დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აძლევს

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აძლევს

ზაფხულის ცხელ დღეებში იმატებს, როგორც ინფექციური დაავადებების გავრცელების, ასევე სითბური ტალღის ზემოქმედებით გამოწვეული რისკები, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, მაღალი ტემპერატურით გამოწვეული მთავარი რისკებია:

  • დეჰიდრატაცია
  • გადახურება
  • სითბური გამოფიტვა
  • სითბური დაკვრა

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, სიცხე განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, მოხუცებისა და ქრონიკული დაავადების (გულსისხლძარღვთა და სუნთქვასთან დაკავშირებულიპრობლემების) მქონე პირებისთვის. ძლიერმა სიცხემ შეიძლება გამოიწვიოს გულისცემის გახშირება და სუნთქვის გაუარესება.

"მოერიდეთ თაკარა მზეზე ყოფნას. თუ ეს აუცილებელია, მაშინ უნდა გეცვათ ღია ფერის ტანსაცმელი, გეხუროთ ქუდი და რაც შეიძლება მცირე ხანი გაჩერდით გარეთ. ეცადეთ, რომ სახლში და სამუშაო ადგილზე ტემპერატურა შეინარჩუნოთ 23-28 გრადუსის ფარგლებში. მიიღეთ 1.5-დან 2.5 ლიტრამდე სითხე", - განაცხადა გამყრელიძემ. მისი ინფორმაციით, მეორე მთავარი რისკი ინფექციური დაავადებების გავრცელების საშიშროებაა.

"ესენია ძირითადად დიარეებით მიმდინარე დაავადებები. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს დაბინძურებული წყლითა და საკვებით. ასევე, ხშირია სხვადასხვა ტოქსიკო-ინფექციები ანუ საკვებით მოშხამვები. ამიტომ, თუ არ ვართ წყლის ხარისხში დარწმუნებული, აუცილებლად უნდა გადადუღდეს და ისე იქნეს მიღებული. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო მალფუჭებადი საკვების და კრემიანი ნამცხვრების მიმართ.

ამასთან, გადამდები დაავადებების პრევენციისთვის ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ჰიგიენური პირობების დაცვა. ამ თვალსაზრისით ბევრი რეკომენდაციაა, მაგრამ მთავარი გახლავთ ხელის ხშირად დაბანა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას სიცხისთან გასამკლავებლად ურჩევს:

- საცხოვრებელ სახლებში ტემპერატურა არ აღემატებოდეს დღისით 32 გრადუსს, ღამით კი 24 გრადუსს;

- მთელი ღამის განმავლობაში ფანჯრები იყოს ღია;

- ჩამოკიდეთ სველი პირსახოცები, რაც სახლს გაგრილებასთან ერთად, დაატენიანებს;

- მოერიდეთ მაღალინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას;

- მიიღეთ გრილი შხაპი და გამოიყენეთ ყინულის პაკეტები;

- მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე;

- ატარეთ ღია ფერის, ნატურალური მასალის თავისუფალი ტანსაცმელი, ქუდი ან ქოლგა;

- გარუჯვისას გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემები.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ