დაღუპული მეშახტის მამა - ექსპერტების დასკვნას, რომ შახტში მომხდარის მიზეზი ადამიანური გადაცდომა იყო, არ ვენდობი

დაღუპული მეშახტის მამა - ექსპერტების დასკვნას, რომ შახტში მომხდარის მიზეზი ადამიანური გადაცდომა იყო, არ ვენდობი

ჩემი შვილი შახტში რომ ჩადიოდა, ასე ამბობდა: „ღმერთო გადამარჩინე და მშვიდობით გამომიყვანეო“, - ამის შესახებ ტყიბულის შახტში 2018 წლის 5 აპრილს გარდაცვლილი პავლე გამეზარდაშვილის მამამ, გურამ გამეზარდაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ის უკრაინელი ექსპერტების დასკვნას არ ენდობა, რადგან მომხდარში ადამიანური გადაცდომის ფაქტორს გამორიცხავს.

„იმას, რომ მომხდარის მიზეზი იყო ადამიანური გადაცდომა, არავითარ შემთხვევაში არ ვენდობი. უკრაინელმა ექსპერტებმა დამისახელონ თუ მივიდა ჩემი შვილი იმ წერტილამდე, სადაც აფეთქება იყო. დასკვნას იმიტომ არ ვენდობი, რომ მე ვიცი ჩემი შვილის ამბავი. პირველ ცვლაში იყო და ყველაფერი იცოდა. შახტში რომ ჩადიოდა, ასე ამბობდა: „ღმერთო გადამარჩინე და მშვიდობით გამომიყვანეო“. რაღაც რომ მოხდებოდა, წინასწარ იცოდა. შეიძლება მართლაც მოხდა აფეთქება, მაგრამ ისეთი ადგილი იყო, არც აფეთქება უნდა დაეშვათ იქ და არც არაფერი. უნდა დახურულიყო წინასწარ. საერთოდ მუშაობა არ შეიძლებოდა იქ, ისეთი კატასტროფული მდგომარეობა იყო. არანაირი ვენტილაცია, არანაირი ჰაერი არ მოძრაობდა შიგნით. ჩემი შვილი 12-ის ნახევარზე რომ გავიდა, ასე თქვა: ღმერთო მშვიდობით გამომიყვანეო, პირჯვარი გადაიწერა და მე გავაცილე“, - განაცხადა გურამ გამეზარდაშვილმა.

ტყიბულში, 2018 წლის 5 აპრილს მომხდარი ტრაგედია არა ბუნებრივ მოვლენას, არამედ ადამიანურ ფაქტორებს უკავშირდება, - ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო ექსპერტების დასკვნაში, რომელიც საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის ინიციატივით ჩატარდა.

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების ინფორმაციით, მინდელის სახელობის შახტში, 5 აპრილს მომხდარი იმ ტრაგიკული შემთხვევის მიზეზების კვლევა 23-26 აპრილის პერიოდში, შრომის დაცვის სფეროში მაღალკვალიფიციური უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარდა.

შეგახსენებთ, 5 აპრილს, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ