ამ ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ ბინაში, ოჯახის წევრების მიერ ფარულად დამონტაჟებულმა ვიდეოსათვალთვალო კამერამ 6 თვის ტყუპ და-ძმაზე ძიძის ძალადობის მძიმე კადრები აღბეჭდა, რამაც მთელი ჩვენი საზოგადობა აღაშფოთა. მომხდარის თაობაზე მცირეწლოვნების დედამ პოლიციას შეატყობინა და გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, რომელიც ამ ოჯახში ძიძად 6 თვის განმავლობაში მუშაობდა, ბავშვებს სისტემატურად სცემდა. 47 წლის ქალს წინასწარი პატიმრობა უკვე მიესაჯა და ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ირინა ონაშვილი, მოდელი:
- ძიძების მიერ ბავშვებზე ძალადობის ფაქტები ძალიან მაშფოთებს. ამ დროს, პატარამ შესაძლოა დიდი ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღოს და არც კი ვიცი, რა ზომის სასჯელი შეიძლება იყოს საკმარისი, ასეთი ადამიანების დასასჯელად. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ჭკუას თუ ვერ ისწავლის, შესაძლოა, იგივე გაიმეოროს, თუმცა, თვითონ პრეცენდენტი, რომ დაისჯება, უკვე კარგია.
საზოგადოების ფონია რაღაცნაირი, ხალხი ძალიან გაღიზიანებულია და არ ვიცი, რა ხდება. ბევრს აქვს ნერვული აშლილობა. ალბათ, ცოტა გამართლებაზეცაა, როგორი ძიძა შეგხვდება და მაგალითად, მე, ქუჩიდან ვერ ავიყვან ადამიანს, თუ არ ვიცი, როგორი ოჯახი აქვს, მანამდე სად უმუშავია, იქ რამდენად კმაყოფილები იყვნენ, სხვა ბავშვებს როგორ ექცეოდა და ა.შ. თუმცა, ესეც ვერ გამორიცხავს კონკრეტულ სიტუაციაში ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ძალადობის ფაქტს. შეიძლება, გამოცდილ ადამიანსაც დაემართოს რამე. პირადად მე, კამერა არ მიყენია და ამაზე არც მიფიქრია, ჩემს ძიძას ვენდობი, სხვანაირი მენტალობის ადამიანია და ჩემამდე, ჩემს მეგობრებთან მუშაობდა.
არ ვიცი, კამერა რამდენად შეიძლება იყოს ბერკეტი იმისა, რომ ძიძა შიშის ქვეშ იქნება და ამის გამო, ნორმალურად მოიქცევა. ფსიქოს მოთხოვნაც კარგი იქნებოდა. ამ თემას სერიოზული განხილვა სჭირდება და სამწუხაროდ, ბევრი ფაქტია, რომლებიც გახმაურებული არ არის. ხშირად, მშობელი თვითონაც ძალადობს ბავშვზე ფიზიკურად იქნება ეს, თუ ემოციურად. აქედანაც რომ დავიწყოთ ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხი, ძალიან კარგი იქნებოდა. ზომები უნდა მივიღოთ, ამ პრობლემის გარშემო ყველა გავერთიანდეთ და კამპანიები წამოვიწყოთ. ბოლოს და ბოლოს, XXI საუკუნეა და ბავშვების ცემა-ტყეპა და ხელების ქნევა, ნორმალურად არ მიმაჩნია. განაგრძეთ კითხვა