"ქუჩის ბიჭების" წევრის ზურა ხაჩიძის ინფორმაციით, ირაკლი ნოზაძის დაჭრაში სავარაუდო დამნაშავეები დაკავებულები არიან. ამის შესახებ ხაჩიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"როგორც გავიგე, ორი გოგონაა დაკავებული. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია სათვალთვალო კამერის ჩანაწერები. სხვა ინფორმაცია, მოტივის შესახებ, არ მაქვს" - აღნიშნა ხაჩიძემ.
ჯგუფ "ქუჩის ბიჭების" წევრი, მომღერალი ირაკლი ნოზაძე დღეს საღამოს დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა წერეთლის გამზირზე, მესამე კორპუსთან მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ნოზაძე, სავარაუდოდ, ორმა გოგომ დაჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ნოზაძე ამჟამად ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფება. მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას კლინიკის ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის განყოფილების უფროსმა ნიკა ქარცივაძემ განაცხადა, ამ დროისთვის პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.
ნახეთ ვიდეო: "როგორც ვიცი, დააკავეს" - ზურა ხაჩიძე ირაკლი ნოზაძის დაჭრის ახალი დეტალებით