ავტორი:

"არ მჯეროდა, რომ შევძლებდი ქართულად სიმღერას..." - რას ამბობდა პირველ ინტერვიუში სოფო ბათილაშვილი, რომელმაც პროექტი "მხოლოდ ქართული" მოიგო

"არ მჯეროდა, რომ შევძლებდი ქართულად სიმღერას..." - რას ამბობდა პირველ ინტერვიუში სოფო ბათილაშვილი, რომელმაც პროექტი "მხოლოდ ქართული" მოიგო

...ამ გოგონას 3 წლის წინ შევხვდი, მაშინ 15 წლის იყო და სხვა კონკურსში მონაწილეობდა, სადაც არ გაუმართლა... ახლა 18 წლის არის, სტუდენტია და ერთ დღეს მხოლოდ ქართულად სიმღერა გადაწყვიტა.

სოფო ბათილაშვილი პროექტ "მხოლოდ ქართულის" პირველი სეზონის პირველი გამარჯვებულია! თინეიჯერმა გოგონამ, რომელმაც საოცრად გაითავისა ქართული სიმღერები, პირველივე ტურებიდან მოახდინა მაყურებელზე დიდი შთაბეჭდილება. გთავაზობთ სოფო ბათილაშვილის ინტერვიუს, რომელიც AMBEBI.GE-მ კონკურსანტთან პროექტის საწყის ეტაპზე ჩაწერა:

"როგორც დედა ამბობს, თვეების ვიყავი, რომ რაღაც გაბმულ ბგერებს გამოვცემდი, ღრმა ბავშვობიდან ვმღერი. დედა ვოკალისტია და პატარა ასაკიდან მასმენინებდა მუსიკას, პიანინოზე მიკრავდა და ვმღეროდი. მასმენინებდა კლასიკასაც. მერე ფორტეპიანოზე შემიყვანეს, ექვსწლედი დავამთავრე. მუდმივად საკუთარი თავის ძიებაში ვიყავი. ხან ფოლკლორს ვმღეროდი, ხან - ვგალობდი გუნდში, მაგრამ რაღაც პერიოდში გადავწყვიტე, რომ ქართულად სიმღერა არ მომწონდა. ისეთი მოსაზრებები იყო გარშემო, რომ `ქართული სიმღერა ტეხავს~.

მართლა მეგონა, რომ ქართული სიმღერა ცუდია, რადგანაც არ მქონდა ინფორმაცია ხარისხიანი ქართულის შესახებ. ეს ნაკლები ინფორმირებულობის ბრალი იყო, მაგრამ ახლა ვმონაწილეობ ამ სტერეოტიპის დამსხვრევაში. რაც პირველ კონცერტზე ვიგრძენი, ასეთი რამ არასდროს მიგრძვნია, აუდიტორიას ვესაუბრებოდი იმ ენაზე, რომელიც ყველას კარგად გვესმოდა. მუსიკაც იყო და ტექსტიც, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს და მივხვდი, რომ `ქართული~ ჩემთან უფრო ახლოს არის!

- დაგეთანხმები, როგორც მაყურებელმა მეც ვიგრძენი, რომ მე მელაპარაკებოდი და ვფიქრობ, რომ არტისტულიც ხარ.

- მუსიკის მიმართ ასეთი დამოკიდებულება მაქვს და ალბათ ყველაფერი აქედან მოდის.

- ე.ი. მოგწონს ზვიად ბოლქვაძის ინტერპრეტაციები და ძველი სიმღერების ახლებური ვერსიები?

- ზვიად ბოლქვაძე არის გენიოსი. იღბლიანი ვარ, რომ მასთან თანამშრომლობის პატივი მერგო. რამდენიმე დღეა კონცერტიდან გასული და კარგად ვერც ვხვდები, ეს რამხელა რამ არის. წლები რომ გავა, ამ ყველაფერს მერე შევაფასებ, მაგრამ ეს ემოცია მგონი, შეუფასებელია.

- როგორ გადაწყვიტე პროექტში მონაწილეობა?

- ტელევიზორს საერთოდ არ ვუყურებ, ჩემმა მასწავლებელმა, ანა ჭუმბურიძემ მითხრა, ასეთი პროექტი იწყებოდა და მოდი, ვცადოთ, ჩემი აზრით, შეძლებ, მონაცემები ამისთვის გაქვსო. არადა, როგორც ვთქვი, უცხოურს ვმღეროდი. დავინტერესდი იმითაც, ვინ იყო პროექტში ჩართული, ვინ მუშაობდა მასზე: ზვიად ბოლქვაძე, მარინა ბერიძე, გიორგი უშიკიშვილი, სოფო ნიჟარაძე - ეს შემადგენლობა საკმარისი იყო, მივმხვდარიყავი, რომ მონაწილეობა ღირდა. სულ რომ არაფერი გამომივიდეს, რაღაცას ვისწავლი და ამ მხრივ გამოცდილება მექნება-მეთქი. საბოლოოდ ამან გადამაწვეტინა, ეს ნაბიჯი გადამედგა. მაგრამ არ მჯეროდა, რომ შევძლებდი ქართულად სიმღერას, დაბნეული ვიყავი და წინა ღამით, 11 საათზე საბოლოოდ გადავწყვიტე. მერე ჩემებს ვუთხარი, ხვალ კასტინგზე მივდივარ-მეთქი. ამდენი ყოყმანის შედეგად საკუთარ თავში ძალა მაინც ვიპოვე - გამერისკა და მეცადა.

ამბობენ, რომ უჟმური ვარ, ვიტყოდი, რომ უფრო ცვალებადი ვარ, ხანდახან პედანტი. შეიძლება მთელი კარადა თავზე მეყაროს, ყურადღება არც მივაქციო, არ მაინტერესებდეს, მაგრამ ხანდახან ერთი ზედმეტი ფურცელიც თუ გდია, იმაზე გადავირიო. ჰოროსკოპით `ტყუპები~ ვარ, ძალიან ცვალებადი ხასიათი მაქვს... მიყვარს ადამიანები, მიყვარს ბუნება, მესამე წელია, ვეგეტარიანელი ვარ, საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ასე ჯობია, ვცდილობ, დავტკბე მომენტებით. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის მაინც ადამიანური ურთიერთობებია. ადამიანები, რომლებიც მიყვარს, ალბათ ჩემს ცხორებაში უპირველესები არიან".

სოფო ამბობს, რომ ძალიან უყვარს ხელოვნება, წერს ლექსებს და სიმღებისთვის ინგლისურ ტექსტებს. ასევე აკეთებს ჩანახატებს, ხატავს, თუმცა ესეც მის ხასიათზეა დამოკიდებული - ხან წერს და ხან ხატავს. მისი საყვარელი ფრაზაა:

"ეს ფრაზაც სულ იცვლება. ახლა ჩემს ოთახში გამოკრული მაქვს მაჰადმა განდის სიტყვები - ადამიანი თავის ფიქრების ნაყოფია. დიახ, ადამიანები საკუთარი ფიქრების ნაყოფები ვართ და რასაც ვფიქრობთ, იმის განხორციელება შეგვიძლია. ამის გარდა, ხშირად ვფიქრობ ფრაზაზე - ვინ ვარ? რაზეც პასუხი არ მაქვს.

მაყურებელს კი მივმართავ, მოგვისმინონ იმიტომ, რომ მათთვის ვმღერით, ბევრი ემოცია მაქვს, რომელიც მინდა, გავუზიარო. მათგანაც მინდა, ემოციები ავიღო, იმისთვის, რომ კიდევ ვიმღერო. ფაქტია, რომ მადლიერებას ვგრძნობ და ეს სითბო მათგან მოდის, რაც უდიდესი რამ არის. რა შედეგით დასრულდება პროექტი, ეს მნიშვნელოვანი არ არის, უკვე გავიმარჯვე. მოგების მიმართ ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რადგანაც როდესაც რაღაც დავგეგმე, არ გამოდის, ამიტომ, ჯობია, მაგაზე არ იფიქრო. მთავარია, თუ გავვარდები, პროექტი ისე დავტოვო, რომ რისი თქმაც მინდოდა, ვთქვა".

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს