"არ ვიცი ამ ჭორებს ვინ ავრცელებს, მაგრამ არანაირი დაძაბულობა არ გვაქვს" - რა ხდება ანრი ჯოხაძესა და სტეფანეს შორის?

"არ ვიცი ამ ჭორებს ვინ ავრცელებს, მაგრამ არანაირი დაძაბულობა არ გვაქვს" - რა ხდება ანრი ჯოხაძესა და სტეფანეს შორის?

"იქს-ფაქტორმა" ახალი სეზონი ჟიურის ოთხ წევრთან ერთად დაიწყო. თუმცა, ჯერ კიდევ შესარჩევ, ორი სკამის ტურში, პროექტს მეხუთე მენტორი შემოემატა.. ეპატაჟური, პროფესიონალი და როგორც მას ხშირად მოიხსენიებენ, "რეიტინგის გარანტი" ანრი ჯოხაძე კონკურსანტებთან ერთად "ბრძოლაში" ჩაერთო, თუმცა სამწუხაროდ, მოვლენები ისე განვითარდა, რომ ამჯერად, მომღერალი მხოლოდ ერთი მონაწილითაა წარმოდგენილი. მენტორებთან ურთიერთობასა და ზოგადად, ამ ტიპის კონკურსის მნიშვნელობაზე ანრის ვესაუბრეთ:

- ანრი, ამ სეზონზე "იქს ფაქტორს" მეხუთე მენტორად შემოუერთდით, რთული არ იყო უკვე დაწყებულ შოუში შემოსვლა?

- ჩემთვის ეს არანაირ სირთულესთან არაა დაკავშირებული, თუ მოგწონს საქმე, რომელსაც აკეთებ, მაშინ მნიშვნელობა არ აქვს, თავიდან იქნები მისი შემადგენელი ნაწილი თუ შუიდან. ამჯერად მოხდა ისე, რომ მეხუთე მენტორი გავხდი, თუმცა მანამდე, პროექტის დაწყების დღიდან ვიყავი ჟიურის წევრი და სიმართლე გითხრა, სხვაობას ვერ ვხედავ.

- როგორია კონკურსანტებთან მუშაობის პროცესი? ახალბედა, დამწყებმა მომღერლებმა სიმღერის გარდა, სხვა ბევრი ფაქტორი უნდა გაითვალისწინონ... ალბათ უზიარებთ გამოცდილებას..

- რასაკვირველია, როცა სცენაზე გადიხარ, უამრავი დეტალია გასათვალისწინებელი. შენ რომ ეს ყველაფერი გამოცდილი გაქვს, უკეთ უგებ კონკურსანტებს, ისინიც გისმენენ და ცდილობენ, გაიაზრონ, გაითვალისწინონ, რასაც ეუბნები... ამ მხრივ მაქსიმალურად ვცდილობ, გვერდით ვედგე მონაწილეებს და მათ ემოციურ ფონზე გარკვეულწილად მოვახდინო გავლენა, რომ საკუთარი თავის წარმოჩენა კიდევ უფრო უკეთ შეძლონ.

- კონკურსში ერთი მონაწილით ხართ დარჩენილი, როგორია თქვენი სტრატეგია ამჯერად?

- მე ძალიან ლიბერალურად ვუყურებ ყველაფერს. ეს არის კონკურსი, ვიღაც ერთი მონაწილით იქნება წარმოდგენილი, ვიღაცას შესაძლოა საერთოდ აღარ ჰყავდეს კონკურსანტი, მთავარი ისაა, რას წაიღებენ ეს ბავშვები აქედან და შემდეგ როგორ განავითარებენ საკუთარ თავს, როგორ იმუშავებენ და მოახერხებენ თუ არა იმ ყველაფრის შენარჩუნებას და გამოყენებას, რასაც "იქს ფაქტორი" აძლევთ. 3 თვის განმავლობაში, პრაიმ ტაიმში, ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი არხით როცა ხდება ასეთი მასშტაბის შოუს ჩვენება და ხარ ამ ყველაფრის მონაწილე, ბუნებრივია, პოპულარობის ზენიტში ხარ, მაგრამ სამწუხაროა, რომ პროექტის დასრულების შემდეგ, ხშირ შემთხვევაში ეს ყველაფერი იკარგება..

- ამ მხრივ ნამდვილად სამწუხარო გამოცდილება გვაქვს, რადგან კონკურსის გამარჯვებულები ხშირ შემთხვევაში ვერ ახერხებენ უფრო მეტის გაკეთებას, განვითარებას.. როგორ ფიქრობთ, რატომ?

- გეთანხმებით. ფაქტია, რომ ამ სამთვიანი პოპულარობისა და განვითარების შედეგ, კონკურსანტები ან გამარჯვებულები, თუ რამდენიმე გამონაკლისს არ ჩავთვლით, ვერ იმკვიდრებენ ადგილს და იკარგებიან. ძალიან მნიშვნელოვანია, ბევრი შრომა, სტილის მოძებნა, განვითარება.. შეიძლება, ადამიანმა კარგად შეასრულოს ქავერი, მაგრამ ამით მხოლოდ კლუბში იმღერებს და მორჩა.. ჩვენ რამდენიც არ უნდა ვიმღეროთ ქავერები, ამით ჩვენს სახელს ვერ დავტოვებთ, რადგან ვერანაირი ქავერი ვერ გადაწონის ორიგინალს, ეს უდავოა. მხოლოდ ამ მიმართულებით განვითარება არაა საკმარისია, ამასთან ერთად უნდა შეძლო საკუთარის, ქართულის შესრულება, აუცილებლად უნდა მოძებნო ის ადგილი და სტილი, რომელითაც შენ გახდები სრულყოფილი მომღერალი. ამას კი დიდი მონდომება და შრომა სჭირდება.

- ანრი, ლაივიდან ლაივამდე თუ გიწევთ მენტორებს ერთმანეთთან შეხვედრა, თუ უზიარებთ იდეებს, რჩევებს კონკურსანტებთან დაკავშირებით?

- პროდაქშენს იმდენად კარგად აქვს ყველაფერი დალაგებულ-მოგვარებული, ჩვენი მხრიდან ამ ტიპის ჩარევები კონკურსანტებთან მიმართებაში უკვე საჭირო აღარაა.

- გვეტყვით, თქვენი კონკურსანტის შემდეგ ვის გულშემატკივრობთ?

- მართლა მიჭირს გამორჩევა, მაგრამ გორის გოგონათა გუნდს ვგულშემატკივრობ ძალიან, თუმცა როგორ არ დავასახელო თამთა ხუხუნეიშვილი, ია ტომაში, რომელიც არაჩვეულებრივია, ლიკუნა თუთისანი. ნუ აი, არ ვიცი, მგონი მაინც ყველა ჩამოვთვალე, საუკეთესოები არიან.

- ლაივებზე ისე ჩანს, რომ თქვენ და სტეფანეს ხშირად განსხვავებული აზრები გაქვთ.. ამასთან, საუბრობდნენ თქვენსა და სტეფანეს შორის დაძაბულ ურთიერთობაზე, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ეს პირდაპირ ეთერში არ იგრძნობა..

- არ ვიცი ამ ჭორებს ვინ ავრცელებს, მაგრამ არანაირ დაძაბულობას ადგილი არ აქვს. რაც შეეხება აზრთა სხვადასხვაობას, ეს ბუნებრივია, ნემისმიერ საკითხზე, შეიძლება ორი ადამიანი სხვადასხვაგვარად ფიქრობდეს... ვიღაცას შეიძლება მეტად ეთანხმებოდე, ვიღაცას - ნაკლებად, თუმცა ეს არანაირ უთანხმოებას არ ნიშნავს.

- ჩვენ ვისაუბრეთ პროექტზე, კონკურსანტებზე, გამარჯვებულებზე და მათ მომავალ ბედზეც... ყველაფერი ამის გათვალისწინებით დასასრულს გვითხარით, რას გვაძლევს და რა მნიშვნელობა აქვს მსგავს პროექტებს?

- პირველ რიგში, ეს არის ერთგვარი ტრამპლინი ახალი თაობისთვის. გარდა ამისა, მსოფლიო დონის პროექტი, სადაც ისმის კარგი მუსიკა, ეს მაყურებლისთვის საჭირო და აუცილებელია.. მიუხედავად ამისა, არსებობს სკეპტიკურად განწყობლი ხალხი, ვინც ამბობს, რომ ეს საქართველოა და აქ მაინც არაფერი გამოდის.. სწორედ ასეთებმა უნდა იცოდნენ, რომ თუ მოვინდომებთ აქაც ყველაფერი გამოდის, მთავარია სურვილი და შრომა, შედეგად კი ვიღებთ საოცარი მასშტაბისა და ხარისხის შოუს.

ციცი ომანიძე

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ