მეტროს გაფიცვას კალაძე შანტაჟს უწოდებს - გაფიცვის პერიოდში თბილისელები ავტობუსით უფასოდ იმგზავრებენ

მეტროს გაფიცვას კალაძე შანტაჟს უწოდებს - გაფიცვის პერიოდში თბილისელები ავტობუსით უფასოდ იმგზავრებენ

ის, რომ დღეს მეტროსადგურები არ მუშაობს და არ ემსახურება მგზავრთა გადაყვანას, შეიძლება შეფასდეს, როგორც შანტაჟი საკუთარი თანამოქალაქეების მიმართ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

"ის, რომ დღეს მეტროსადგურები არ მუშაობს და არ ემსახურება მგზავრთა გადაყვანას, შეიძლება შეფასდეს როგორც შანტაჟი საკუთარი თანამოქალაქეების მიმართ. მე არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებულია 24000-ზე მეტი თანამშრომელი, რომლებიც ასრულებენ ჩვენი დედაქალაქისთვის უმნიშვნელოვანეს სამუშაოს. ყოველი მათგანის შრომა არის საპასუხისმგებლო და დასაფასებელი. დაუშვებელია შანტაჟის საფუძველზე მერიამ მიიღოს არასამართლიანი და უთანასწორო გადაწყვეტილებები. სხვა შემთხვევაში მე არ ვიქნები მართალი ბაგა-ბაღების პედაგოგების, სასწრაფო დახმარების ბრიგადების, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების თუ სხვა სტრუქტურების წარმომადგენელთა წინაშე, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ღირსეულად ემსახურებიან და ზრუნავენ თბილისსა და თბილისელებზე“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, გაფიცვის პერიოდში დედაქალაქში არსებული მუნიციპალური ტრანსპორტი მოსახლეობას უფასოდ მოემსახუროს.

"ვინაიდან, მიმდინარე გაფიცვა პირდაპირ მიმართულია მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუარესებისკენ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება გაფიცვის პერიოდში დედაქალაქში არსებული მუნიციპალური ტრანსპორტი, მხედველობაში მაქვს მუნიციპალური ავტობუსები, მოსახლეობას უფასოდ მოემსახუროს. ამასთან, ავტობუსების არსებულ ნაკადებს დავამატებთ ჩვენს ხელთ არსებულ რეზერვებს", - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, მეტროს მემანქანეების ხელფასი პატრულის თამაშრომლის, სასწრაფოს ბრიგადის თანამშრომლის, მაშველების და მეხანძრეების ხელფასებზე მაღალია.

იხილეთ ვიდეო: კახა კალაძე მემანქანეების გაფიცვაზე: გამოდიან და შანტაჟის ენით გველაპარაკებიან

„ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო და კვლავაც რჩება - ვიზრუნოთ თბილისის ეკონომიკურ განვითარებაზე, რის შედეგადაც გაიზრდება და გაუმჯობესდება მოსახლეობის ცხოვრებისა და შრომითი პირობები. ცხადია, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გავაუმჯობესოთ ეკონომიკური ვითარება და დასაქმებულთა შრომითი მდგომარეობა. რაც შეეხება მეტროს მემანქანეთა არსებულ ხელფასებს, მე ხელთ მაქვს დოკუმენტი, სადაც მოცემულია მეტროს მემანქანეებზე დარიცხული სარგოსა და სხვადასხვა დანამატის ოდენობა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს რა ხელფასებზეა საუბარი, რომელიც მეტია ვიდრე პატრულის თამაშრომლის ხელფასი, რომელიც მეტია ვიდრე სასწრაფოს ბრიგადის თანამშრომლის ხელფასი, მეტია ვიდრე მაშველების, მეხანძრეების ხელფასები. ვფიქრობ, მოსახლეობას აქვს უფლება იცოდეს რა ხდებოდა მოლაპარაკებების პროცესში - საკუთარი შრომითი უფლებების ეგრეთ წოდებული დამცველები მიგვითითებდნენ, გვიყენებდნენ პირობას, რომ მათი ხელფასების 45%-იანი ზრდა მომხდარიყო მეტროთი მგზავრობის საფასურის ზრდის ხარჯზე. ჩვენთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია. კატეგორიულად მიუღებელია სოციალური დახმარებების ანუ სუბსიდირების ან თუნდაც ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოების ხარჯზე.

მე, როგორც თბილისის მერი, არ დავუშვებ მერიის სტრუქტურებში ხელფასების მატება მოხდეს მეტროს საფასურის ზრდის ან სოციალური ჯგუფების სუბსიდირების შემცირების ხარჯზე. მინდა შეგახსენოთ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მემანქანეებს დროებით შეზღუდული აქვთ გაფიცვის უფლება. ამდენად, მათი მხრიდან ადგილი აქვს კანონსაწინააღმდეგო ქმედებას. მინდა შევაჯამო ჩემი განცხადება და კიდევ ერთხელ განვმარტო: მემანქანეთა მოთხოვნა მათი სახელფასო სარგოს 45%-იან ზრდასთან დაკავშირებით, ნიშნავს მეტროს საფასურის ავტომატურ ზრდას; მემანქანეთა ხელფასები, რომელიც დარიცხვით შეადგენს 1400-1800 ლარს, გაცილებით მაღალია, ვიდრე პედაგოგების, სასწრაფოს დახმარების ექიმების, პატრულის თანამშრომლების, მეხანძრე-მაშველების ხელფასები და თავად მეტროს სხვა თანამშრომლების. მემანქანეთა გაფიცვა ეწინააღმდეგება სასამართლოს გადაწყვეტილებას. და ბოლოს, მინდა ბოდიში მოვუხადო თბილისის მოსახლეობას მეტროს მემანქანეების გამო შექმნილი დისკომფორტისთვის“, - განაცხადა კალაძემ.

„ერთობა 2013“-მა დღეს უვადო გაფიცვა დაიწყო.

„დღეიდან მეტროპოლიტენი პარალიზებულია. "ერთობა 2013"-მა სრული შემადგენლობით უვადო გაფიცვა დაიწყო“, -აცხადებენ „ერთობა 2013“-ში.

„ინტერპრესნიუსი“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიას დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ მეტრო ამ დრომდე ვერ ემსახურება მგზავრებს, რადგან მემანქანეები სამუშაოზე არ გამოცხადნენ. შეგახსენებთ, რომ მემანქანეები გუშინ გაიფიცნენ, ისინი ხელფასების მომატებას ითხოვენ.

იხილეთ ვიდეო: მემანქანეების გაფიცვის გამო ყველა მეტროსადგური დაკეტილია - რა წარწერა დახვდათ მეტშოში ჩასულ მგზავრებს?

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ