ხელის თხოვნა "X ფაქტორის" სცენაზე - "მეგობრები მეკითხებოდნენ, რატომ არ კივი, ხომ გიხარიაო?!"

ხელის თხოვნა "X ფაქტორის" სცენაზე - "მეგობრები მეკითხებოდნენ, რატომ არ კივი, ხომ გიხარიაო?!"

გუშინდელმა „X ფაქტორმა“ მოლოდინებს გადააჭარბა. კონკურსანტებმა დუეტები საზოგადოებისთვის ცნობილ იმ მომღერლებთან ერთად შეასრულეს, რომლებმაც თავის დროზე სწორედ მსგავს კონკურსებზე აიდგეს ფეხი. განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო ია ტომაშის გამოსვლა, რომელსაც სიმღერის დასრულებისთანავე შეყვარებულმა - დემე მიქელაძემ პირდაპირ ეთერში ცოლობა სთხოვა. განცდილ ემოციებზე ია AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში საუბრობს:

"მუსიკასთან ბავშობიდან მქონდა შეხება. სამუსიკო სკოლაში 7 წელი ვისწავლე ფორტეპიანოს განხრით, სულ 8-წლიანი იყო, გაგრძელებას ვფიქრობდი, მაგრამ ვეღარ გავუძელი და ბოლოს თავი დავანებე. ძალიან ზარმაცი აღმოვჩდი, 6-7 საათი მეცადინეობა არაფრით არ შემეძლო, „ყურით“ ვიზეპირებდი და 15-20 წუთში რასაც გავაკეთებდი, სულ ეგ იყო... ეტყობა, დედაჩემიც მიხვდა, რომ აღარ შემეძლო და იმავე მუსიკალურში კლასიკურ ვოკალზე შემიყვანა... იმ პერიოდში გარდატეხის ასაკში ვიყავი, წიკები მქონდა, ვიფიქრე რას მაკივლებს ეს ქალი-მეთქი და დავანებე მაგასაც თავი, თუმცა დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, იმით რომ ეს გამოცდილება მაქვს. ვფიქრობ, ყველა სფეროში განათლებას, კლასიკურ განათლებას დიდი მნიშვნელობა აქვს, ჯერ ეს უნდა ისწავლო და მერე გადაინაცვლო სხვა სფეროში, ესტრადა იქნება ეს თუ სხვა.

- ამის შემდეგ თქვენს ცხოვრებაში იყო მუსიკალური კონკურსები, პირველი „ახალი ხმა“ იყო, არა?

- კი, ჯერ იყო „ახალი ხმა“, შემდეგ „მაგთიფანი“, თითქმის ერთმანეთზე მიყოლებული იყო ეს კონკურსები. „ახალ ხმაში“, უბრალოდ სიმღერისთვის ვიყავი მისული, მომინდა სიმღერა, ვიფიქრე ბარემ კონკურსში გავალ-თქო და მივედი. იქ თურმე იმდენი ნიუანსი ყოფილა, თუნდაც შიდა სამზარეულოში, თუნდაც გარე მხრიდან, რომ ძალიან დავიძაბე. დღეს როგორი შემართებითაც ვარ, მაშინ ვერ ვიყავი ასე. მეტი შემართება რომ მქონოდა, ვფიქრობ, მეტს მივაღწევდი. თან, დღეს უფრო მეტი საშუალებაა და შესაძლებლობებიც იზრდება.

- იყო კონკურსანტი - მარტივი არაა, მითუმეტეს მაშინ, როცა უკვე გავლილი გაქვს ეს გზა, იცი რა და როგორ ხდება... მიუხედავად ამისა, „იქს ფაქტორში“ მაინც მიხვედი, არ იყო ეს რთული?

- ბევრი მეკითხებოდა - მზად ხარ ხელახლა გაიარო კონკურსის გზა? მე იმდენად მალე მავიწყდება წყენა, როგორც ჩანს მალე დამავიწყდა ისიც, რომ ერთი-ორჯერ ეგეთ „შარში“ ვიყავი. "იქს ფაქტორში" იმიტომ მივედი, რომ უფრო მეტმა ადამიანმა გამიცნოს და დამინახოს. სცენაზე დგომით არასდროს დავიღლები, კონკურსი გვძაბავს და გვღლის. კონცერტები ყოველდღე რომ გადავაბა, არ დავიღლები. ის ემოციური ფაქტორია რთული, რაც კონკურსს ახლავს. საერთოდ, არ მიყვარს როცა მიზნები მელევა... მეგობარი მყავს ფსიქოლოგი და მასთან ვსაუბრობ ხოლმე ასეთ საკითხებზე. როცა დასახულ მიზანს ვაღწევ, კარგია, მაგრამ მერე? მერე რა? მერე ახალი მჭირდება რამე, რომ იმაზე ვიმუშაო.

ჩემი ფსიქოლოგი მეგობარი სულ მეუბნება, რომ თვითკმაყოფილებას ვერ ვეგუები, ამბობენ, მაგას „ჟილკიანი“ ჰქვიაო, არ ვიცი რა ჰქვია, მაგრამ სულ მინდა ვვითარდებოდე, ხანდახან სპეციალურად დამიტოვებია ნიუანსი, რომ ბოლომდე იდეალურად არ ვიგრძნო თავი, დიდი ხანი დამჭირდება ბიონსესავით ან რიანასავით რომ ვიგრძნო თავი, მაგრამ მაინც.

- ია, კონკურსსა და კონკურსს შორის რას საქმიანობდი?

- არ ვჩერდებოდი, ბენდთან ერთად ვმუშაობდი. რაც ლაივები დაიწყო, ფიზიკურად არ მაქვს დრო არაფრისთვის, ამ კვირაში საკუთარ თავს ძლივს მივხედე, ყოველდღე რეპეტიციებზე დავდიოდი. წარმოსადგენადაც კი რთულია, თუ რამხელა შრომის ჩადება უწევს ბიონსეს, რომ ის შოუ შექმნას, რასაც გვთავაზობს თავისი ცეკვით და სიმღერით. ხელი ერთი გავაქნიე და გული ამომივარდა სცენაზე, უფრო მეტი მოძრაობები იყო და ამოვიღეთ მე და მარიკომ, თან შემაღლებულზე რომ ვიდექით, სულ მეშინოდა არ გადმოვვარდნილიყავი. ამის მიუხედავად ყველა მეუბნებოდა, რომ ნერვიულობა არ მეტყობოდა, რეალურად შიშისგან ფეხები მიკანკალებდა.. მარიკო ლეჟავას გადასარევად შევეწყვე, ერთი და იგივე მუხტი გვაქვს.. მიუხედავად იმისა, რომ მე ბასტი ვიყავი და ის ძალიან გრძელი ბუბუ, ჩემი თეძო იმის მუხლთან იყო.

- გუშინდელი დღე თქვენთვის ძალიან ამაღლვებელი იყო, ყველაფერი თეთრი მიკროფონით დაიწყო და ხელის თხოვნით დასრულდა... ელოდი ამას? ხვდებოდი წინასწარ?

- სცენაზე რომ ამოვიდა, გავიფიქრე რომ რაღაც მსგავსი მოხდებოდა, მაგრამ თეთრი მიკროფონით რომ წამოვიდა, ჩავთვალე, მხოლოდ ეს იყო. თვითონ ისე ნერვიულობდა, იქეთ ვაწყნარებდი. გარეთ რომ გამოვედით, მითხრა, მეტჯერ აღარ მოვიყვან ცოლს, იმდენი ვინერვიულე მაგ მომენტშიო. სხვათა შორის, ბევრმა მომწერა, რომ ეს ჩვენი ურთიერთობის ჰეფიენდი და დაგვირგვინებაა, არადა სულაც არ ვფიქრობ ასე.. არც გათხოვებას ვთვლი რაიმე ახალ და განსაკუთრებულ ეტაპად. სცენიდან დაბრუნებულს მეგობრები მეკითხებოდნენ, რატომ არ კივი, ხომ გიხარიაო?! მე დარწმუნებული ვიყავი, რომ დემე ის ადამიანი იყო, ვისაც ჩემს ცხოვრებას დავუკავშირებდი და გამიხარდა ის, რომ არ მოერიდა საკუთარი გრძნობების და ეს ნაბიჯი გადადგა. ამას რად უნდა კივილი და სახის დახოკვა, ან ჰეფი ენდი რატომაა არ ვიცი, თუმცა ამ ყველაფერმა ძალიან გამაბედნიერა.

- რაც შეეხება თეთრ მიკროფონს, დიდი ხნის ოცნება იყო?

- ყველამ იცის რომ ძალიან მიყვარს იისფერი, მოვიძიე მიკროფონი ამ ფერში, მაგრამ სულაც არ აღმოჩნდა ისეთი ლამაზი და ეფექტური, როგორიც წარმომედგინა. ამ ძებნაში ვნახე თეთრი მიკროფონი, რომელსაც დაყვება იისფერი ქრომი, ულამაზესია, ძალიან მომწონდა და აი, უკვე ჩემია. დემე ყოველთვის ისეთ საჩუქრებს მიკეთებს, რაც ჩემს საქმესთანაა დაკავშირებული და საქმეში გამომადგება.

- მოდი, დემეზე ცოტა მეტი მოგვიყევი...

- ზოგადად, არ მიყვარს ამ თემაზე ვრცლად საუბარი, უბრალოდ გეტყვი იმას, რომ წელიწადნახევარია ერთად ვართ და საერთო მეგობრისგან გავიცანი. დემე დრამერია, შვიდწლედი აქვს დამთავრებული დრამზე, შემდეგ ხმის ინჟინერია ისწავლა 2 წლის განმავლობაში. უნდოდა, ეს საქმე თვითნასწავლის დონეზე კი არ სცოდნოდა, პროფესიონალი ყოფილიყო. ხმის ინჟინერი კი არის, მაგრამ სამედიცინოზეც სწავლობს.

- საყვარელ ადამიანთან ერთად მუშაობას ალბათ აქვს თავისი პლიუსები..

- კი, ძალიან დიდი პლიუსია, როცა შენს საყვარელ ადამიანს, რომელიც ყველანაირად გეხმარება, გვერდით გიდგას, შეუძლია, შენი კარიერული მიზნების განხორციელებაში დაგეხმაროს. რაც ყველაზე მეტად მიჭირს კარიერაში, ეს არის ხმის დაყენება და ამას დემე აგვარებს, ნევროზიანი ვარ, სულ რაღაც მტკივა და ამაშიც მამშვიდებს, ამაზე მეტი პლიუსი რაღა უნდა იყოს? მეტი რაზე უნდა ვიოცნებო?!

- რა გეგმები გაქვთ როგორც წყვილს?

- ამ წუთას ჩემი გეგმები მხოლოდ „იქს ფაქტორს“ უკავშირდება. ჯერჯერობით არ ვფიქრობ ქორწილზე, რადგან თუ იქნება ქორწილი, მინდა, გრანდიოზული იყოს, ესეც ჩემი ოცნებაა, ამას კი დამშვიდებულ გონებაზე უნდა დაგეგმვა... ახლა იმდენად დაძაბული პერიოდი მაქვს, მასთან გადასვლაზეც უხერხულია საუბარი... როდის მე მოვეწყობი, როდის მე ჩემს 200 კარადა ტანსაცმელს წავიღებ, დრო სჭირდება ამ ყველაფერს. ამიტომ ამ ეტაპზე, ხან იქ ვიქნებით, ხან - აქ, როგორც აქამდე ვიყავით.

ავტორი: ციცი ომანიძე

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს