"არ არის არც ბოტოქსი, აღარც კინო!" - რაზე წყდება გული ლაურა რეხვიაშვილს და როგორ აღიარეს ქართველი მსახიობი არგენტინაში საუკეთესო კომიკოსად

"არ არის არც ბოტოქსი, აღარც კინო!" - რაზე წყდება გული ლაურა რეხვიაშვილს და როგორ აღიარეს ქართველი მსახიობი არგენტინაში საუკეთესო კომიკოსად

მსახიობმა ლაურა რეხვიაშვილმა ბოლო პერიოდში გასაკუთრებული პოპულარობა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" შესრულებული კოლორიტური პერსონაჟის - ეგონა გუნავას განსახიერებით მოიპოვა.

ვიდრე ეგონას "თავი არ წეიქციო" ყველასთვის ნაცნობი ფრაზა გახდებოდა, ლაურა რეხვიაშვილის მიერ გიორგი შენგელაიას საკულტო ფილმში - "სიყვარული ყველას უნდა" განსახიერებული გმირის რეპლიკებით ლაპარაკობდა მთელი საქართველო. ლაურა რეხვიაშვილს ინტერვიუსთვის მის მშობლიურ "კინომსახიობთა თეატრში" შევხვდი. თეატრში, რომლის სცენაზეც რამდენიმე ათეული წელია დგას და სადაც მისმა პედაგოგმა, მიხეილ თუმანიშვილმა მოიყვანა.

თეატრში შესვლამდე, თუმანიშვილის ძეგლის დანახვისას მისი წიგნის სათაური გამახსენდა - "სანამ რეპეტიცია დაიწყება", თუმცა ეს ის დროა, როცა რეპეტიცია კარგა ხნის დასრულებულია, თეატრში სიჩუმეა, სცენა ცარიელი. ვხვდები ქალბატონ ლაურას, რომელიც მის პირად ფოტო-არქივს მაჩვენებს, ჩვენც ქრონოლოგიურად მივყვებით მისი ცხოვრებისა და შემოქმედების გზებს. ერთმანეთს ცვლის კადრები სხვადასხვა ფილმებიდან, 1980 წელს გამოსული გიორგი შენგელაიას ცნობილი კომედიის გვერდით არის ფოტოები ფილმებიდან: "ზოგი ჭირი მარგებელია", "რობიზონიადა ანუ ჩემი ინგლისელი პაპი", გოდერძი ჩოხელის "ბაკურხეველი ხევსური", რომელსაც მსახიობი განსაკუთრებული სითბოთი იხსენებს და ამბობს, რომ ჩოხელი მისთვის გამორჩეული შემოქმედი იყო.

სპექტაკლი "ახალგაზრდა გვარდიის სახელით", 1975 წელი

ვსაუბრობთ ფილმებზე, რომლებსაც უცნაური ბედი დაჰყვათ, მაგალითად ჯორჯაძე - კვირიკაძის ფილმი "ფოსტალიონი", სამწუხაროდ მსახიობსაც კი არ უნახავს კარგა ხანია, არადა ამ ფილმში ლაურა რეხვიაშვილი პარტნიორობას რამაზ ჩხიკვაძეს უწევს. ეს არის ის ფილმები, სადაც ნახავთ ლაურა რეხვიაშვილს, ამ კინოფილმებმა არათუ ვერ ამოწურეს მსახიობის შინაგანი მარაგი, არამედ მისი ნახევარიც კი ვერ აჩვენეს. ქალბატონი ლაურა იუმორით იხსენებს "კინომსახიობთა თეატრის" მსოფლიო ტურნეს, როცა მსოფლიოს დედაქალაქების ქუჩებში ხალხი ჩერდებოდა და უყურებდა მომხიბვლელ მსახიობს...

მისთვის საეტაპო მნიშვნელობა ჰქონდა მოკარნახის როლს მიხეილ თუმანიშვილის სპექტაკლში "დონ ჟუანი", მოლიერის ნაწარმოებში ასეთი პერსონაჟი არ არის, რეჟისორმა სპეციალურად ლაურა რეხვიაშვილისთვის მოიგონა ეს პერსონაჟი. ამ როლმა მას მსოფლიო აღიარება მოუტანა.

- ქალბატონო ლაურა, მიგაჩნიათ რომ "დონ ჟაუნში" მოკარნახის როლი საეტაპოა თქვენს სამსახიობო კარიერაში?

- რასაკვირველია, "დონ ჟუანით" ავიდგი ფეხი, ეს იყო ჩემი ტრამპლინი, ასე ვთქვათ. არ დარჩენილა ქვეყანა, რომელმაც იცის ხელოვნება რა არის, რომ ჩვენ მიწვევა არ გვქონოდა. მსოფლიოს ყველა აღიარებულ ფესტივალზე ნათამაშები გვაქვს ეს სპექტაკლი და იყო თავდაუზოგავი, ისტერიული მოთხოვნა, იმ შავი და ბნელი კომუნისტების დროს. ეჭვი არ მეპარება, რომ ფესტივალები ახლაც დაინტერესებული არიან, უბრალოდ, ასეთი სპექტაკლები აღარ არსებობს.

- დღეს რომ აღარ იდგმება ასეთი სპექტაკლები ამის მიზეზად რას მიიჩნევთ?

- იმიტომ რომ ძალიან გაბითურდა და დაიკარგა ამ დარგის ღერძი, ყველაზე მნიშვნელოვანი ცოდნა, რასაც გარდასახვის ხელოვნება ჰქვია, ეს იმდენად რთულია, როგორც ნებისმიერი ქირურგიული ჩარევა, გადანერგვა და ა.შ ვინაიდან ასეთი რთულია ეს ყოველივე, ამიტომ იოლი გზა აირჩიეს ამ დარგში მოღვაწე დღევანდელმა რეჟისორებმა და მსახიობებაც, ცოტათი შეაპარეს სხვა ესთეტიკა, რაც პირადად ჩემთვის არის მიუღებელი, იმიტომ რომ მე ვიცი რატომ შეეპარათ ეს სიო.

გარდასახვის თეორიის შემსრულებლები აღარ არიან, რეჟისორები ვისაც გარდასახვის თეორია ზედმიწევნით ეცოდინებათ. არტისტები უფრო არიან ასეთები, რადგან არტისტიზმი თვითონ ერშია, არტისტიზმი და შემოქმედების უნარი. ეს დამტკიცებული გვაქვს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის მარაგით. კულტურა მხოლოდ ცეკვა და სიმღერა არ არის, თუმცაღა სხვანაირად ვროკავთ, სხვანაირად ვღიღინებთ, ნოტებს შუა ვღიღინებთ, როცა გურულ კრიმანჭულს ვისმენთ. ქართულ მრავალხმიანობაზე არაჩვეულებრივად თქვა სტრავინსკიმ. ზუსტ ციტირებას ვერ მოვახდენ, მაგრამ ასე თქვა - რომ არაფერი ადამიანის მოდგმას იმაზე დიდი არ შეუქმნია, ვიდრე ქართული ხალხური სიმღერა.

ეს მოცემულობაა, ერი მღერის, ცეკვავს, პოეზიას ქმნის, ღვინოს წურავს, სამნაირად წერს და ა.შ მაგრამ ეს ყოველივე ჯერჯერობით არავინ ბიზნესად არ აქცია, რომ ერთხელ მაინც დაფინანსებულიყო სერიოზული კინოპროექტი. აუცილებლად უნდა მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსება, კინო თავის თავს თვითონ ვერ დაიფინანსებს ამ ქვეყანაში. უნდა გაკეთდეს სერიოზული კინოპროექტი, სადაც გამოჩნდება ჩვენი შემოქმედებითი პოტენციალი. იქნებ ავწიოთ მსოფლიოში ყველაზე თამამად, ადვილად ჩვენი დროშა და მივიქციოთ მსოფლიოს ყურადღება.

სპექტაკლი "დონ ჟუანი"

1980-იან წლებში მსოფლიო თეატრის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო მიხეილ თუმანიშვილის "დონ ჟუანი", ათეულობით რეცენზიაში რომელიც სპექტაკლის შესახებ მსოფლიო პრესაში დაიბეჭდა, ლაურა რეხვიაშვილის მისამართით უმაღლესი შეფასებები გაკეთდა. მსოფლიოში სახელგანთქმული არგენტინელი კრიტიკოსი ხაიმე პოტენზე ბუენოს-აირესში "კინომსახიობთა თეატრის" გასტროლებისას დაწერილ რეცენზიაში აღფრთოვანებას ვერ მალავდა ლაურა რეხვიაშვილის მიმართ, ის აღტაცებული იყო მოკარნახის პერსონაჟით, რომელიც მოლიერის "დონ ჟუანში" არ არის, მაგრამ სპექტაკლისთვის იმდენად ორგანულია, რომ თვით მოლიერსაც აღაფრთოვანებდა. პოტენზე ლაურა რეხვიაშვილის შესახებ ამბობდა, რომ "ის საუკეთესო კომიკოსია, ვისაც კი ფეხი დაუდგამს არგენტინის მიწაზე". იმ ათეულობით სტატიაში, რომელიც "დონ ჟუანის" მოგზაურობას მოჰყვა განსაკუთრებულ აღნიშვნას ზურაბ ყიფშიძის, ამირან ამირანაშვილისა და ლაურა რეხვიაშვილის პერსონაჟები იმსახურებდნენ.

დღეს ლაურა რეხვიაშვილი განსაკუთრებულ აქცენტს ამ რეცენზიებზე არ აკეთებს, ალბათ იმიტომ რომ როცა ამ აღიარების შემდეგ ახალი როლების შესაქმენლად იწყებდა მზადებას, ამ ტრიუმფს მალევე საბჭოთა კავშირის დანგრევასთან ერთად კინოს მთელი სისტემის ჩამოშლა და ქვეყანაში მდგომარეობის იმგვარი ცვლილება მოჰყვა, რომ თეატრი და კინო პრიორიტეტებს მიღმა აღმოჩნდა. თუმცა, დღემდე სიამოვნებით იხსენებს, როგორ ხვდებოდნენ ქართულ დასს სხვადასხვა ქალაქებში:

"მახსოვს ლენინგრადში ვართ და ვემზადებით გასაფრენად ინგლისში, საიდანაც ჯერ ავსტრალიაში, ხოლო შემდეგ ზელანდიაში გვაქვს სპექტაკლები. ლენინგრადში ეროვნულ ბიბლიოთეკას ჩავუარეთ გვერდით და წიგნები გადმოგვიყარეს ფანჯრებიდან, რომლებსაც ეწერა რომ გვჩუქნიდნენ, როგორც უნიჭიერეს ადამიანებს, დასს. არც ვიცი როგორ გაიგეს რომ ჩვენ ვიყავით, ვინც მივდიოდით ქუჩაში ჟრიამულით და სიცილით, მაშინ ხომ მობილური არ იყო და ვერ დაურეკავდნენ და შეატყობინებდნენ ერთმანეთს. ალბათ ხმა გავრცელდა. ლენინგრადის თეატრში, სადაც ჩვენ გვქონდა სპექტაკლი, იქ იყვნენ მსახიობები - ნამდვილი მხეცები, ბასილაშვილიდან დაწყებული, ლებედევი და მრავალი სხვა ამ რანგის მსახიობი, რომლებიც შემოდიოდნენ და კანკალებდნენ, რომ გვილოცავდნენ ისეთი ემოცია ჰქონდათ. სწორედ მაშინ ითქვა იქ, რომ ეს არის დასი, რომელსაც ჰყავს ისეთი მაესტრო, თუ მოუნდება ტელეფონების წიგნსაც კი პიესად აქცევსო. ყველა ქვეყანაში სადაც ჩავდიოდით მთავრობა გხვდებოდა და ჩვენი ჩასვლა იყო მოვლენა. როცა მთავრდებოდა სპექტაკლი, ხალხი არ მიდიოდა და საათობით გველოდებოდა, უნდოდათ რომ პირადად მოსულიყვნენ და მოელოცათ" - იხსენებს რეხვიაშვილი.

დღეს ის დაკავებულია, როგორც სერიალში, ასევე მის მშობლიურ თეატრში და ექსკლუზიურად გაგვიმხილა, რომ თუმანიშვილის თეატრში ახალ როლზე მუშაობს - მაყურებელს სულ მალე შესთავაზებენ დეტექტივს "იდეალური მკვლელობა", რომლის რეჟისორიც ნინო შოთაძეა და მთავარ როლს ლაურა რეხვიაშვილი ასრულებს.

ამბობს, რომ როდესაც "ჩემი ცოლის დაქალებიდან" ჰქონდა შემოთავაზება, მთავარი რითაც მოიხიბლა, ეს მისი გმირის სახელი იყო - ეგონა. დაფიქრდა, რომ საინტერესო იქნებოდა ამ ქალის თამაში. გაგვიმხილა ისიც, რომ თითქმის ყველა ქართული სერიალიდან ჰქონია სხვადასხვა დროს შემოთავაზება, მაგრამ ყველაფერზე უარს ამბობდა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ კინოს ელოდებოდა, კინომ კი ძალიან დააგვიანა.

მსახიობი თეატრთან ახლოს ცხოვრობს, იმდენად ახლოს, რომ გზას სახლიდან თეატრამდე ყოველდღიურად ფეხით გადის, ინტერვიუს შემდეგ ამ გზას ერთად მივყვებით და ღიმილით მეუბნება, რომ არ არის შემთხვევა გზის ეს მონაკვეთი აღმაშენებლის გამზირზე ისე გაიაროს, რომ არ გააჩერონ, კომპლიმენტი არ უთხრან და "სელფი" არ გადაიღონ. ბოლოს ამბობს, რომ ძალიან ენატრება მხატვრულ ფილმში გადაღება:

"მენატრება ფილმში გადაღება თავისი მხატვრული განათებით, ახლო, საშუალო და მსხვილი ხედებით, ძალიან მიყვარს კადრი როცა ახლო ხედზე, ყოველგვარი სიტყვის გარეშე მიმიკებით და გამომეტყველებით თამაშობ, სხვათაშორის ამის გამო ვთქვი ესთეტიკური მედიცინის ამბებზე უარი, ბოტოქსიც ამიტომ არ გავიკეთე, რომ ეს ყველაფერი, ეს მიმიკა მქონოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში რა გამოვიდა? არ არის არც ბოტოქსი და აღარც კინო!" - ამბობს ლაურა რეხვიაშვილი.

ავტორი: ზაურ მირიანაშვილი

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს