფიქრებელი ამბავია.

- ფაქტია, რომ ხალხი პროექტზე ლაპარაკობს, ჰყავთ თავიანთი ფავორიტები...

- რა თქმა უნდა, ვიღაც ცუდს ამბობს, ვიღაც კარგს, რაც აბსოლუტურად ნორმალურია. "მხოლოდ ქართული" სრულიად ახალი პროექტია, სადაც ჩვენთვის ყველაზე ძვირფას რაღაცას - ქართულ სიმღერას ვეხებით. ბუნებრივია, ყველას თავისი მოსაზრება აქვს ქვეყანაში, სადაც სიმღერა ქართველი კაცისთვის უპირველესია, გენეტიკურად ქართველის სულსა და გულშია გამჯდარი. ამასთან, ბევრი მღერის და საქართველოში მსმენელს ვერ მოატყუებ, თან, ვიმეორებ, სიმღერასთან დაკავშირებით, ყველას თავისი აზრი აქვს. ერთი რამის თქმა შეგვიძლია, რომ მაყურებლისთვის უგემოვნო არაფერი შეგვითავაზებია. თუმცა, ბუნებრივია, იქნება აზრთა სხვადასხვაობა და ეს ჩვეულებრივი ამბავია.

- გიორგი, ქართული ხალხური სიმღერის შემსრულებელი ხართ, პროექტში აჟღერებული ქართული სიმღერების ახალი ვერსიები, გულწრფელად რომ გვითხრათ, მოგწონთ?

- ბუნებრივია, არსებობს ვერსიები, რომელიც შეიძლება კონკურსანტიდან გამოდინარე, ნაკლებად საინტერესო იყოს, რაც ჩემს ქულებშიც აისახება ხოლმე, მაგრამ არსებობს ვერსიები, რომლებიც კონკრეტულ კონკურსანტს სამხატვრო ხელმძღვანელი იმდენად კარგად არგებს, რომ უმაღლეს შეფასებას იმსახურებს. ეს რამდენად საინტერესოა თუნდაც სხვა კონკურსანტისთვის, ეს მეორე საკითხია, მაგრამ სწორედ ამიტომ არის ეს კონკურსი საინტერესო და რთული, რომ კონკრეტულ შემსრულებელს კონკრეტული სიმღერის შესაბამისი ვერსია მოარგო. ამიტომ ჩვენი მუსიკალური ჯგუფი ცდილობს და ფიქრობს, თითოეულ მომღერალს როგორი ვერსია გაუკეთოს. ვინაიდან ეს ბავშვები ჩვენთვის ახლები არიან და მათთან ფაქტობრივად, მრავალწლიანი ურთიერთობა არ გვქონია, შეუძლებელია, ბოლომდე მათი შესაძლებლობები ვიცოდეთ და რაღაცები შეიძლება ისე არ გამოვიდეს. სიმღერა ვიღაცამ ბოლომდე ვერ დაძლიოს, მაგრამ ეს კონკურსია, შეასაბამისად, მონაწილე ან გაართმევს თავს, ან ვერა, ამიტომ ერთგვარი გამოცდაა, შეიძლება სტრესიც, მაგრამ კონკურსის პირობები ასეთია.

- კონკურსანტების თემას თუ გავაგრძელებთ, გყავთ თქვენი ფავორიტი?

- არ მაქვს კონკრეტული ადამიანის და კონკრეტული შემსრულებლის ამოჩემება. ასე ვერავის ვანიჭებ პირატესობას და ქულებს არ ვუწერ იმის გამო, რომ წინა ორ ტურში კარგად იმღერა. იმ კონკრეტულ სიტუაციაში ვაფასებ, თუ რა შეასრულა. აქედან გამომდინარე, ფავორიტი და რაღაც ასეთი, იმის გამო, რომ მიყვარს, ცუდი შესრულების შემთხვევაში, 10 დავუწერო, ასე არ ვარ. ვცდილობ, მაქსიმალურად ობიექტური ვიყო. საერთოდ, კონკურსები სუბიექტურია. ვიღაც გეთანხმება, ვიღაც - არა. ამიტომ ყველას მოსაწონ პროდუქტს ვერ შექმნი და კონკურსიც ყველასთვის ობიეტური ვერ იქნება.

- როგორც მუსიკოსი, როგორ აფასებთ კონკურსანტების შესაძლებლობებსა და უნარებს. ტურიდან ტურამდე იზრდებიან?

- რაც შეეხება მათ გაზრდას, არ არის ძალიან დიდი პერიოდი გასული, რომ ყველაფერი საბოლოო ჯამში ჩამოაყალიბო და ისწავლო, მაგრამ კონკურსანტების რაღაც ნაწილს ზრდა ეტყობა, რაღაც ნაწილს, ბევრი სამუშაო აქვს. ამიტომ, როდესაც "მხოლოდ ქართულის" შემდეგ სეზონს დავიწყებთ, დარწმუნებული ვარ, მსურველთა დიდი რაოდენობა იქნება, კონკურსანტების შერჩევისას კი უფრო ობიექტურები უნდა ვიყოთ, მეტად შევაფასოთ ესა თუ ის ადამიანი, ამიტომ შერჩევისასაც გარკვეული ცვლილებები ცხადია, იქნება.

- საბოლოოდ, როგორ ფიქრობთ, რამ განსაზღვრა პროექტის ასეთი მაღალი რეიტინგი?

- გარკვეული გადაცემები, ვითომ ჩვენი კონკურენტები, რაღაცების მერე, საკუთარი რეიტინგის გაუმჯობესებას აღნიშნავენ. არადა, ჩვენი კონკურენტი ის გადაცემები არ არის. უბრალოდ, აღნიშნავენ თავისივე რეიტინგის გაუმჯობესებას. ნამდვილად ვერ მოვლენ "მხოლოდ ქართულთან", არა იმიტომ, რომ ჩვენი პროექტია, რაც ნამდვილად მახარებს, აქ მთავარი ის არის, რომ საქმე გვაქვს ქართულ სიმღერასთან. პროექტის უპირატესობა სწორედ ქართული სიმღერაა. ეს კი თავისთავად განსაზღვრავს გადაცემების რეიტნგის ჩვენს უპირობო ლიდერობას. ქართული სიმღერა დღეს საზოგადოებას ძალიან ენატრება და ეს არის მთავარი. გარდა ამისა, მომავალ თაობებს ძვირფასი ადამიანების მუსიკალურ შედევრებს ვასმენინებთ. მაყურებელს კი მიმდინარე კონკურსში ძალიან საინტერესო ფინალს და ნახევარფინალს ვპირდებით, რომელიც მუსიკალური სიურპრიზებით იქნება სავსე. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შემდეგი "მხოლოდ ქართული" იყოს ბევრად უკეთესი, დახვეწილი, ძალიან საინტერესო. საქართველოს მასშტაბით ნიჭიერი მუსიკოსები უნდა აღმოვაჩინოთ.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს