თუ მირზა სუბელიანმა ნახა ჩემი შვილის მკვლელი, საზოგადოებას და გახარიას უწყებას მინდა ვკითხო, მისმა შვილმა არ დაფარა ვინ იყო მკვლელი, რომლის მოწვევითაც იყო იქ მისული? - ამის შესახებ ზაზა სარალიძემ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ვიდრე მირზა სუბელიანი კალანდიების ოჯახში მივიდოდა, მანამდე იქ მისი მეუღლე და შვილი იმყოფებოდნენ.
„ვიდრე მირზა სუბელიანი კალანდიების ოჯახში მივიდოდა, მანამდე იქ იმყოფებოდნენ მისი მეუღლე და შვილი, რომელიც რამდენიმე საათში მირზა სუბელიანმა წარადგინა საგამოძიებო უწყებაში ჩვენების მისაცემად. თუ მირზა სუბელიანმა ნახა ჩემი შვილის მკვლელი, საზოგადოებას და გახარიას უწყებას მინდა ვკითხო, მისმა შვილმა არ დაფარა ვინ იყო მკვლელი, რომლის მოწვევითაც იყო იქ მისული? ამასთანავე, მირზა სუბელიანის შვილი არ არის დაკავებული ამ საქმის ორგანიზებისთვის. მისი მეუღლე, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა მკვლელი ვინც იყო, რატომ არ არის დაკავებული?არის კიდევ ერთი ქალბატონი, მიხეილ კალანდიას დედა, რომელმაც იცოდა მკვლელი სადაც იყო და არ შეატყობინა საგამოძიებო უწყებას,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მისი თქმით, ანალალოგიური კითხვებით მან პროკურატურასაც მიმართა, თუმცა როგორც სარალიძე ამბობს, პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ მას უთხრა, რომ მთელ ოჯახს ვერ დააკავებდნენ.
„როდესაც ზუსტად ეს მოთხოვნები პროკურატურაში მქონდა ბატონ ზვიად ფხაკაძესთან, ასეთი პასუხი მივიღე - „კარგი რა, მთელ ოჯახს ხომ არ დავიჭერთო?“. რას ჰქვია მთელ ოჯახს ხომ არ დავიჭერთ? დამნაშავე ვინც არის, ყველა დასაკავებელია,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მისივე თქმით, ხვალ დაგეგმილ აქციას აუცილებლად შეუერთდება.
"ჩემი თხოვნაა ქართული საზოგადოებისადმი, რომ ყველა დავდგეთ ფეხზე უსამართლობის წინააღმდეგ," - აღნიშნა სარალიძემ.
მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას 10 ივნისამდე დასაკავებელ პირთა ჩამონათვალი გააკეთა, თუმცა ისინი ამ დრომდე არ არიან დაკავებული.
"კონკრეტულ პირებს ახლა არ დავასახელებ, რადგან ზოგი არასრულწლოვანია და არ დავარღვევ კანონმდებლობას. პრემიერს კონკრეტული პირების ჩამონათვალი აქვს და ეს არის საკმაოდ გრძელი სია. მათ შორის არიან პროკურატურის თანამშრომლები, საგამოძიებო ჯგუფის წევრები, ვინც მონაწილეობდა საქმის გაყალბებაში, ყველა დასაკავებელია", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.