"ჩანთაში ყველაფერი უნდა ეტეოდეს, თვით მზეც კი!"

 "ჩანთაში ყველაფერი უნდა ეტეოდეს, თვით მზეც კი!"

მომღერალი, "ჯეოსტარის" მონაწილე და, უბრალოდ, ლამაზი ქალი ნინო ბაშარული მრავალთა ყურადღებას იქცევს. ის, გარდა იმისა, რომ არაჩვეულებრივად მღერის, ჩაცმის საკმაოდ ორიგინალური სტილითაც გამოირჩევა.

- ნინო, ყოველდღიურად როგორი სტილის სამოსს ამჯობინებ?

- რა თქმა უნდა, თავისუფალი სტილისას. ჯინსი და სპორტული მაისური ყველაზე კომფორტულია. მაგრამ თუ წვეულებაზე მივდივარ, გამოპრანჭვაც მიყვარს: მაღალი ქუსლები, სადა, მოხდენილი კაბა და ასე შემდეგ.

- მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი დისკომფორტს არ გიქმნის?

- პირიქით, მაღალ ქუსლებზე უფრო თავისუფლად ვგრძნობ თავს და სივრცესაც უკეთესად აღვიქვამ. დაბალქუსლიანი ფეხსაცმლითაც მშვენივრად დავდივარ, კედებიც მომწონს და ესპანური სანდლებიც.

- ჩაცმულობით სხეულის რომელ ნაკვთს უსვამ ხაზს?

- ვცდილობ, გამოვკვეთო წელი და მაქსიმალურად  გამოვაჩინო კისერი.

- ვარცხნილობას ხშირად არ იცვლი. ექსპერიმენტებს ერიდები?

- ექსპერიმენტების ასაკი უკვე გამოვიარე (იცინის). ადრე ვარცხნილობას ხშირად ვიცვლიდი. მახსოვს, ინსტიტუტში მოკლე კარე შევიჭერი და ვერავინ მცნობდა, მერე კი პაპამ მითხრა, ქალი თმით ფასდებაო და მას შემდეგ სულ გრძელი თმა მაქვს. ბოლო ხანს ძალიან მომწონს ნაწნავი. ვარცხნილობის ხშირი ცვლა მხოლოდ სულიერი მდგომარეობის  გამოხატვაა.

- ამჟამად რომელ სუნამოს იპკურებ?

- ნინა რიჩის "ნინას" და "ჰერმესს".

- მოდის თანამედროვე ტენდენციებს ითვალისწინებ?

- მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სიახლით ძალიან დავინტერესდი. მაგალითად, ამ სეზონზე გრძელი კაბები და სარაფნებია მოდური. ეს ტენდენცია ჩემთვის მისაღებია. შევიძინე კიდეც უკვე ერთი გრძელი კაბა. მომწონს ანდალუზიური კაბები, ჯინჯილები... თუმცა მხოლოდ იმას ვიცვამ, რაც მიხდება.

- ქართველ დიზაინერებზე რას იტყვით?

- საკმაოდ პერსპექტიულები და უდავოდ ნიჭიერები არიან. განსაკუთრებით ავთანდილის სტილს გამოვარჩევდი. მაგრამ მე თვითონ არც ერთ ქართველ დიზაინერთან არ ვიკერავ, თუ არ ჩავთვლით ავთანდილს, რომელიც "ჯეოსტარის" კონკურსისთვის მმოსავდა.

- რომელია შენი ფავორიტი უცხოელი მოდელიერი?

- ძალიან მომწონს პაკო რაბანის სტილი. მას ყოველთვის საინტერესო ფერთა შეხამება აქვს. მომწონს მისი კოსტიუმები, აქსესუარები და ვეტრფი მისგან მკვეთრად განსხვავებულ "შანელს", რომელიც კლასიკურობის სიმბოლოა და მუდამ აქტუალურია. საერთოდ კი, ვეკუთვნი ჯინსების თაობას და ბრენდს ყურადღებას იშვიათად ვაქცევ.

- რას ფიქრობ თბილისურ მოდაზე?

- არ მომწონს მუქი ფერები, რომლებიც თბილისელებმა ვერ მოიშორეს, თუმცა შესამჩნევია, რომ ჩვენს დედაქალაქში ჩაცმის კულტურა ნელ-ნელა იცვლება და გემოვნებაც იხვეწება.

- რომელია შენი საყვარელი ფერი?

- იისფერი და მწვანე.

- რას ფიქრობ პლასტიკურ ქირურგიაზე?

- არ ვარ პლასტიკური ქირურგიის მომხრე. ბუნებრიობა უკეთესია. ყველა ადამიანს საკუთარი ხიბლი აქვს, რომელსაც ქირურგიული  ჩარევა ართმევს. არასდროს გამჩენია რამის შეცვლის სურვილი.

- ტატუირება?..

- ლამაზი ტატუ, ალბათ, მიმზიდველია, მაგრამ ის ადამიანის ბიოველს, აურას აზიანებს. მინდა, ეს ყველამ იცოდეს. თუ ძალიან სურთ, გაიკეთონ დროებითი ტატუ, რომელიც ადვილად შორდება.

- რომელი აქსესუარის გარეშე ვერ გახვალ შინიდან?

- მიყვარს ხელნაკეთი და ვერცხლის სამკაულები, თეთრ ოქროზეც არ ვამბობ უარს, თუ მაჩუქეს  (იცინის).

- ვინ მიგაჩნია საქართველოში ყველაზე გემოვნებიან პიროვნებად?

- ძალიან მომწონს მაკა ასათიანის ჩაცმის სტილი. უდავოდ გამორჩეული გემოვნების ქალბატონია. მამაკაცებიდან არ ვიცი, ვინ დავასახელო. ასე მგონია, რაც მოდურია, ყველა იმას იცვამს და ერთნაირად კარგად გამოიყურება.

- როგორია ნინოს ჩანთა?

- მრავალფეროვანი, მაგრამ პატარა არასდროს არის. დიდი თვლებითა და ჯაჭვებითაა გაწყობილი, აქვს გრძელი სახელური. ჩანთაში ყველაფერი უნდა ეტეოდეს, თვით მზეც კი!

ნათია მალიშავა

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება