მოლდოვა რესპუბლიკის ტერიტორიიდან რუსული საოკუპაციო ჯარის დაუყოვნებლივ გაყვანას ითხოვს.
რუსული სააგენტოების ცნობით, ამის შესახებ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, მიხაი გიმპუს განკარგულებაშია ნათქვამი, რომელიც ქვეყანაში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით გამოიცა.
ამჟამად რუსი სამშვიდობოები არაღიარებულ მოლდოვას რესპუბლიკაში საერთაშორისო კონტინგენტის შემადგენლობაში იმყოფებიან. ”რუსეთის ფედერაცია, როგორც საბჭოთა კავშირის მემკვიდრე, ვალდებულია, დაუყოვნებლივ და ტრანსფარენტულად გაიყვანოს ჯარი და შეიარაღება მოლდოვას რესპუბლიკის ტერიტორიიდან”, - ხაზგასმულია დოკუმენტში.
აღნიშნული განკარგულების ბრიფინგზე წარმოდგენისას გიმპუმ განაცხადა, რომ 1999 წელს სტამბულში გამართული ეუთო-ს სამიტის ფარგლებში რუსეთმა საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე აიღო ვალდებულება რესპუბლიკის ტერიტორიიდან ჯარის გაყვანის შესახებ. ”ამ არმიას საოკუპაციო ჯარის სტატუსი აქვს და მოლდოვას რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, ჩვენი სახელმწიფოს თანხმობა არ გააჩნია. ამიტომ რუსეთი მოვალეა, ჯარი და შეიარაღება გაიყვანოს”, - განაცხადა გიმპუმ.
საბჭოთა ოკუპაციის დღეს მოლდოვა ყოველწლიურად, 28 ივნისს აღნიშნავს. ქვეყანაში ამ დღეს ტოტალიტარული კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართება.