ზაზა სარალიძე 51-ე სკოლის ადმინისტრაციას: "თუ ჩემი შვილი მოძალადე იყო, თქვით"

ზაზა სარალიძე 51-ე სკოლის ადმინისტრაციას: "თუ ჩემი შვილი მოძალადე იყო, თქვით"

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე 51-ე სკოლის ადმინისტრაციას მიმართავს და მისი შვილის ბიოგრაფიის გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს.

როგორც ზაზა სარალიძემ განაცხადა, ვრცელდება ინფორმაციები, რომ მისი შვილი მოძალადე იყო და ამიტომ მიმართავს სკოლის ადმინისტრაციას, რათა თქვან, რამდენად რეალურია ეს ინფორმაციები. სარალიძის თქმით, თუკი დაადასტურებენ, რომ მისი შვილი მოძალადე იყო, ამ შემთხვევაში სკოლის პასუხისმგებლობის საკითხი დგება.

"ვრცელდება „ფეისბუქზე“ და სხვა წყაროებით, რომ ჩემი შვილი არის გამომძალველი, ვიღაც-ვიღაცებს ტუალეტში აყოფინებდა თავს და ა.შ. მივმართავ 51-ე სკოლის ადმინისტრაციას, დაუყოვნებლივ გამოააშკარაონ ჩემი შვილის ვინაობა, თუ იყო მოძალადე, თქვან, არ დამალონ არაფერი. თუ ჩემი შვილი მოძალადე იყო და ამ სკოლაში ძალადობა ხდება, მეთანხმებით ალბათ, რომ 51-ე სკოლის პასუხისმგებლობა დგება. თუ არ იყო მოძალადე, ადგნენ და გამოააშკარაონ ყველაფერი. ვერ ვხედავ ვერც ერთ ნაბიჯს, რომ ჩემი შვილის სულის სიწმინდე დაიცვან", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

გარდაცვლილი მოსწავლის მამის კომენტარს გამოეხმაურა 51-ე სკოლის დირექტორი. როგორც მანანა თურქაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, არ არსებობს სკოლაში მოსწავლე ან მასწავლებელი, რომელიც იტყვის, რომ დათო სარალიძესთან რაღაცა ტიპის პრობლემა ჰქონდა, ან რომ დათომ ის დაჩაგრა.

“ვწუხვარ იმის გამო, რომ უფროსების არასწორი განცხადებების გამო მიწევს ასეთი განცხადებების გაკეთება, თან ასეთ მძიმე წუთებში. ყველაფერს ვიფიქრებდი, მაგრამ ამას - არა. დათო იყო თავაზიანი, კეთილი, უსაყვარლესი, მხიარული, გულღია, ცეკვავდა, ერთობოდა. სკოლის დერეფნებში დადიოდა და რეპავდა - მე ვარ ბიჭი პოზიტივიო. მე არ ვიცი ეს განცხადებები რას ემსახურება. არაჩვეულებრივი ბიჭი იყო, ძალიან მხიარული. არ არსებობს ამხელა სკოლაში მოსწავლე ან მასწავლებელი, რომელიც იტყვის, რომ დათოსთან რაღაცა ტიპის პრობლემა ჰქონდა, ან რომ დათომ ის დაჩაგრა.

ის ძალიან თავაზიანი ბიჭი იყო. არ მეგულება სკოლაში არავინ, რომ მსგავსი რამ ეთქვა. დათო იყო ძალიან ბევრი სპორტული ღონისძიების ორგანიზატორი სკოლაში და ასეთი ტიპის ურთიერთობა ჰქონდა ბავშვებთან. ჩვენ ცოტა ხნის წინ სკოლაში ჩავატარეთ სპორტული ოლიმპიადა და დათო მისი ორგანიზატორი, ბავშვების შემკრები იყო. თავად დარბოდა, რომ ბავშვებს თასები და დიპლომები გადასცემოდათ. ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი ტიპის განცხადებები კეთდება“, - განაცხადა თურქაძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ