პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს–ის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. როგორც მაჩალიკაშვილმა „რუსთავი 2“–თან საუბრისას განაცხადა, მას შემდეგ რაც ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე გამოცხადდა, სუს–მა მისი თვალთვალი დაიწყო. მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, ის დღეს თბილისში აქციაზე მოდიოდა, რა დროსაც ტაქსის მძღოლს რამდენჯერმე დაურეკეს და მგზავრის ვინაობა ჰკითხეს.
„ახმეტაში ტაქსიში ჩავჯექი. ვიდრე იყალთომდე მივიდოდით, ტაქსის მძღოლმა ორ–სამჯერ გააჩერა მანქანა, ჩამოვიდა, რადგან ტელეფონზე ურეკავდნენ. ტაქსის მძღოლმა თვითონ მითხრა, რაშია საქმე, ახმეტის პოლიციიდან მირეკავენ, მგზავრი ვინ არის პანკისიდან, სახელი და გვარი შეეკითხეო. 100%–ით იციან, რომ შენ მიმყავხარო“, – აღნიშნა მაჩალიკაშვილმა.
მისივე თქმით, მას არაფრის არ ეშინია.
„მაგათი არ მეშინია. მაგრამ როგორც ჩაუდეს თემირლანს, მეშინია, იარაღი ან ხელყუმბარა არ ჩამიდონ და დამაკავონ“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.