"მსგავსი რამ პასუხისმგებლიან ქვეყანაში რომ ხდებოდეს, საგანგებო რეჟიმი გამოცხადდებოდა" - ეკა ლალიაშვილი ავარიების შემზარავი სტატისტიკის მიზეზებზე

"მსგავსი რამ პასუხისმგებლიან ქვეყანაში რომ ხდებოდეს, საგანგებო რეჟიმი გამოცხადდებოდა" - ეკა ლალიაშვილი ავარიების შემზარავი სტატისტიკის მიზეზებზე

წინა წელთან შედარებით ავტოავარიების მზარდი ტენდენცია შეინიშნება, - ამის შესახებ "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ასეთი რამ რომ პასუხისმგებლიან ქვეყანაში ხდებოდეს, პრემიერ-მინისტრის სპეციალური დავალება იქნებოდა გაცემული და გაზრდილი ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზების ძიება დაიწყებოდა.

"წინა წელთან შედარებით ავტოავარიების მზარდი ტენდენცია შეინიშნება. ბოლო დროს გვესმის საგზაო შემთხვევების შესახებ, რომელში დაზარალებული არა ერთი და ორი, არამედ ათეულობით ადამიანია. დამერწმუნეთ, მსგავსი შემთხვევა პასუხისმგებლიან ქვეყანაში რომ ხდებოდეს, რომელიც საგზაო უსაფრთხოებაზე ზრუნავს, აუცილებლად საგანგებო რეჟიმი გამოცხადდებოდა, დაიწყებოდა მიზეზების ძიება და პრემიერ-მინისტრის სპეციალური დავალება იქნებოდა გაცემული. ჩვენს შემთხვევაში ეს არის თითქოს ჩვეულებრივი ამბავი. ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები, საქმე აღიძვრება 276-ე მუხლით და სამწუხაროდ აღარ ვიცით შედეგები, რას აკეთებს ხელისუფლება იმისთვის, რომ მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდეს.

ე.წ. საგზაო შემთხვევების სეზონი იწყება. ზაფხულის პერიოდი არის გახშირებული ავტოავარიების პერიოდი, როდესაც გზებზე გადაადგილება ხშირდება და ინტენსიური ხდება ავტოსაგზაო შემთხვევებიც. ამიტომ, ამისთვის სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს სამზადისი, რომ აღკვეთილ იქნეს მსგავსი შემთხვევები", - განაცხადა ლალიაშვილმა.

"საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარემ აუდიტის ბოლო თვეების დასკვნაზეც ისაუბრა. როგორც ლალიაშვილმა აღნიშნა, აუდიტის კვლევა აჩვენებს, რომ მძღოლებს ბოლო პერიოდში იმის განცდა გაუჩნდათ, რომ მათი დარღვევები არ კონტროლდება.

ლალიაშვილი პრესკონფერენციაზე წეროვანთან გუშინ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასაც შეეხო, რომლის დროსაც 18 ადამიანი დაშავდა, 1 კი გარდაიცვალა. მისი თქმით, სატრანზიტო გადაზიდვების დროს მნიშვნელოვანია, რომ მძღოლს დასვენების რეჟიმი დაცული ჰქონდეს, რაც საქართველოში არ კონტროლდება და ეს უცხოელმა მძღოლებმა იციან.

"იკვეთება ავტოსაგზაო შემთხვევების ახალი ფაქტორები. ბოლოს წეროვანთან მომხდარ ავარიაზე გაჟღერდა ხმები, რომ ეს იყო ტრაილერის მძღოლის ჩაძინების და გადაღლილობის შედეგი. მნიშვნელოვანია, რომ სატრანზიტო გადაზიდვების დროს მძღოლს ჰქონდეს მუშაობის და დასვენების რეჟიმი დაცული, რაც რეგლამენტით არის გაწერილი. ჩვენს შემთხვევაში სამწუხაროდ ძალიან დაბალია გაკონტროლების დონე და ეს უცხოელმა მძღოლებმაც იციან“, - განაცხადა ლალიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, გომბორის გზაზე რამდენიმე კვირის წინ მომხდარი ავარიის მონაწილე სამარშუტო ტაქსს 2016 წლის მერე არ ჰქონია ტექინსპექტირება გავლილი.

„მძღოლები, რომლებიც მუდმივად არღვევენ საგზაო მოძრაობის წესებს, მათ უნდა ემუქრებოდეთ პატიმრობა. უბრალოდ, ჩვენი კანონის ხარვეზი არის ის, რომ ადმინისტრაციულიდან ვერ გადავდივართ სისხლის სამართლის კოდექსზე თუ დაღუპვის ფაქტი არ დაფიქსირდა," - აღნიშნა მან.

როგორც ლალიშვილმა განაცხადა, დამონტაჟებული ე.წ. ჭკვიანი კამერების რაოდენობა ძალიან მცირეა და მათი ნაწილი არ მუშაობს.

"ე.წ. ჭკვიანი კამერებისა და უკონტაქტო პატრულის თემა შარშან გაჟღერდა. ჩვენ მოლოდინი გვქონდა, რომ რამდენიმე ათასი „ჭკვიანი კამერა“ დამონტაჟდებოდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ კამერების რაოდენობა არის ძალიან მცირე და ზოგი მათგანი არც მუშაობს. ჩვენ გვაქვს ბოლო ინფორმაცია, რომ ეს კამერები შეძენილია, თუმცა მათი დამონტაჟების პროცესი დროში ჭიანურდება," - აღნიშნა მან.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ