ავტორი:

"მის სანახავად რომ მივედი, აპარატზე იყო მიერთებული..." - ანრი ჯოხაძემ ნოე სულაბერიძის გარდაცვლილ დედას კლიპი მიუძღვნა

"მის სანახავად რომ მივედი, აპარატზე იყო მიერთებული..." - ანრი ჯოხაძემ ნოე სულაბერიძის გარდაცვლილ დედას კლიპი მიუძღვნა

პროდიუსერ ნოე სულაბერიძეს დედა ცოტა ხნის წინ გარდაეცვალა, ის მისი ერთადერთი შვილი იყო. როგორც ამბობს, დედამ ბოლო 38 წელი სწორედ მას მიუძღვნა. ლილი შავერზაშვილი კომპოზიტორი გახლდათ, შავერზაშვილების ცნობილი მუსიკალური დინასტიიდან.

"კონსერვატორია დაამთავრა (დავით თორაძის კლასი), უამრავი ნაწარმოების ავტორია. მთელი ცხოვრება მუსიკას და მე მომიძღვნა. მის უამრავ კლასიკურ ნამუშევარს შორის ერთი ("მე და შენ") საესტრადო ნამუშევარია, რომელიც ანრი ჯოხაძემ ცოტა ხნის წინ ჩაწერა და მასზე უკვე კლიპიც გადაიღო" - ამბობს პროდიუსერი ნოე სულაბერიძე ჩვენთან საუბრისას.

კლიპის პრეზენტაცია გუშინ შედგა. კომპოზიტორ ლილი შავერზაშვილის სიმღერას თავად ანრი ასრულებს და კლიპის იდეაც და რეჟისურაც მას ეკუთვნის.

ნოე სულაბერიძე:

- ეს სიმღერა რამდენიმე ათეული წლის წინ დაწერა. ნაწარმოებებს ძირითადად საგუნდო და კლასიკური მიმართულებით ქმნიდა. ეს ერთი საესტრადო სიმღერა ჰქონდა, მაგრამ თაროზე იყო შემოდებული. მიხარია, რომ ანრიმ მოისურვა ემღერა და მერე მასზე კლიპიც გადაეღო. კლიპის იდეაც და რეჟისურაც მას ეკუთვნის. მგონი, კარგი გამოვიდა, ჩემთვის ძალიან ამაღლვებელია. კადრში დედას სურათი ჩნდება და მასში ჩემი შვილებიც მონაწილეობენ.

- რატომ არ მოხერხდა ამ სიმღერაზე კლიპის გადაღება ქალბატონი ლილის სიცოცხლეში?

- ცხადია, უკეთესი იქნებოდა, მის სიცოცხლეში მოსწრებოდა, რაზეც გული მწყდება, მაგრამ ძალიან მოულოდნელად წავიდა, ვერ მოვახერხე ამ ყველაფრის გაკეთება, მიუხედავად იმისა, რომ ნაფიქრი მქონდა. ცუდია, რომ ეს ყველაფერი დაგვიანებით მოხდა. მადლობა მეგობრებს, ვინც დამეხმარნენ.

- როდესაც უკვე დედის სიმღერაზე კლიპი არსებობს, რა გრძნობაა ეს?

- ჩემთვის იმას ნიშნავს, რომ კიდევ უფრო ბევრი ადამიანი გაიგებს დედაჩემის არსებობის შესახებ, უფრო მეტი მოისმენს მის სახელსა და გვარს. დედაჩემი ნიჭიერი ადამიანი იყო. წლები ჩემს აღზრდას შეალია და ნაკლებად ქმნიდა იმას, რისი შექმნაც კარგად გამოსდიოდა. ძალიან ხშირად მისი ნაწარმოებები უცხოეთში წარმატებით აჟღერებულა, მაგრამ ესტრადას არ ეტრფოდა, სულ ამბობდა, ეგ ყველას შეუძლიაო. ხომ ვამბობ, ეს ერთი საესტრადო სიმღერა ჩემს ბავშვობაში აქვს დაწერილი.

ფოტო გადასაღები მოედნიდან

ანრი ჯოხაძე:

- ზოგადად პროექტი გამოვიდა. კლიპს რომ ვუყურებ, ვისმენ, რაზეა ეს ყველაფერი, მრჩება შთაბეჭდილება და ემოცია, რომ მარადიულ სიყვარულზეა... სიყვარულზე, რომელიც სიკვდილამდე შენთან არის, არ გშორდება. კლიპი პირადად ჩემი დამონტაჟებული და აწყობილია, სიმღერა ჩემი გაკეთებული, ნამღერია და როცა ვისმენ, მეც იგივე განცდა მიჩნდება - რა კარგია მომენტი, როდესაც ადამიანს გიყვარს მთელი ცხოვრება, სიცოცხლის ბოლომდე შეყვარებული ხარ და იმ ერთის ერთგული ხარ.

რაც შეხება სიმღერას, არის ემოციური და ძალიან ლამაზი, რაც მე ძალიან მიყვარს მაგ თაობის კომპოზიტორებში, რომელ თაობასაც ლილი შავერზაშვილი მიეკუთვნება. ეს არის რაღაც ამერიკული სიმფოჯაზის გავლენა მუსიკაში. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ისევ ეს ძველი თაობა რჩება ლიდერად.

- იდეა საიდან მოვიდა, ეს კლიპი გადაგეღო?

- როდესაც ქალბატონი ლილი ძალიან ცუდად იყო, მის სანახავად მივედი... აპარატზე იყო მიერთებული... ნოემ ეს სიმღერა მომასმენინა, მაშინვე სურვილი გამოვთქვი, მემღერა იმდენად მომეწონა. მოკლედ, გავაკეთე და მგონი, გამოვიდა.

ნინი ბადურაშვილი:

- ჩემს მეგობრებს - ნოეს და ანრის ვულოცავ ამ წარმატებული ნამუშევარს. ეს ნოეს დედის სიმღერაა და მისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და სენტიმენტალურია ეს დღე. მიხარია, რომ ასეთი კარგი ნამუშევარი გამოვიდა. ამაში ეჭვიც არ მეპარებოდა.

სიმღერის ძველი ჩანაწერი მოსმენილი მქონდა. კარგი მელოდიაა, სასიამოვნო. როდესაც გავიგე, ანრი აპირებდა მის გაკეთებას, მაშინვე ვიფიქრე, რომ თავისებურად, როგორც სჩვევია, რაღაც მასშტაბურს შექმნიდა, რომ ყველას მოგვეწონებოდა. ასეც მოხდა.

ნახეთ ვიდეო: ანრი ჯოხაძის ახალი კლიპი, რომელიც მან ნოე სულაბერიძის დედის ხსოვნას მიუძღვნა

ქრისტინე იმედაძე:

- აღფრთოვანებული ვარ სიმღერით და კლიპითაც. იდეაც მომწონს, რომ ნოეს შვილებიც არიან კლიპში... ჩემთვის გულისამაჩუყებელი აღმოჩნდა და ცოტა მძიმე საყურებელიც, რადგან ქალბატონი ლილი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. ეს ამბავი ყველამ ძალიან განვიცადეთ... ანრის წარმატებულ ნამუშევარს ვულოცავ. კარგია, რომ ნოემ და ანრიმ ამ არაჩვეულებრივ სიმღერას სული ჩაბერეს. კარგი იქნებოდა, ქალბატონი ლილი ამას მოსწრებოდა, მაგრამ ასე ვიცით შვილებმა, გვიან გვაფიქრდება რაღაცები, მაგრამ თვითონ ქალბატონი ლილიც თავმდაბალი ადამიანი იყო, მორიდებული და ალბათ მიზეზიც ეს არის. ისიც კარგია, რომ სიმღერა ანრის ხელში მოხვდა... ყაყაჩოებით გადავსებული ულამაზესი მინდორიც ძალიან უხდება კადრებს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ