ამ ცოტა ხნის წინ ავღანეთიდან ქართველი ჯარისკაცები სამშობლოსა და საკუთარ ოჯახებს, საბედნიეროდ, მშვიდობით დაუბრუნდნენ. ვინც იმ დღეს აეროპორტში იმყოფებოდა, ძალზე ემოციური შეხვედრების მომსწრე გახდებოდა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ერთი გაძლიერებული ასეული, 173 კაცის შემადგენლობით, ავღანეთში, ქალაქ ქაბულში 6 თვის განმავლობაში ასრულებდა სამშვიდობო მისიას. ქართული ასეული ფრანგული კონტინგენტის შემადგენლობაში შედიოდა (აქვე დავძენთ, რომ ჩვენი ჯარისკაცები ასევე, ავღანეთის სამხრეთით - ჰელმენდის პროვინციაშიც იმყოფებიან.). ამ ასეულის სამხედრო მოსამსახურეებს საკმაო გამოცდილება აქვთ მიღებული - სამშვიდობო მისიას ერაყშიც ასრულებდნენ. მათი ახალგაზრდა მეთაური - კაპიტანი ანტონ ქუთათელაძე შეიარაღებულ ძალებში 1995 წლიდან მსახურობს. მას აეროპორტში მონატრებული დედა დახვდა...
- ბატონო ანტონ, ავღანეთში წასვლამდე ჯარისკაცებმა სპეციალური მომზადება გაიარეს, არა?
- დიახ, ეს რამდენიმე თვით ადრე განხორციელდა. გარკვეულმა ნაწილმა მომზადება საფრანგეთში გაიარა და ამის შემდეგ ქვედანაყოფი ავღანეთში გაემგზავრა. 173 მოსამსახურე ასრულებდა მისიას. ჩემი ასეული ავღანეთამდე ერაყშიც არის ნამყოფი, ასე რომ, ბიჭებს საკმაო გამოცდილება აქვთ. მოტივირებულიც არიან: ჩვენს ქვეყანას ვემსახურებით.
- დაკისრებულ ამოცანებს როგორ გაართვით თავი?
- ავღანეთში რასაც ვასრულებდით, ეს ნამდვილად საინტერესო იყო. ბევრი რამ შევისწავლეთ, ქვედანაყოფმა დიდი პრაქტიკა გაიარა და გამოცდილება გაიმდიდრა. ქაბულის გარეუბანში, ცენტრიდან 10 კილომეტრის დაშორებით ვიყავით დისლოცირებული. ჩვენს მოვალეობაში ბაზის დაცვა შედიოდა; ქვედანაყოფს აგრეთვე, საპატრულო რაიონი ჰქონდა გამოყოფილი, რომლის პატრულირებას 24 საათის განმავლობაში ვახორციელებდით. გვქონდა ურთიერთობა მოსახლეობასთან, რათა მისგანაც საჭირო ინფორმაცია მიგვეღო.
- მერე, როგორი ურთიერთობა ჩამოგიყალიბდათ?
- ქართულ კონტინგენტს მოსახლეობასთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ეს იმაში გამოიხატებოდა, რომ სამხედრო ფორმით გვცნობდნენ და ხშირად ისმოდა შეძახილები: "ქართველებო, ქართველებო!" ჩვენი ჯარისკაცები ხშირად ასაჩუქრებდნენ ბავშვებს, რამდენიმეჯერ საქველმოქმედო აქცია ჩავატარეთ და საკმაოდ კარგად გაგვიცნო მოსახლეობამ. ქართველი ჯარისკაცებიც კმაყოფილები იყვნენ.
- რომელი ქვეყნის სამხედრო ნაწილები შეცვალეთ?
- ტერიტორიას, რომლის დაცვა დაგვევალა, ჩვენს ჩასვლამდე საფრანგეთის ეროვნული ლეგიონი იცავდა. ჩვენ კი ახლა ისევ ქართველმა სამხედროებმა შეგვცვალეს. მადლობა უფალს, ამ 6-მა თვემ კარგად ჩაიარა და უდანაკარგოდ დავბრუნდით.
- სად იყო მისიის შესრულება უფრო რთული - ავღანეთში თუ ერაყში?
- ორივე შემთხვევაში ერთნაირი პრობლემის წინაშე ვიდექით.
- "ცხელ წერტილში" მოხვედრამდე ჯარისკაცები ფსიქოლოგიურად ემზადებიან?
- როცა კაცი ჯარში მოდის, კარგად აქვს გათავისებული, სად მიდის და რისთვის. ჩვენმა ჯარისკაცებმა იცოდნენ, რა ამოცანები ექნებოდათ შესასრულებელი და რამდენად მნიშვნელოვანია ეს ჩვენი ქვეყნისთვის.
- როგორ პირობებში იყავით? კვება როგორი გქონდათ?
- ჯარისკაცს იქ ყველა პირობა აქვს შექმნილი. დასვენების დროსაც და სამსახურის პერიოდშიც ყველაფრით უზრუნველყოფილნი იყვნენ.
- როგორც ვიცი, ასეულში ქალებიც იყვნენ. მათ რა ფუნქცია ეკისრებოდათ?
- 8 მანდილოსანი იყო. ცენტრალურ შესასვლელში იქ მცხოვრები ქალების ჩხრეკა უხდებოდათ.
- მოსახლეობა ბაზაში შემოდიოდა?
- იყო კატეგორია, რომელიც ბაზის ტერიტორიაზე მუშაობდა და მათი ჩხრეკა ჩვენს მანდილოსნებს ევალებოდათ.
- ბატონი ანტონ, რამდენად მკაცრი მეთაური ხართ და დასჯის რა მეთოდს მიმართავთ ხოლმე?
- ჯარისკაცმა დაკისრებული მოვალეობა მაღალ დონეზე უნდა შეასრულოს. ყოველთვის ვითხოვ, პროფესიონალები იყვნენ, საკუთარი თავი წარმოაჩინონ ისე, როგორც ეს ქართველ სამხედროს შეეფერება. რაც შეეხება დასჯას - მეთოდი უამრავია. ჩემი საყვარელი მეთოდი - ვარჯიშით დასჯაა, ეს ჯარისკაცისთვისაც სასარგებლოა და ჩემთვისაც, რადგან ვარჯიში ფიზიკურ კონდიციებს აუმჯობესებს.
- რაიმე კურიოზს ხომ ვერ გაიხსენებთ?
- გვიან ღამით შევიტყვეთ, რომ საგუშაგოს მოპირდაპირე მხარეს, 200 მეტრში ორი ადამიანი რაღაცას თხრიდა. ეს საეჭვოდ მივიჩნიეთ. ათეულს ვუხმე და წავედით. მივეპარეთ და ორი მამაკაცი ავიყვანეთ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ორი საწყალი გლეხი დავაკავეთ - ღამის 2 საათზე თურმე არხი გაჰყავდათ: იმ ტერიტორიაზე მწვავედ დგას წყლის პრობლემა; გლეხებს განაწილებული ჰქონდათ სამუშაო და განსაზღვრული ჰქონდათ დრო - სამუშაო ვის როდის უნდა შეესრულებინა. რა თქმა უნდა, შევაშინეთ...
ვიცე-პოლკოვნიკ ლევან სიხარულიძეს ავღანეთში 8 თვით გაჩერებამ მოუწია. ის ქართული ქვედანაყოფის მეკავშირე-ოფიცერი იყო, ინტეგრირებული საფრანგეთის ბატალიონის შტაბში. ბატონ ლევანს აეროპორტში მონატრებული ცოლ-შვილი დახვდა.
- ბატონი ლევან, რა ფუნქციის შესრულება გიხდებოდათ და როგორ გაიხსენებთ ავღანეთში გატარებულ დღეებს?
- სამსახურის თვალსაზრისით, ეს მისია ჩვენთვის ძალზე სასარგებლო და აუცილებელი იყო. ჩემი უპირველესი ვალდებულება - ქართულ და ფრანგულ ქვედანაყოფებს შორის ურთიერთობა გახლდათ. კონტაქტი უნდა ყოფილიყო მაქსიმალურად გამართული, სწორედ ნატოს მუდმივმოქმედი, ოპერატიული პროცედურების შესაბამისად. ასეც ხდებოდა. ჩვენი ასეულის საქმიანობა საბრძოლო-სამეთვალყურეო კოშკურებზე მორიგეობა, მთავარი კარიბჭის დაცვა, პატრულირება გახლდათ. ყველაფერი განისაზღვრებოდა მოქმედი ოპერატიული პროცედურებით და ბუნებრივია, ამის მიხედვით დაგეგმვა, ასეულამდე გეგმის დაყვანა, ამოცანების დასახვა, მისი შესრულება, მასზე კონტროლი.
- იქნებ აღწეროთ, როგორი იყო თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე?
- ყველას ერთნაირი, სტანდარტული დღე გვქონდა: დილა ფიზიკური მომზადებით იწყებოდა; ყველაფერი განაწესის მიხედვით მზადდებოდა - იქნებოდა ეს ბანაკის დაცვა საბრძოლო-სამეთვალყურეო კოშკურებიდან, მთავარი გასასვლელის დაცვა თუ 24-საათიანი პატრულირება.
- როგორც ვიცი, ერაყში სამხედრო კონტინგეტთან მოძღვარი იმყოფებოდა; ჯარისკაცებმა ქართული ტაძარიც ააგეს. თქვენ თუ გქონდათ სპეციალურად გამოყოფილი სალოცავი ადგილი?
- ჩვენთან ერთად მამა იოსები იმყოფებოდა. გვქონდა სალოცავი კუთხე - მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სამლოცველო. მისი კურთხევა მოხდა. ფრანგების დახმარებით, მაგრამ ჩვენი ძალებით, მოვაწყვეთ ეს სამლოცველო, სადაც ყოველდღე წირვა-ლოცვას ჩვენი ასეულის მოძღვარი, მამა იოსები ატარებდა... ასეულისთვის ყაზარმები და შტაბი ფრანგულმა მხარემ გამოყო. დამატებით, დასასვენებელი შენობა გვქონდა, სადაც ტელევიზორით, კომპიუტერით, ტელეფონითა და გასართობი საშუალებებით სარგებლობა შეგვეძლო. იყო ასევე სპორტული მოედანი, სადაც "ნატოელებს" ფეხბურთის თამაშის შესაძლებლობა აქვთ.
- თავისუფალი დრო გრჩებოდათ?
- რა თქმა უნდა, ასეული დაკავებული იყო, მაგრამ გარკვეული დროის მონაკვეთი თავისუფალი გვქონდა. მორიგეობის შემდეგ, ყველა თავისი საყვარელი საქმით იყო დაკავებული: ზოგი - სპორტით, ზოგი - პირადი საქმეების მოწესრიგებით. ოჯახთან კავშირი ინტერნეტით შეგვეძლო.
- ეს თქვენთვის პირველი მისია იყო?
- ნატოში საკმაოდ დიდხანს მომიხდა სამსახური. 3-ჯერ, ხანმოკლე მისიით, კოსოვოში ვიყავი მივლინებული, იქ განთავსებული ქვედანაყოფის ინსპექტირების მიზნით. კოსოვოში გერმანულ ქვედანაყოფთან ურთიერთობამ მომიწია, ავღანეთში - ფრანგულთან. სამხედრო სამსახური მკაცრია და ოპერაციების დროს დიპლომატიას არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება. ბუნებრივია, ფრანგი მეთაური ფრანგებთან უფრო მკაცრია, ვიდრე ქართველებთან, - ისევე, როგორც ჩვენი მეთაური ქართველი ჯარისკაცების მიმართ გაცილებით მომთხოვნია. ერთი სიტყვით, ყველანი იმ ჩარჩოში ვექცეოდით, რომელსაც ნატოს წესდებების შესაბამისად ითხოვდნენ. საბედნიეროდ, არანაირი დანაკარგი არ გვქონია.
- იქნებ, რომელიმე ოპერაცია გაიხსენოთ?
- 2009 წლის დეკემბერი იყო. მთავარ ღერძზე, სადაც ყოველთვის ჩვენი მეკავშირეები მოძრაობდნენ, თავიანთი პატრულით, მეამბოხეთა შემოღწევის ფაქტი დააფიქსირეს. მაშინვე, უზარმაზარი სამხედრო მანქანა ამოქმედდა. ჩვენი ასეულის მეთაურმა მიიღო დავალება, აღნიშნულ ზონაში პატრულირება მოეხდინა, რადგან ეჭვი იყო, რომ მეამბოხეებს გამთენიისას შეიძლებოდა, გზა დაენაღმათ. საბოლოოდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ამ დღეს პირველად მომეცა საშუალება, მენახა (და თავადაც მიმეღო მონაწილეობა), თუ რეალურად როგორ ხდება ქვედანაყოფის მართვა ციფრული ტექნიკის საშუალებით.
ჩვენს ასეულთან ერთად, ოპერაციაში ფრანგული და თურქული ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ. რა თქმა უნდა, რუკები და შესაბამისი მოწყობილობები გვქონდა. ჩვენ ეკრანზე ვუყურებდით, თუ როგორ მოქმედებდა ქართული ქვედანაყოფი, რას აკეთებდნენ ფრანგები და თურქები. ბუნებრივია, საჭიროების შემთხვევაში, ძალიან ადვილი იყო განკარგულების გაცემა, რომ რაღაც ცვლილება მომხდარიყო, თუ ამის აუცილებლობა იქნებოდა.
- სხვა ქვეყნის სამხედროებთან როგორი ურთიერთობა გქონდათ?
- ყველანი ერთი ამოცანის შესასრულებლად ვიყავით და დამოკიდებულება ჩვენ შორის ძალიან მეგობრული იყო. თუ რაიმე უბედურება მოხდებოდა, ეს მოგვივიდოდა ყველას, ამდენად - მთელი იმ მრავალეროვნული ქვედანაყოფის პრობლემა გახლდათ, რომელიც აღნიშნულ ბაზაზე იყო განლაგებული.
- ქალაქ ქაბულში მოსახლეობა რა პირობებში ცხოვრობს?
- განვითარებადი ქვეყანაა, მთელი რიგი დამახასიათებელი პრობლემებით. ცხოვრების ის წესი, რომლითაც ცხოვრობენ, მათთვის მისაღებია. ქალაქში მიმდინარეობს მშენებლობები, დასავლეთიდან ახალ-ახალი ინვესტიციები შემოდის; სწორედ ამის საფუძველზე ხდება ქაბულის განვითარება, მისი კეთილმოწყობა. ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი...
- რა მოგცათ იქ გატარებულმა დღეებმა?
- კარგად გავიცანით ის მუდმივმოქმედი პროცედურები, რომლითაც ნატო მოქმედებს. პატრულირება ნატოს სტანდარტების თანახმად, არა უბრალოდ თეორიულად შევისწავლეთ, არამედ პრაქტიკულად ვახორციელებდით; ამის მიხედვით დგებოდა მოხსენებები, ბრძანებების დაწერა და სხვა ამოცანების გადაჭრა.
თეა ხურცილავა
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)