როგორ მივიღოთ უცხოური განათლება - საზღვარგარეთ სასწავლებლად წასული სტუდენტების რჩევები

როგორ მივიღოთ უცხოური განათლება - საზღვარგარეთ სასწავლებლად წასული სტუდენტების რჩევები

ბოლო წლებში ძალიან გაიზარდა უცხოეთში სასწავლებლად წასვლის მსურველთა რიცხვი და იმის გასარკვევად თუ რა საშუალებებით შეუძლიათ ახალგაზრდებს საერთაშორისო განათლების მიღება, რა გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩდნენ, ვესაუბრეთ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, რომლებმაც სხვადასხვა სასტიპენდიო პროგრამებით მიიღეს უცხოური განათლება.

ჩვენი ერთ-ერთი რესპონდენტი 27 წლის თამარი იურისტია და ამჟამად საქართველოში, ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობს. გერმანიაში, ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტში საქართველოში მოპოვებული სტიპენდიით ისწავლა. მისთვის უცხოეთში სწავლისას ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა საქართველოში მიღებული განათლების თანხვედრა და მორგება იყო იქ არსებულ საგანმანათლებლო სისტემასთან.

„სტუდენტების მიმართ ჩემი გულწრფელი რჩევა იქნება, რომ მხოლოდ საუნივერსიტეტო პროდუქტებით არ შემოიფარგლონ და მაქსიმალურად ისარგებლონ შიდა და საერთაშორისო დონეზე არსებული შესაძლებლობებით ბაკალავრის განმავლობაში, რათა შემდგომ დონეებზე, საზღვარგარეთ განათლების მიღება მათთვის ბევრად მარტივი და ნაკლებად სტრესული იყოს" - გვეუბნება თამარი და სტუდენტებს ურჩევს:

  • საწყისი ეტაპიდანვე იყვნენ პროფესიულად აქტიურები
  • შეეცადონ მიმიმუმ ერთ უცხო ენას (განსაკუთრებით ინგლისური, გერმანული, ფრანგული) მაინც დაეუფლონ პროფესიონალურ დონეზე
  • ზუსტად განსაზღვრონ რა პროგრამაზე სურთ სწავლა, დაავიწროვონ სპეციალიზაცია
  • მნიშვნელოვანი დრო დაუთმონ აპლიკაციის შევსებას
  • გამოკვეთონ მათი უპირატესობები, არასდროს დაწერონ ზოგადი სამოტივაციო წერილი და იყვნენ კონკრეტულები!

თამარის მსგავსად, თამთამაც განათლება უცხოეთში მიიღო. მან დაფინანსება ლიტვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებული საგრანტო პროგრამაში მონაწილეობით მოიპოვა (http://www.stipendijos.lt/en). აღნიშნული პროგრამა საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, სრული დაფინანსება მიიღონ ლიტვის ნებისმიერ სახელმწიფო სასწავლებელში 2-წლიან მაგისტრატურაზე სასწავლებლად და დამატებით ყოველთვიურად მიიღონ 380 ევრო ცხოვრებისეული ხარჯების დასაფარად.

სტიპენდიის მოსაპოვებლად თამთას დასჭირდა ჩარიცხვის წერილი უნივერსიტეტიდან, აპლიკაციის ფორმის შევსება და ბაკალავრთან დაკავშირებული გარკვეული დოკუმენტების მიწოდება. ლიტვაში საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლისას მისთვის ყველაზე მიმზიდველი სწავლების ხარისხი და ის სასწავლო პროგრამა (კურიკულუმი) აღმოჩნდა, რომელიც მეტად ითვალისწინებდა მის საჭიროებებს და არ სთავაზობდა რუტინულ საგნებს. როგორც ქართველმა მაგისტრანტმა აღნიშნა, უცხოეთში ცხოვრება სწავლის ან თუნდაც სხვა მიზნით, არ არის ადვილი:

"განსხვავებული გარემო და ხალხია, ყოფილა შემთხვევები, როცა სტუდენტი უკან დაბრუნებულა იმის გამო, რომ ვერ შეეგუა გარემოს. თუმცა, ეს გამოწვევა ადვილად დაძლევადია. იმ ახალგაზრდებს ვინც გეგმავს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას ვურჩევ, რომ ისიამოვნონ იმ განსხვავებული გარემოთი და ხალხით, ვინც იქ დახვდებათ" - გვითხრა თამთამ.

უცხოეთში სწავლაზე გვესაუბრა ანასტასია, რომელიც საფრანგეთის ერთ-ერთ ბიზნეს სკოლაში მარკეტინგის მენეჯმენტს სწავლობს. მან აღნიშნა, რომ უცხოეთში განათლების მიღება არ არის მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელსაც სწავლის პროცესში იღებ, არამედ ეს პიროვნული განვითარებაცაა. ანასტასია საფრანგეთში საქართველოს მთავრობისა და საფრანგეთის საელჩოს ერთობლივი პროგრამით მოხვდა. აღნიშნული გრანტისთვის განაცხადის შევსება განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებ-გვერდიდან შეძლო და სტიპენდია არა მხოლოდ სწავლის, არამედ ყოველთვიური საცხოვრებელი ხარჯებისთვისაც მოიპოვა.

"საზღვარგარეთ სწავლის დროს არაერთ გამოწვევას შეიძლება შეხვდე, თუნდაც ადმინისტრაციულ საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა უმეტესი მათგანის გადალახვა უფრო მეტად გიმტკიცებს საკუთარი თავის რწმენას და გმატებს თავდაჯერებულობას. მომავალ სტუდენტებს ვურჩევ, რომ გამოიყენონ უცხოეთში ყოფნის ყოველი წამი და მუდამ იზრუნონ როგორც პროფესიულ, ისე პიროვნულ განვითარებაზე. რთულია, ხანგრძლივია და გზად დანებების ბევრი ცდუნება არსებობს, მაგრამ ფინიშს რომ მიაღწევთ, ისეთ კმაყოფილებას იგრძნობთ, უკან გაიხედავთ და გაიფიქრებთ, რომ ამ შეგრძნებისთვის კიდევ უფრო მეტი თავგანწირვაც ღირდა... და მერე ახალი მარათონი დაიწყება“ - ამბობს ანასტასია.

უცხოეთში განათლების მიღებასა და გამოწვევებზე გვესაუბრა კიდევ ერთი ქართველი სტუდენტი ნათია, რომელიც აშშ-ში, სენტ ლუისში მდებარე ვაშინგტონის უნივერსიტეტში, ლანდშაფტის არქიტექტურაზე სწავლობს, სწავლის 75%-იანი დაფინანსებით. მისი თქმით, აშშ-ის თითქმის ყველა უნივერსიტეტს აქვს შიდა დაფინანსება (ე.წ. faculty scholarship). ეს გრანტი შეადგენს არაუმეტეს სწავლის გადასახადის 75%-ს. ნათიას თქმით, კონკურენცია ძალიან მაღალია და სასწავლო გრანტის მიღება დამოკიდებულია გამოცდების შეფასებებზე, პორტფოლიოზე, გამოცდილებაზე და ა.შ.

სწავლის საფასურის გარდა, ბუნებრივია საჭიროა საცხოვრებელი ხარჯების დაფარვაც, რისთვისაც თანხის მოძიება სხვადასხვა ფონდებსა და ცენტრებშია შესაძლებელი, თუმცა ყოველთვის ვერ ხერხდება მიზნის მიღწევა. ნათიას შემთხვევაშიც ასე მოხდა და მან მხოლოდ ახლობლების დახმარებით შეძლო ოცნების ასრულება და ამერიკაში სასწავლებლად წასვლა. ამჟამად კი გადატვირთულ სასწავლო გრაფიკთან ერთად, 2 სამსახურში (ამავე უნივერსიტეტში) უწევს მუშაობა და ხშირად ღამის გათევის ხარჯზე ახერხებს მეცადინეობას.

„გარემო აქაურ უნივერსიტეტში წარმოსახვის ფარგლებს სცდება. დამხვდა საოცრად მეგობრული გარემო, მთლიანად სტუდენტებზე ორიენტირებული, გამართული სისტემა. აქ არ გაქვს ერთი საათიც კი მოდუნების უფლება. თუმცა, ასეთი ინტენსიური სწავლის შედეგიც შესაბამისია. მიუხედავად იმისა, რომ ევროპაშიც და საქართველოშიც საკმაო გამოცდილება მქონდა დაგროვილი, ვთვლი, რომ ამერიკაში ჩამოსვლამ ჩემი პროფესიული განვითარება თავდაყირა დააყენა. "იძულებული" გამხადა, რომ განუსაზღვრელი რაოდენობის და განზომილების იდეებისთვის გამეღო კარი, ჩამეტარებინა ექსპერიმენტები მაშინაც კი, როცა დასაწყისშივე დარწმუნებული ვიყავი, რომ წარუმატებელი იქნებოდა" - ამბობს ნათია და თანატოლებს ურჩევს, მზად იყვნენ გამოცდილების მისაღებად და საინტერესო ადამიანების გასაცნობად, რადგან სწორედ ეს ადამიანები აპოვნინებენ გზას პროფესიული განვითარებისაკენ.

ავტორი: გვანცა კაკაურიძე

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ